ახალი ამბები

უკრაინამ საქართველოს ინტერპოლით ძებნილი და ტერორიზმში ბრალდებული მოქალაქე გადმოსცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინამ საქართველოს ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხასაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) გადმოსცა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის ნოემბერში დააკავა.

სუს-ის მიერ 17 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, სადაც „აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში“.

„მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილი 2019 წლის ნოემბერში პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის განმარტებით, ტოხოსაშვილის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც „ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს.“ აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button