Placeholder canvas
ახალი ამბები

მთავრობამ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

საქართველოს მთავრობამ 300 მილიონი ლარის ღირებულების ანტიკრიზისული პროგრამა წარადგინა, რომელიც ფერმერებს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება.

12 მაისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პროგრამის პრეზენტაციის დროს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობის სურს, რომ 200 000-მდე ფერმერს კრიზისთან გამკლავებაში დაეხმაროს.

ანტიკრიზისული გეგმა სახელწოდებით – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ – ფულად სახსრებზე გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის, პირდაპირ გადახდებს დაზარალებული მწარმოებლებისთვის, საწვავზე სუბსიდიებს, გადასახადებისგან გათავისუფლებას და სახელმწიფოს დახმარებას.

სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

„ძლიერი სოფელი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „აგრარული პროცესი ქვეყანაში არცერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და ქვეყანაში არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა“.

პროგრამა 20 მაისიდან ამოქმედდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, დახმარებას მიწის ის მესაკუთრეებიც მიიღებენ, რომლებიც საკუთარ ქონებას წლის ბოლომდე დაარეგისტრირებენ.

ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, მცირემიწიანი ფერმერი, რომელსაც მიწა დარეგისტრირებული აქვს (0.25-დან 10 ჰექტარამდე), ყოველ ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს. 

გარდა ამისა, მათთვის მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება საქონლისა და მომსახურების შეძენა, მათ შორისაა: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები, მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები და აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურება.

მთლიანობაში, მცირემიწიანი ფერმერების დახმარების ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.

40 მილიონი ლარი დაიხარჯება საწვავის სუბსიდირებისთვის. გეგმის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონდე მიწის ნაკვეთის მდლობელები (0.25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით) დიზელის საწვავს შეღავათიან ფასად, ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით 1 ლარით იაფად შეიძენენ (ლიმიტი 1 ჰა-ზე 150 ლიტრი).

ამასთან, ფიზიკური და იურიდიული პირები 2020 წელს სრულად გათავისუფლდებიან 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან.

მთავრობა 50%-ით (არაუმეტეს 50 000 ლარისა) დააფინანსებს:

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას;
  • ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობას ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციას;
  • ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვას/მონტაჟს.

აგრეთვე, ფინანსურ კაპიტალზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ერთწლიანი კულტურებისთვის სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად დააფინანსებს.

გარდა ამისა, გეგმის ფარგლებში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მრავალწლიანი კულტურები სტიქიური უბედურებებისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომა ყინვა) 3 წლით დააზღვიონ.

მთავრობა მერძევეობის დარგსაც დაეხმარება და ამ მიზნით 42 მილიონ ლარს გამოყოფს.

ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, მთავრობა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

7 მაისს, მთავრობამ 62.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტურიზმის მხარდაჭერის პოსტკრიზისული გეგმა წარადგინა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პოსტკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მხარდაჭერით სასტუმროების ქსელები, საკვები ობიექტები, ასევე ტურისტული კომპანიები და გიდები ისარგებლებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button