რესპუბლიკის ამბები

ბათუმის საკითხი სან-რემოს კონფერენციაზე

(საუბარი კონსტანტინე საბახტარაშვილთან)

გაზ. ერთობა, 1920 წლის 15 მაისი, N108

ბათუმის საკითხის შესახებ ჩვენი გაზეთის თანამშრომელს საუბარი ჰქონდა კონსტანტინე საბახტარაშვილთან, რომელიც ამ დღეებში დაბრუნდა იტალიიდან, სადაც ის საქართველოს რესპუბლიკის მისიას თავმჯდომარეობდა. კ. საბახტარაშვილი იყო აგრეთვე პარიზში და სან-რემოდან ის პირდაპირ საქართველოსკენ გამოემგზავრა. მის მიერ გადმოცემული ცნობები ბათუმის საკითხის შესახებ ფრიად საყურადღებოა და თან ახალი ჩვენი მკითხველებისათვის. ამ ცნობებიდან ჩვენი საზოგადოება ნათლად დაისახავს, თუ რა აფერხებს ამ დრომდე ბათუმის საკითხის გადაჭრას, ან რატომ იქცა ბათუმი და ბათუმის ოლქი, ეს უდაო ნაწილის აქართველოს ტერიტორიისა, სადავოთ და საერთაშორისო საკითხად.

-რა მდგომარეობაშია ამჟამად ბათომის საკითხი?

-ამ კითხვაზე კ. საბახტარაშვილმა შედეგი განაცხადა:

როგორც იცით, საკითხი ბათომის და ბათომის ოლქის შესახებ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინაშე დაისვა ორჯელ: ერთხელ ლონდონში და შემდეგ სან-რემოში. ლონდონში მოკავშირეთა უმაღლესი საბჭო შემდეგი აზრის იყო: მთელი ბათუმის ოლქი უნდა გამოყოფილიყო სამ ნაწილათ: თვით ქალაქი მცირედი ზონით უნდა გამოცხადებულიყო ინტერნაციონალურ ტერიტორიათ. ტერიტორია მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირიდან ვიდრე 1914 წლის საზღვრამდე უნდა გადასცემოდა სომხეთის რესპუბლიკას. ხოლო დანარჩენი ნაწილი ბათუმის ოლქის – საქართველოს. მარა ლონდონის კონფერენციის შემდეგ ეს საკითხი გადასინჯულ იქნა ჯერ კიდევ პარიზში და მერე სან რემოში. პარიზში მოკავშირეთა წარმომადგენლებმა საჭიროთ დაინახეს, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილიყო ამიერ კავკასიის სამივე რესპუბლიკის – საქართველოს, ადერბეიჯანის და სომხეთის – შეთანხმებით. რამდენიმეჯერ მოხდა პარიზშივე ამ რესპუბლიკათა დელეგაციების შეერთებული სხდომა. ხოლო სან-რემოში, სადაც მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს ჰქონდა სხდომები, ამ საკითხმა მიიღო უფრო კონკრეტული ხასიათი. სან რემოში წამოყენებულ იქნა შემდეგი ფორმულა: ქალაქი ბათუმი და მისი ოლქი გადავა საქართველოს სუვერენულ უფლებაში ი პირობით, რომ სომხეთის რესპუბლიკას უფლება ჰქონებოდა რკინის გზის გაყვანისა ბათუმამდე და ბათუმიდან 1914 წლის საზღვრამდე რიზესკენ. ამ რკინის გზას უნდა გაევლო ჯერ ჭოროხის მარცხენა ნაპირზე, შემდეგ უნდა გადასულიყო მარჯვენა ნაპირზე ბათუმთან შესაერთებლათ. ეს რკინის გზები საჭირო ზონითურთ უნდა აღიარებულიყო უდაოთ სომხეთის რესპუბლიკის სრულ საკუთრებაში. ამგვარათ იყო საკითხი დასმული სომხეთის დელეგაციისაგან სან-რემოში ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკათა წარმომადგენლების თათბირზე, რომელიც მოწვეული იყო მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წარმომადგენელის მიერ.  უმაღლეს საბჭოს წარმომადგენელმა სომხეთის დელეგაციის ხსენებულ მოთხოვნას აღნიშნულ თათბირზე მხარი დაუჭირა ულტიმატუმის სახით. მოითხოვა რა ამ პროექტის მიღება საქართველოს დელეგაციისაგან. საქართველოს დელეგაციამ, რა თქმა უნდა, კატეგორიული უარი განაცხადა ასეთი პროექტის მიღებაზე, ვინაიდან ამ პროექტის მიღება მოასწავებდა სამუსლიმანო საქართველოს და მით მთელი საქართველოს რესპუბლიკების ინტერესების შებღალვას; ის კვეცდა საქართველოს  სუვერენულ უფლებას მთელ ბათუმის ოლქზე, სრულიად არ უწევდა ანგარიშს ადგილობრივ პირობებს და მით აუტანელ მდგომაროებაში აგდებდა მთელ ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმანობას. საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ ის მხედველობაში ღებულობს სომხეთის ინტერესებს, თვით საქართველო გაიყვანს საჭირო რკინის გზას და, რა თქმა უნდა, სომხეთის რესპუბლიკას მისცეს საშვალებას ამ სკოლის გზით სარგებლობისას. ადერბეიჯანის დელეგაციაც დაეთანხმა საქართველოს დელეგაციიის მოსაზრებას. სომხეთის დელეგაციამ კი ამაზე განაცხადა შემდეგი: თუ სომხეთის დელეგაციის პროექტი მიღებული არ იქნება, მაშინ ის გაცილებით უფრო მეტს მოთხოვნას წარადგენს ბათუმის ოლქის შესახებ

-მაშასადამე ბათომის საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია?

ასეთ მდგომარეობაში იყო ბათომის საკითხი 26 აპრილამდე, როცა მე გამოვედი სან-რემოდან. უმაღლესმა საბჭომ შესწყვიტა იქ თავისი სხდომები და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ უმაღლეს საბჭოს შემდეგ სხდომამდე ეს ფრიად მნიშვნელოვანი და ჩვენი რესპუბლიკის საარსებო საკითხი გადაუწყვეტელი რჩება.

-სჩანს, რომ ბათომის საკითხს ამწვავებს სომხეთის რესპუბლიკის მოთხოვნილება.

-როგორც ნათქვამიდან სჩანს, სომხეთი ბათუმსა და მის ოქმზე დიდ პრეტენზიებს აცხადებს და ეს გარემოება, სამწუხაროთ, ბათომის საკითხის გადაჭრას მეტის მეტად ართულებს. თქვენ, ეჭვი არ არის, ხელთ გაქვთ ნათქვამის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთები.

-რა თქმა უნდა, ამის ოფიციალური საბუთები ხელთ მაქვს, რაც წარედგინა საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და რაც  უეჭველია, თავის დროზე გამოქვეყნებული იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button