Placeholder canvas
ახალი ამბები

Gilead-ი კოვიდ-19-ის სამკურნალოდ პრეპარატ რემდესივირს საქართველოსაც მიაწვდის

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ანტივირუსული პრეპარატის – „რემდესივირის“ წარმოებისთვის ხუთ მწარმოებელთან სალიცენზიო შეთანხმებებს მოაწერა ხელი. პრეპარატი მსოფლიოს 127 ქვეყანაში გავრცელდება, მათ შორის, საქართველოშ.

შეთანხმებებს ხელი შემდეგმა კომპანიებმა მოაწერეს: Cipla Ltd., Ferozsons Laboratories, Hetero Labs Ltd., Jubilant Lifesciences და Mylan.

„პრეპარატის მიმღებ ქვეყნებს შორისაა თითქმის ყველა დაბალშემოსავლიანი და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი, ასევე რამდენიმე საშუალოზე მაღალი და მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის წვდომაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებები არსებობს“, – განაცხადა Gilead-მა 12 მაისს.

„ლიცენზიები უსასყიდლოა მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებას არ გამოაცხადებს, ან სანამ არ შეიქმნება ფარმაცევტული პროდუქტი, რემდესივირის გარდა, ან ვაქცინა კორონავირუსის სამკურნალოდ ან პრევენციისთვის“, – აღნიშნა Gilead-მა.

პრეპარატ „რემდესივირს“ 1 მაისს კორონავირუსის სამკურნალოდ აშშ-ში ავტორიზაცია მიენიჭა, რაც საშუალებას იძლება, რომ ის აშშ-ში კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის გამოიყენონ. Gilead-მა აღნიშნა, რომ დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, პრეპარატი, 5 ან 10 დღიანი მკურნალობისთვის უნდა გამოიყენონ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, „რემდესივირს“ ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სოლიდარობის კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ, რისთვისაც შესაბამისი ტრენინგები უკვე მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოს გარდა, „მთავარი მკვლევარი“ კიდევ ის 6 კლინიკა იქნება, რომლებიც „კოვიდ პაციენტებს მართავენ“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ამ პრეპარატის გამოყენების ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყნად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელების გამო შეარჩიეს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ 30 აპრილს იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც Gilead-ისგან „რემდესივირს“ მიიღებს.

საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც 2015 წელს დაიწყო, კომპანია Gilead-ის მიერ იყო თანადაფინანსებული. მაშინ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ Gilead-თან ქვეყნის მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკულ კომპანიას ანტივირუსული პრეპარატის მოწოდების თხოვნით პირდაპირ მიმართა.

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button