Placeholder canvas
ფილოსოფოსის რვეული

ფილოსოფოსის თვალით: მოწყენილობა

სენეკა (4 ჩვ.წ.აღ-მდე – 65 ჩვ.წ.აღ)

სენეკას აზრით მოწყენილობა შეიძლება გვეწვიოს მოსვენებისას, ისევე, როგორც მოქმედებისას და იგი სულის მოუსვენრობის ნიშანია. როგორ ვიპოვოთ შვება? სენეკას აზრით სწავლა, პოლიტიკაში მონაწილეობა და მარტოობასა და ხალხთან ურთიერთობას შორის მონაცვლეობაა მოწყენილობის წამალი. “ორივე გამოდგება ამ მდგომარეობის წამლად. მარტოობა მიზანთროპიას შეასუსტებს, ხოლო საზოგადოებაში ყოფნა – მარტოობისაგან გამოწვეულ მოწყენილობას გაფანტავს.”


ბლეზ პასკალი (1623-1662)

ფრანგული “ennui”-ს საფუძველი ლათინური “inodium”-იაო მიგვითითებს პასკალი, რაც რაიმე “ოდიოზურს”, საზიზღარს აღნიშნავს. პასკალის აზრით მოწყენილობა ყოფიერების პარადოქსული შეგრძნებაა, რადგანაც არაფერია “ადამიანისათვის არაფერია უფრო ძნელად ასატანი, როგორც გარსართობის არქონა”, რის შედეგადაც ის გაიაზრებს თავის მდგომარეობას, “შეიგრძნობს საკუთარ არარაობას, მარტოობას, არასაკმარისობას, უსასოობას, სიცარიელეს.”


ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900)

მოწყენილობისათვის თვალის გასწორება ღირსეული საქმეაო, ფიქრობდა ნიცშე, რადგანაც მისი აზრით “ყოველი ძალისხმევის მომართვა მოწყენილობის გასაფანტად ვულგარულია ისევე, როგორც კმაყოფილების გარეშე მუშაობა.” ყოველი მომხვეჭელისათვის, რომელიც მოგებისათვის მუშაობს მოწყენილობა სასტიკი ჭირია. ხოლო დიადი სულის მქონე ადამიანს სძაგს ყოველი საქმე, რომელშიც მისი ვნება არაა ჩაქსოვილი. მისთვის მოწყენილობა საფუარია შემოქმედებისა და განსჯისათვის.


მარტინ ჰაიდეგერი (1889-1976)

ჰაიდეგერის აზრით, არსებობს მოწყენილობა განსაგნებული (მოსაწყენი წიგნი), დროით შემოსაზღვრული (მოსაწყენი საღამო) და არსებობს ღრმა მოწყენილობა, როდესაც ყოველივე “გულგრილობის განსაცვიფრებელ ნისლშია ჩაძირული.” როდესაც გასართობი არაფერი გვაქვსო, ამბობს ჰაიდეგერი, დროის მდინარების განცდაა, რომ გვთრგუნავსო.


ვლადიმერ იანკელევიჩი (1903-1985)

იანკელევიჩის თქმით დროის სამგვარი განცდა არსებობს: თავგადასავალი (დროის განცდა, რომელიც ვნებითაა აღძრული და მიმართულია მომავლისაკენ), მოწყენილობა (“ავადმყოფობა…რომლის დროსაც გვძაგს აწმყო”) და სერიოზულობა (შორით ხედვა, რომელშიც დროiს განცდას ვურიგდებით). “მოწყენილობით გამსჭვალული მარადისობის” წინააღმდეგ რომ ვიბრძოლოთ, კარგ თავგადასავალს არაფერი სჯობიაო, გვეუბნება იენკელევიჩი (და ჩვენც სიამოვნებით ვეთანხმებით).

Via
Philosophie Magazine
პირველწყარო
Ennui

მსგავსი/Related

Back to top button