Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული ოცნება „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებაზე პირობის დადებას უარყოფს

ქართული ოცნება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველ პარტიას „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების პირობა „არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია“ და ამას „ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს“.

11 მაისს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ამის მიუხედავად, ოპოზიცია „უტიფრად სპეკულირებს“ და აცხადებს, რომ „თითქოს მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო“.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. მათ ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს და საქართველოს პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მოუწოდეს, რომ „პოლიტპატიმრების“ დროულად გათავისუფლებისთვის, „მათ ხელთ არსებული [ყველა] ლეგიტიმური ინსტრუმენტი“ გამოიყენონ.

მისივე თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ „სპეკულირებისთვის“ იმას იყენებს, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საჯარო არ იყო. აგრეთვე, თალაკვაძისვე შეფასებით, ოპოზიციაში იმითაც სარგებლობენ, რომ „დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს“.

„სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და  „ყოველგვარი სპეკულაციების“ დასასრულებლად, მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვს, რომ „ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს“.

„კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით, ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება. ასევე, ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების აღსრულების პროცესში“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

იქვე იგი ოპოზიციასა და მამრთველ გუნდს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში „ფასილიტატორი“ ელჩების „ფასდაუდებელ“ და „გადამწყვეტ“ როლსაც აღნიშნავს და მათ ამ პროცესში გამოჩენილი „ძალისხმევისა“ და მხარდაჭერისთვის“ მადლობას უხდის.

„[ამან] პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი, რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს“, – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

მისი შეფასებით, „ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს“ და ამისთვის „გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს“. თუმცა, მისივე განმარტებით, „ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერ საგარეო მხარდაჭერა, კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული“.

„ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში პირდაპირ ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოსთხოვა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას „ზედმიწევნით“ ასრულებს, შეთანხმების ხელმოწერის დღიდან, „სამწუხაროდ“, ოპოზიციამ, მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით „ძალისხმევა კიდევ უფრო გააძლიერა“.

ამ კონტექსტში იგი ოპოზიციის მხრიდან გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნას ასახელებს და ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებების დროს, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის ამ მოთხოვნას „მკაფიო პასუხი“ გასცა და თქვა, რომ „აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი“.

თალაკვაძე, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, ოპოზიცია „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხზე სპეკულირების გზით, „საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით ემუქრება“ და იქვე განამრტავს, რომ ქართული ოცნება „არის მოწოდებული, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“.

„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება“, – აღნიშნავს იგი.

ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება 8 მარტს შედგა. შეთანხმების თანახმად: 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები 120/30 ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით (77-ის ნაცვლად), ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს.

ამასთან, პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება. აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც იმას გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button