Placeholder canvas
ახალი ამბები

მიხეილ ნინუამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილმა მოადგილემ მიხეილ ნინუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სამინისტროს მიერ 8 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და უწყების დატოვებას გეგმავდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ იგი „პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს“ უძღვებოდა, მან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მხოლოდ „აღნიშნული კრიტიკული ფაზის“ დასრულების შემდეგ მიიღო.

„სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების – უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ ნინუას შემცვლელის ვინაობას ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

მიხეილ ნინუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2018 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე იგი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობდა.

უფრო ადრე კი – წინა ხელისუფლების პირობებში, მას სხვადასხვა დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ეკავა. აგრეთვე, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისროში.

ამავე პერიოდში იყო სს „ფოთის პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button