რესპუბლიკის ამბები

1920: გენშტაბის ცნობა: აზერბაიჯანის საზღვართან ბრძოლა გრძელდება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 მაისი, N103

სამხედრო ცნობა

ტფილისი, 9 მაისი

(ამა წლის 30 აპრილიდან 8 მაისამდე) გენერალური შტაბის ცნობა

1 მაისს საბჭოთა აზერბაიჯანის ჯარებმა გადმოლახეს უძლიერეს ძალებით ჩვენი საზღვარი, ჩვენი ტერიტორიით შემოუარეს და წითელ ხიდთან მყოფი ჩვენი მოსაზღვრე პოსტი შეავიწროეს. 2-სა და 3 მაისს საზღვარზე სროლა იყო. 4 მაისს აზერბეიჯანის ჯარები ცდილობდენ, რომ ფოილოს ხიდთან მყოფ ჩვენი მოწინავე ნაწილისათვის შემოეტიათ, მაგრამ იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ. 5 მაისს გათენებისას მტერი კიდევ სცდილობდა შემოტევას ამავე ხიდზე ორი ჯავშნიანი მატარებლის დახმარებით. რომ ჯავშნიანი მატარებლებისათვის არ მიგვეცა საშუალება ჩვენ ტერიტორიაზე შემოსვლისა, ამიტომ ავაფეთქეთ ხიდი და ჩვენმა მოწინავე ნაწილებმა უკან დაიხიეს. 5 მაისს წითელ ხიდთან ომი გაჩაღდა. მტერი, რომელსაც მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა მოუვიდა და რომელსაც არტილერია ეხმარებოდა, რამდენჯერმე შეტევაზე გადმოვიდა, საღამოს დავიჭირეთ  ჩვენი პოზიციები. ამ ბრძოლაში მოგვიკლეს 6 გვარდიელი და დაგვიჭრეს 17. განსაკუთრებით გმირულათ იბრძოდა ცხენოსანი ჯარი. იმავე დღეს ჩვენმა ჰაეროპლანებმა ჩაყარეს ყუმბარები წითელ ხიდთან მყოფ მტრის პოზიციებში. 6 მაისს მტერი არტილერიით ესროდა ფოილოსთან მყოფ ჩვენს პოზიციებს და 8 მაისს ღამით კი თოფებითა და ტყვიისმფრქვეველებით უშენდა ამავე პოზიციებს.

მაისის 10. 8 მაისს საღამოთი წითელი ხიდის რაიონში მტრის ცხენოსანი ჯარი ქვეითა ჯარის დახმარებით შემოტევაზე გადმოვიდა, მაგრამ უკუ ვაგდეთ.

9 მაისს საღამოთი სოფელ ტაკიალის რაიონში გამოჩნდა მტრის რაზმი, მაგრამ ჩვენი რაზმის გმირული შეტევით, რომელსაც ვახსმისტრი შელია უძღოდა, უკუ ვაქციეთ. მტერს მოვუკალით 1 ოფიცერი და დავუჭერით 4 ჯარისკაცი. ჩვენ არავითარი ზარალი არ მოგვსლია.

9 მაისს დაბა ლაგოდეხის აღმოსავლეთ რაიონში მყოფ ჩვენ მოსაზღვრე რაზმს თავს დაესხნენ შეიარაღებული ლეკები. სროლის დროს მოკლული იქმნა საყარაულოს უფროსი ლეიტენატი ყიფიანი. ლეკები დიდი ზარალით უკუ ვაგდეთ. ამ ბანდების საბოლოო სალიკვიდაციო ზომებია მიღებული.

აზერბაიჯანის მთავრობის განკარგულებით აქსტაფიდან ევლახამდე და აჯიკაბულიდან საგირამდე აჰყარეს რკინის გზის მეორე ლიანდაგი. აყრილი ლიანდაგის მასალა მიაქვთ ბაქო-ჯულფას რკინის გზის ხაზზე, სადაც არაქსზე ხიდის შენება უკვე თავდება და რკინის გზაც მალე ხიდამდის მივა.

მსგავსი/Related

Back to top button