Placeholder canvas
ახალი ამბები

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეფასებები „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ შესახებ

„პოლიტიკური პატიმრების“ გათავისუფლების საკითხის გარშემო მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პარტიას „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ პირობა „არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია“. საპირისპიროს აცხადებენ ოპოზიციაში და განმარტავენ, რომ ეს საკითხი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

„სამოქალაქო საქართველო“ პოლიტიკოსების მიერ საკითხის განსხვავებულ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი: „8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მიიღეს პირდაპირი მონაწილეობა, როგორც ფასილიტატორებმა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საერთოდ საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს შეთანხმდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი, ხარისხობრივი, სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება კონკრეტული ადმიანების გათავისუფლების საკითხს, [სახელმწიფო] ინსტიტუტების შეურაცხყოფაა მსგავსი მოთხოვნების დაყენება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, კონკრეტულ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც არის დასრულებული, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს. ამის შემდგომ, ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი ან, შეიძლება, ვიღაც ამბობს, რომ [ეს] პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო. ჩემთვის ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი [და] შეუძლებელი. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო აეღო თავის თავაზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია“.

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება არ შეეხებოდა რომელიმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს და შავით თეთრზე წერია ის, რაზეც სინამდვილეში შეთანხმება მოხდა! შესაბამისად, ჩვენ ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის თუ შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ შევასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს, რაც მხარეებს შორის შედგა და ხელი მოეწერა – გუნდი მხარს დაუჭერს 120/30-ზე სისტემას და მოახდენს რეაგირებას მართლმსაჯულების პოლიტიზების თითოეულ მცდელობაზე. ფაქტია, რომ ოპოზიცია აპირებს ორივე ნაწილის დარღვევას – უკვე ღიად აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს 120/30-ზე სისტემას და ცდილობენ მოახდინონ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიზაცია, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და დადებული შეთანხმების პირობებს. რეალურად, პირველივე კენჭისყრაზე გამოჩნდება, ვინ ასრულებს და ვინ არღვევს პირობას, ვინ ზრუნავს საარჩევნო გარემოს, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხალხზე და ვინ – მხოლოდ თავის კრიმინალ მეგობრებზე. როგორც ჩანს, ოპოზიციამ უკვე კარგად გაიაზრა, რომ არც ერთი სისტემით შანსი არ აქვთ ,ქართული ოცნების’ წინააღმდეგ არჩევნებში, ამიტომ მათ შეცვალეს მესიჯი, სადაც ისინი არჩევნებში გამარჯვებაზე და პოლიტპატიმრებად მათ მიერვე მოხსენიებული დამნაშავეების გამოშვებაზე ლაპარაკობდნენ. ამჯერად ისინი ცდილობენ განსხვავებული გეგმით მოქმედებას, რომელშიც საარჩევნო სისტემის ცვლილება და დემოკრატიული არჩევნები მათი ინტერესი არ არის“.  

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნება: „ოპოზიცია, ბუნებრივია, სვამდა პატიმრების საკითხს. თუმცა, ჩვენი მხრიდან ოთხივე [შეხვედრის] შემთხვევაში, მკაფიო პასუხი გაეცა ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩვენი პასუხის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ვერავითარი პოლიტიკური მოლაპარაკების და შეთანხმების თემა ვერ გახდებოდა სასამართლოზე, პროკურატურაზე ზეწოლა და პრეზიდენტისთვის რაიმე ტიპის დავალების მიცემა. რაც არის აბსურდი. საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულიანტი, ძალიან ბევრი პოლიტიკური მოროდიორი, თუმცა არ ჰყავს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური პატიმრები. ყველაფერი ნათლად არის ასახული შეთანხმებაში, რომელიც არის ლაკონიური და რომელიც ზოგადად აცხადებს იმას, რომ არ მოხდეს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება“.

ოპოზიციის შეფასება

გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „პოლიტიკური და პრაგმატული თვალსაზრისითაც [პარლამენტის თვამჯდომარის] ეს განცხადება სრულიად გაუგებარია რას ემსახურებოდა, მაგრამ ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციის და ხელისუფლების დისკუსიაში – იმის ახსნა, თუ რა არის მედიატორების როლი ამ შეთანხმებაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება, რადგანაც ეს ჩვენი შეთანმხების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო. რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ? დაზიანდა ხელისუფლების დემოკრატიის რეპუტაცია. ყველამ გაიგო, რომ ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და მინდა ხაზი გავუსვა – ყველა ნეგატიურ შედეგზე, რომელსაც ხელისუფლების უადგილო, უშინაარსო, უდროო და ყოვლად უტაქტო განცხადება მოიტანს, სრულ პასუხისმგებლობას იკისრებს და ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას – ქართულ ოცნებას“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „შეერთებული შტატების, [ასევე] საქართველოს ყველა მეგობრის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია არის ერთი და იგივე – ივანიშვილმა უნდა შეასრულოს პირობა, რომელიც დადო ქართული საზოგადოების და საქართველოს მეგობრების წინაშე, უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები. უნდა შეცვალოს საარჩევნო სისტემა. მერე, უნდა ჩავატაროთ მაქსიმალურად ნორმალური არჩევნები. [შემდეგ], ივანიშვილი უნდა შეეგუოს ქართული საზოგადოების ვერდიქტს და მერე, უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ“.

ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი: „ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრაზე სააკაშვილის პარტიაც, ბოკერიას პარტიაც მათ ირგვლივ გაერთიანებული სხვა პარტიებიც, ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე და ეს საკითხი ეხებოდა უგულავას და არა მარტო [მის გათავისუფლებას]. ამ პარტიების წარმომადგენლები ასევე ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას. მე ვადასტურებ იმას, რომ ჩემი თანდასწრებით ამ საკითხს, არ დათანხმებულან არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე, მაგრამ ეს შეხვედრები იმართებოდა ჩემ გარეშეც. [ასევე], ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე ნამდვილად იყო წარმოდგენილი შეთანხმება, რომლის პირველ პუნქტს ცხადია დავეთანხმე, რადგან ის საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ეხებოდა, მაგრამ მეორე პუნქტი იყო ძალზე ბუნდოვანი. ამ მეორე პუნქტში სააკაშვილი-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ, როგორც თვითონ ამბობდნენ, უგულავას და არამარტო უგულავას გათავისუფლებას, ქართული ოცნება აღნიშნავდა, რომ სულ სხვა რამეს გულისხმობს. მე ამ მეორე პუნქტს ხელი არ მოვაწერე“.

თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „8 მარტის შეთანხმება, საკონტიტუციო ცვლილებების გარდა, გულისხმობდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას. მე ამ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, როგორც საარჩევნო სისტემით დაინტერესებული დეპუტატი და შესაბამისად, ვიყავი [ამის] მოწმე. საერთო მიზანი იყო არა ის, რომ რომელიმე დამნაშავეს თავიდან აეცილებინა მართლმსაჯულება, არამედ ის, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური ლიდერები და ტელევიზიების მფლობელები/მენეჯერები არ ყოფილიყვნენ ციხეში და საჭიროებისამებრ, მათი საქმეების განხილვა გაგრძელებულიყო არჩევნების შემდგომ. დღეს, უკვე გამოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რეალური საფრთხის წინაშეა. ორივე მხარე ცდილობს ჩაგდების პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალოს. მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებას, როგორც ეს ვერ შეძელით პირველ ჯერზე, ნოემბერში, როდესაც პირველად ჩავარდა საკონსტიტუციო რეფორმა. შეთანხმების დარღვევა და ცვლილებების მორიგ ჯერზე ჩაგდება ამჯერად უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება“.

თამარ ხულორდავა – დამოუკიდებელი დეპუტატი: „არანაირი საბაბით არ შეიძლება უარის თქმა შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ქართულ ოცნებას ცვლილებები ხელს ნამდვილად არ აძლევს, მით უფრო ახლა, როდესაც კრიზისის პერიოდში შეძლო ძალების აღდგენა. ოპოზიციის ნაწილსაც თავისი მოტივები აქვს. მათი მიზანი ხელისუფლების სრული საერთაშორისო დისკრედიტაციაა. მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ ქართულმა ოცნებამ ქულების დაწერა შეძლოს ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით და რა გამოდის? ისევ ორი ჯგუფის ინტერესს უნდა გადაყვეს ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარების შანსი. ქართულმა ოცნებამ უნდა შემოიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში და ხმა უნდა მისცეს მას, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ქართული ოცნების სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მეორედ დადებული პირობის არშესრულება, ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ვერც ოპოზიციის სიჯიუტით გაამართლებენ და ვერც კორონა ვირუსით დაჩრდილავენ“.

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა: „იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეყოფათ იმდენი ჭკუა და გონიერება, რომ კიდევ არ მოუატყუონ მთელი მსოფლიო, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდება. ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს იქნება ცუდი არამარტო ხელისუფლებისათვის, არამედ ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნისათვის, სამწუხაროდ. ხელისუფლებას, რომელსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლია გადააგდოს და მოატყუოს საერთაშორისო თანამეგობრობა, ამ ხელისუფლებასთან უბრალოდ არავი აღარ გააგრძელებს ურთიერთობას. მათი საერთაშორისო დახმარება ძალიან [დიდი]კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და ამით ჩვენი ხალხი დაზარალდება. ამიტომ, მოვუწოდებ ამ უგუნურ ხელისუფლებას და თავხედსაც, რომ დროულად შეასრულონ ის ორპუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ერმნიშვნელოვნად ხელმოწერილი იყო [8 მარტს]… მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ასეთი ფატალური შეცდომა საკუთარი თავისთვის“.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მოცემული მომენტისთვის პარლამენტში 149 დეპუტატია, მათგან დიდი უმრავლესობა ქართული ოცნების დეპუტატია. ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ 7 დეპუტატია, ევროპული საქართველოს ფრაქციებში – 19, ხოლო პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დენოკრატების ფრაქციაში – 7. ამასთან, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ 6 კანონმდებლისგან შედგება. აგრეთვე, პარლამენტში ცალკე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით 17 კანონმდებელი პოზიციონირებს. მათ შორის, არიან ქართული ოცნების ყოფილი წევრები თამარ ჩუგოშვილი და თამარ ხულორდავა.

თეორიულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები (26 დეპუტატი) საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს იტყვიან, მისი მიღებისთვის საჭირო ხმების რესურსი პარლამენტში კვლავ რჩება, თუ ქართული ოცნება (93 დეპუტატი) დანარჩენი 30 დეპუტატიდან 20-ის მხარდაჭერას მაინც მოიპოვებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button