ახალი ამბები

საქართველო ევროპის საბჭოს „პომპიდუ ჯგუფის“ წევრი ქვეყანა გახდა

საქართველო 1 მაისს ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) 41-ე წევრი ქვეყანა გახდა, ნათქვამია „პომპიდუ ჯგუფის“ განცხადებაში, რომელიც 6 მაისს გამოქვეყნდა.

„პომპიდუ ჯგუფი“ სამთავრობოთაშირისი ორგანოა, რომელიც საფრანგეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით 1971 წელს შეიქმნა. 1980 წელს ის ევროპის საბჭოს სტრუქტურაში შევიდა. ჯგუფის მიზანი წევრ სახელმწიფოებში მულტიდისციპლინური, ინოვაციური, ეფექტური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობაა.

„ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელი მდივნის თებერვალში თბილისში ვიზიტის შედეგია, სადაც მან კონფერენციაში – „ნარკოდამოკიდებული პატიმრების რეაბილიტაცია“ მიიღო მონაწილეობა და მაღალი დონის კონტაქტები ჰქონდა შესაბამის სამინისტროებთან (იუსტიციის, ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან)“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, „გადამწყვეტი როლი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მხარდაჭერამაც ითამაშა“.

„საქართველო პომპიდუ ჯგუფში სიმბოლურ მომენტში გაწევრიანდა, როდესაც ქვეყნის მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობა წარმატებულ დასასრულს უახლოვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

წევრი სახელმწიფოები ჯგუფში მუდმივ წარმომადგენლებს ნიშნავენ. 6 მაისის მდგომარეობით, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჯერ დამტკიცებული არ ყოფილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button