ახალი ამბები

ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ იგი ბიძგს მისცემს რეფორმების ეროვნულ საბჭოს და ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას დაეხმარება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

იმავე განკარგულებით, ბიზნესმენი ოლექსანდრ ოლშანსკი სააკაშვილის მოადგილედ დაინიშნა.

განკარგულების თანახმად, ახლად ჩამოყალიბებული აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც პრეზიდენტის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი შტოა, პრეზიდენტის მიერ დანიშნული თავმჯდომარით და თავმჯდომარის მოადგილით დაკომპლექტდება. მანამდე, კომიტეტს სამი თანათავმჯდომარე ჰყავდა და თავმჯდომარის თანამდებობა არ არსებობდა.

22 აპრილს სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერსი პოსტი შესთავაზა.

თუმცა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვერხოვნა რადამ სააკაშვილის დასანიშნად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა და 24 აპრილის და 30 აპრილის სხდომებზე ეს საკითხი არ განიხილა.

მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის კანდიდატურას სხვებთან ერთად, „ოლიგარქ იჰორ კოლომოისკის და შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მოკავშირეები, ასევე პრორუსული ოპოზიციური პლატფორმა – პარტია „ცხოვრებისთვის“ შეეწინააღმდეგდნენ.

სხვა სახელმწიფოში სააკაშვილის პოლიტიკური დაბრუნების პერსპექტივებს საქართველოს ლიდერების უკმაყოფილება მოჰყვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აპრილს სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის თაობაზე განაცხადა, რომ იმ კანდიდატურის განხილვა, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი და რომელიც მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული, „მიუღებელი და ყოვლად გაუგებარია“. „ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოძმე ერების საერთო წარსული, აწმყო და მომავალი ეჭვქვეშ არასდროს დადგება“, – განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან მალევე დატოვა. მას საქართველოში ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი, რომელთაც ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2015 წელს, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების შემდეგ, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში კი – უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მას 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

2019 წელს, უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა და ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button