Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და „პოლიტპატიმრების“ შეწყალებაზე, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებასა და რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ოპოზიციური ლიდერების შეწყალება

19 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტება.

ზურაბიშვილის განცხადებით, მან საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ქართული ოცნების ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს წინასწარ აცნობა.

პრეზიდენტის ეს განმარტება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეწინააღმდეგება, რომელმაც თქვა, რომ მმართველ პარტიაში სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

პრეზიდენტმა  მის ამ გადაწყვეტილებაზე ბიძინა ივანიშვილის ან ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენლის გავლენა კატეგორიულად აურყო და თქვა: „ეს არ არის ემოციური [ან] სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“.

ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მან შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება 8 მარტის შეთანხმების გარშემო არსებული დაპირისპირების დასასრულებლად, „დამოუკიდებლად“, როგორც ქართული პოლიტიკის „ნეიტრალურმა“ არბიტრმა მიიღო.

„კოვიდ-19-ის [პანდემიის ფონზე], ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან უმტკივნეულოდ გამოსვლა გვჭირდება, რა პირობებშიც, [შესაძლოა], დაძაბულობა და მცდელობა არეულობის ათმაგად დაგვიბრუნდეს“, – აღნიშნა მანვე.

სალომე ზურაბიშვილმა „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ შესახებ ამერიკელი სენატორების განცხადებაც შეაფასა და თქვა, რომ ისინი ადგილობრივი კონტექსტის შესახებ „ცუდად ინფორმირებულები არიან“. მანვე საკითხის შეფასებისას, ყველა მხარეს „თავშეკავების“ გამოხატვისკენ მოუწოდა.

კოვიდ-19 და მართლმადიდებლური ეკლესია

სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი წინამძღოლის ილია II-ის მიმართ პატივისცემას გაუსვა ხაზი.

თუმცა, პრეზიდენტმა მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან კოვიდ-19-ის ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს „აბსოლუტურად მიუღებელია“.

„[მსგავსი განცხადებები) არ შეიძლება. ეს უკვე არის ჩარევა იმაში, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია და ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგები“, – თქვა პრეზიდენტმა.

უკრაინასთან ურთიერთობა

სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნაზეც ისაუბრა.

ამ კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა სრულად მოიწონა საკითხზე ქართული მხარის რეაქცია, მათ შორის, კონსულტაციებისთვის უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევაც.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ორმხრივი სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და დასძინა, რომ უკრაინა ამ გადაწყვეტილებამდე მეტად უნდა დაფიქრებილიყო.

„არაინფორმირება და არ გავლა ამ საკითხის ჩვენთან, იყო არადიპლომატიური“, – დასძინა პრეზიდენტმა.

პირისპირ დიალოგი რუსეთთან

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ფედერაციასთან პირისპირ დაილოგის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ, ზოგადად, იგი დიალოგის მომხრეა, თუმცა მისივე შეფასებით, „დიალოგი დიალოგისთვის გამოსავალი არასდროს ყოფილა“.

მანვე დასძინა, რომ რუსეთთან პირისპირ დიალოგისთვის შესაბამისი „გარემოება“ უნდა არსებობდეს. „დღეს ეს სიტუაცია არ არსებობს“, – თქვა პრეზიდენტმა.

რუსეთთან პირისპირ დიალოგის კონტექსტში, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მსახურობის პერიოდი (2004-2005) და ჩრდილოელ მეზობელთან საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმება გაიხსენა.

მისივე თქმით, ეს „ჩვენს ისტორიაში ერთადერთი შეთანხმება [იყო], რომელსაც რუსეთი [ბოლომდე] გაჰყვა და მისი პირობები არ დაარღვია“. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს იყო შედეგი პირდაპირი დიალოგის“.

პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მან მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს მაშინ განუმარტა, რომ ის, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის ფარგლებში იქნებოდა ნათქვამი და შეთანხმებული, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს ეცოდინებოდათ.

„მიმაჩნია, რომ პატარა ქვეყანას დიდ ქვეყანასთან ასეთ მოლაპარაკებებში არ აქვს იმის ძალა, რომ მხოლოდ მის სიტყვაზე იყოს ყველაფერი აგებული. ეს უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე [პროცესი] და ასეც მოხდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button