ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭოს დასკვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პოლიტიკის შესახებ

ევროკავშირის საბჭომ 11 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პოლიტიკის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელსაც ის პარტნიორობას ანიჭებს და მოუწოდებს პარტნიორ ქვეყნებს, განაგრძონ რეფორმების განხორციელება და გაზარდონ ძალისხმევა ამ კუთხით.

ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ მიმდინარე პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი, მათ შორის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ მოქმედია და რეალური შედეგები და სარგებელი მოაქვს ხალხისთვის.

დოკუმენტი მოუწოდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომ კვლავ ერთგულად დაიცვან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა, ასევე ეკონომიკური რეფორმები, ეკოლოგიური, კლიმატისა და ენერგეტიკული გამოწვევები, ციფრული ტრანსფორმაცია და ინვესტირება ადამიანებში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავაც ჩართულია მასზე კარგად მორგებულ ორმხრივ ურთიერთობებში“, – აღნიშნა საბჭომ და დასძინა, რომ „თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორების საერთო პრიორიტეტებით და საჭიროებებით, ასევე რეფორმების ტემპით, პროგრესით და ხარისხით განისაზღვრება“.

მიესალმა რა მიღწეულ პროგრესს, საბჭომ პარტნიორებს „ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ“ მოუწოდა. ამ კონტექსტში, საბჭომ 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიხსენა, რომელიც „აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორების [საქართველო, მოლდოვა და უკრაინა] ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია გაცხადებული“.

„შეთანხმებები ევროკავშირთან დაჩქარებულ პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს“, – აღნიშნა საბჭომ.

საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა თანამშრომლობის ამბიციურ, მოქნილ და ინკლუზიურ ფორმატად რჩება, რაც წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას აძლევს ერთობლივად გაუმკლავდნენ საერთო და გლობალურ გამოწვევებს რიგ სფეროებში.“ საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანი დემოკრატიის, კეთილდღეობისა და გაზრდილი თანამშრომლობის უზრუნველყოფაა და რომ ის არავის წინააღმდეგაა მიმართული.

ევროკავშირის საბჭომ მოუწოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გაზარდონ ძალისხმევა, რათა მეტ პროგრესს მიაღწიონ ყველა სფეროში, მათ შორის: ისეთ სფეროებში როგორებიცაა: მართლმსაჯულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შეკრების, სიტყვის თავისუფლება და სიძულვილის ენა.

საბჭომ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავს. ამ კონტექსტში, მომდევნო წლების განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისეთ სფეროებში გამძლეობის ზრდა იქნება, როგორებიცაა: დემოკრატია, საზოგადოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება, მედია, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის ფონზე და ადამიანების უსაფრთხოება.

მოუწოდა რა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფუნდამენტური პრინციპების გაძლიერებული დაცვისკენ, ევროკავშირის საბჭომ ყველა პრიორიტეტულ სფეროში ერთობლივი მუშაობის საჭიროებას გაუსვა ხაზი, ვინაიდან „პროგრესი კანონის უზენაესობის სფეროში შენელებულია“.

„დემოკრატიის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, დისკრიმინაციის არარსებობა, გენდერული თანასწორობა, დმოუკიდებელი, ეფექტური და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები არის სტაბილური და მდგრადი სახელმწიფოების და საზოგადოებების ქვაკუთხედი და სხვა სფეროებში განვითარების წინაპირობა“, – ნათქვამია საბჭოს დასკვნაში.

საბჭომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს და ევროკომისიას, წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო კოორდინაციით, მართლმსაჯულების რეფორმების უფრო ეფექტური მონიტორინგის განხორციელება შესთავაზა.

ევროკავშირის დემოკრატიის დაცვაში საბჭომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, ევროპის დემოკრატიის ფონდისა და ამ სფეროში ჩართული სხვა ორგანიზაციების მუშაობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მედეგობის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. აღნიშნა რა, რომ „სტრატეგიული კომუნიკაცია მთავარ ამოცანად უნდა დარჩეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხილვადობის და სარგებლის უზრუნველყოფის მიზნით, საბჭომ ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მოუწოდა, რომ ერთად იმუშავონ, რათა საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით ერთიანი ნარატივი შეიმუშავონ.

საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა, უკეთესად ინტეგრირებული ეკონომიკა, რომელიც ინკლუზიური, მდგრადი იქნება და რომელიც სოციალურ სამართლიანობას, ღირსეული სამუშაოს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ასევე აღმოსავლეთ პარტრიორ ქვეყნებში მცხოვრები ხალხების კეთილდღეობას უზრუნველყოფს, მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს“.

„ვაჭრობის ზრდა, სადაც შესაძლებელია, შემდგომი რეგულაციური დაახლოება, ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირის შიდა ბაზართან დაახლოებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის პირობების შექმნა, როგორც ამას ასოცირების შეთანხმებები ითვალისწინებს, ფინანსებთან გაუმჯობესებული წვდომა და, სადაც შესაძლებელია, აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის ეკონომიკების შემდგომი ინტეგრაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ევროკავშირის საბჭო.

კლიმატის და ენერგეტიკული გამოწვევების შესახებ საუბრისას, ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის გაძლიერებას ამ კუთხით და აღნიშნავს მათ მხარდაჭერას ევროკომისიის ინიციატივის „ევროპული მწვანე გარიგების“ მიმართ“.

საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია და ინვესტირება ადამიანებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტებია ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ზრდას და მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

საბჭომ ხაზი გაუსვა პროფესიონალი, დეპოლიტიზებული, ხალხზე ორიენტირებული და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ადმინისტრაციის, მათ შორის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების სასიცოცხლო მნიშვნელობას.

ამ კონტექსტში, საბჭომ ყურადღება გაამახვილა „თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების“ მნიშვნელობაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შენარჩუნებაზე და დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, უფლებადამცველების, ასევე თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიცებელი მედიის, ჟურნალისტების და მედიაწიგნიერების დაცვაზე.

საბჭომ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დაცვის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე სარისკო სიტუაციებში ადამიანების, მათ შორის, უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობას და დასძინა, რომ ამ სფეროებში თანამშრომლობა ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

აღნიშნა რა, რომ კონფლიქტების მოგვარება, ნდობის აღდგენა და კეთილმეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის, საბჭომ განაცხადა, რომ „კვლავ შეშფოთებულია საერთაშორისო სამართლის დარღვევის შემთხვევების გამო რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში“. საბჭომ მხარდაჭერა გამოხატა კონფლიქტების პრევენციის, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ, მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში.

„საბჭო მოელის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, რომელიც წინა სამიტის შემდეგ მიღწეულ შედეგებს განიხილავს და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების გზებს დასახავს“, – ნათქვამია დასკვნაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button