ახალი ამბები

„TI საქართველო“: თიბისის საქმეზე ფულის გათეთრების დასამტკიცებლად რაიმე საფუძველი არ არსებობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ (TIG) „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, „არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს“.

დოკუმენტი 14 მაისს გამოქვეყნდა და მასში დამოუკიდებელი ექსპერტის პოლინ დევიდის მიერ გაკეთებული ძირითადი მიგნებებია ასახული.

ექსპერტის თქმით, მან საქმეში ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა, რომელიც დაადგენდა: სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას; თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას ან მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.

პოლინ დევიდმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ფულის გათეთრება და ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაული განსხვავებული დანაშაულებია. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაამტკიცებს, ნებისმიერი მომდევნო ქმედება, მხოლოდ უკანონოდ მიღებული შემოსავლის გამოყენების და არა მისი გათეთრების ფაქტს გაამყარებს“, – წერს ექსპერტი.

პოლინ დევიდი აცხადებს, რომ „მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ჩადენის ფაქტი“.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას“, – აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედება რომც დამტკიცდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამ ფაქტზე ცალკე სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.

პოლინ დევიდი წერს, რომ „[საერთაშორისო] სასამართლოები გმობენ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირთა გასამართლების პრაქტიკას, მაშინ როდესაც სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება არ სცდება პრედიკატული დანაშაულის ფარგლებს“.

შეფასების დასასრულს, ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ „ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლის მიზნით პირის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებაა, რაც იმ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ყველა ბრალდებულის უფლებების დაცვას ითვალისწინებს“.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს, თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ფულის გათეთრების მუხლით წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი – მათ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება შეუზღუდა. მოგვიანებით სასამართლომ მათი საბანკო ანგარიშებიც დააყადაღა.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, რომელიც ტელეკომპანია პირველის მფლობელის მამაა, ბრალი ფულის გათეთრების სავარაუდო სქემაში მონაწილეობის გამო წარუდგინეს.

ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მათი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან ჩამოშორებას უკავშირებდნენ, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

მიმდინარე სამართლებრივი დევნის ფონზე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ – ჯერ თიბისი ბანკში, შემდეგ კი – ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოში დაკავებული პოსტები დატოვეს.

ამჟამად, ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლები და ლიდერები არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button