ანალიზიმოსაზრებაპარტნიორებისგან

Facebook-მა ყალბი გვერდების ქართული ქსელი  დახურა – DFRLab-ის კვლევა

გაუქმებული ანგარიშები „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ „ეsპერსონას“ უკავშირდება. მათ მიზანში ოპოზიცია, ჯანდაცვის მესვეურები და დემოკრატიის მომხრე აქტივისტები ჰყავდა ამოღებული.

საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე Facebook– მა გვერდების, ჯგუფებისა და სხვადასხვა ანგარიშის ქსელი წაშალა, რომელიც ღიად უკავშირდებოდა „ეsპერსონას“, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირის ფლობელობაში მყოფ მედია-ორგანიზაციას.

Facebook–მა ასევე გააუქმა ანგარიშების მეორე ქსელი, რომელიც ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ უკავშირდება, თუმცა „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიას“ (DFRLab) ამ მონაცემებზე წვდომა უშუალოდ მათ წაშლამდე არ ჰქონია.

ეsპერსონასთან“ დაკავშირებული ანგარიშები თავს ასაღებდნენ საქართველოს ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლებად და ოპოზიციის წევრებად, რომლებიც დემოკრატიისთვის მებრძოლი აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების წევრთა დისკრედიტაციას ცდილობდნენ. ზოგიერთი გვერდი ეკუთვნოდა მარგინალურ მედია-გამოცემებს, რომლებიც ერთიმეორესთან არიან დაკავშირებულნი.

შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია სულ უფრო და უფრო პოლარიზებული ხდება. ანტისამთავრობო მიტინგების ტალღამ ქვეყანა 2019 წლის ივნისიდან მოიცვა – მაშინ დემონსტრანტები საარჩევნო რეფორმის გატარებას მოითხოვდნენ და პოლიციის მიერ მომიტინგეებისადმი ძალის გადამეტებულ გამოყენებას აპროსტესტებდნენ. საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე დიალოგი წამოიწყეს. მოლაპარაკებები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ციხეში ჩასვეს.

სწორედ ამ პოლიტიკური ვითარების ფონზე წაშალა Facebook-მა „ეsპერსონასთან“ დაკავშირებული ანგარიშები. გვერდების გაუქმების გამოცხადებისას Facebook-მა აღნიშნა:

„ამ საქმიანობის უკან მდგომმა პირებმა გამოიყენეს ყალბი ანგარიშები – რომელთაგანაც ზოგი ადრე ჩვენი ავტომატიზირებული სისტემების მიერ იქნა გამოვლენილი და გამორთული – მათ შექმნეს ანგარიშები გამოგონილი ადამიანებისათვის, თავს ასაღებდნენ ოპოზიციის ლიდერებად და  ჯანდაცვის სისტემის ოფიციალურ პირებად, მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რათა საკუთარი მასალისათვის უფრო მეტი მკითხველი შეემატებინათ. ამ ჯგუფების ზოგიერთმა ნაწილმა დროთა განმავლობაში სახელი და ადმინისტრატორი შეიცვალა და როგორც ჩანს, ზოგი ამ ანგარიშთაგანი სხვებმა შეისყიდეს. ამ ქსელში გაერთიანებული პირები ასევე იყენებდნენ გვერდებს, რომლებსაც მომხმარებლის პროფილად ასაღებდნენიქნებოდა ეს ყალბი სახელებისა თუ პროფილის სურათების გამოყენების გზით რათა უფრო მეტად გაევრცელებინათ [ყალბი] მასალები და თავიდან აერიდებინათ [ფეისბუკის მიერ] მათი გამოვლენა და დაბლოკვა. ამ გვერდების ნაწილი თავს  დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდა. [წაშლილი] გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები, ჩვეულებრივ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ საკითხებზე წერდნენ, იქნებოდა ეს არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა თუ მთავრობის პირები; ამასთან, ისინი აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, ჟურნალისტებსა და ადგილობრივ აქტივისტებ. ბოლო დროს, ამ ქსელში გამოქვეყნდა სტატიები COVID-19-ზე, რომლებიც ჯანმრთელობის შესახებ მავნე დეზინფორმაციის გავრცელების და ჩვენი პოლიტიკის დარღვევის გამო წავშალეთ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოქმედებების უკან მდგარი პირები თავიანთი ვინაობის დამალვაცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ ისინი საქართველოში არსებულ მედია კომპანია „ეsპერსონას“ დაუკავშირა. ეს ორგანიზაცია ჩვენს პლატფორმებზე აიკრძალა“.

DFRLab, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა წაშლილი ქსელის 488 ანგარიშზე, ადასტურებს, რომ ქსელს „ეsპერსონა“ მართავდა. ამ ქსელის სამიზნე აუდიტორია ქართული საზოგადოება იყო, რომელსაც იგი ინფორმაციას აწვდიდა მთავრობის, არჩევნებისა და სამთავრობო პოლიტიკის შესახებ; ქსელი ასევე ცდილობდა ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ორგანიზაციების დისკრედიტაციასა და კრიტიკას.

ზემოაღნიშნული გვერდების წაშლამდე ოთხი თვით ადრე, 2019 წლის დეკემბერში, Facebook-მა სხვა [ქართული] გვერდები წაშალა. მაშინ წაშლილი გვერდები Facebook-მა კერძო მარკეტინგულ კომპანია „პანდას“ მიაწერა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული – და რომელიც DFRLab-მა გამოიძია.

ეsპერსონა და კოკა ყანდიაშვილი

Facebook-მა ეsპერსონას ვებ-გვერდთან დაკავშირებული გვერდები წაშალა. ვებგვერდის თანახმად, „ეsპერსონა“ ესაა მედია პლატფორმა, რომელიც პოპულარული საზოგადო მოღვაწეების პროფილებს და „აქტუალურ“ ამბებს ერთ სივრცეში აერთიანებს და პოლიტიკის, ბიზნესისა და საზოგადოების შესახებ [სხვადასხვა] თემას აშუქებს. საიტის მთავარ გვერდზე განთავსებულია ცალკე განყოფილება, სადაც მოცემულია როგორც ქართველი, ისე ცნობილი უცხოელი პოლიტიკოსების, გამოჩენილი ადამიანებისა და სპორტის სფეროს ვარსკვლავების პროფილები.

ესპერსონას ვებგვერდის მთავარი და „ჩვენ შესახებ“ სექციები. (წყარო: ესპერსონა/არქივი, მარცხნივ; ესპერსონა/არქივი, მარჯვნივ)

„ეsპერსონა“ კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის. „ეsპერსონას“ ვებ-გვერდისა და პრემიერ-მინისტრის ოფისის თანახმად, 2013 წლის აპრილიდან იმავე წლის დეკემბრამდე ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ მთავრობის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, ყანდიაშვილი მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამთავრობო ოფისში კონსულტანტის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოში ინფორმაციულ ოპერაციების საქმეზე რომ მიდგება საქმე, ყანდიაშვილი ცნობილი ფიგურაა. მის სახელს უკავშირებენ ქართულ ტროლების ქარხანასაც. ყანდიაშვილმა არაერთხელ უარყო ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტროლების ქარხანას სწორედ ყანდიაშვილი ხელმძღვანელობდა. ანგარიშების გაუქმების ამ სერიაში, Facebook-მა წაშალა ყანდიაშვილის პირადი ანგარიში და მისი გვერდი, ასევე Facebook ჯგუფები, რომლებსაც იგი მართავდა.

კოკა ყანდიაშვილის პირადი ანგარიში/პროფილი ფეისბუქზე (მარცხნივ) და პირადი გვერდი (მარჯვნივ). ფეისბუქმა ორივე მათგანი წაშალა. წყარო: Facebook

Facebook-მა ასევე დახურა ყანდიაშვილის ყოფილი მეუღლის ნონა ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც. ნონა ყანდიაშვილი 2012 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა. შემდეგ იგი თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გახდა. ნონა ყანდიაშვილიც უშუალოდ იყო დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ – საჯარო მონაცემების თანახმად, იგი პარტიის შემომწირველია.

კოკა ყანდიაშვილის „ეsპერსონა“ Facebook-ზე მართავდა მინიმუმ 8 გვერდს, რომლებსაც „ეsპერსონას“ სახელების სხვადასხვა ვარიანტი ერქვათ.  ამ გვერდების მიმდევრების საერთო რაოდენობა დაახლოებით 40000 იყო. ზოგიერთი გვერდი „ეsპერსონას“ ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციას აზიარებდა, ზოგიერთს კი არავითარი აქტივობა არ ჰქონია.

ესპერსონას ფეისბუქზე სულ მცირე რვა გვერდი ჰქონდა ამ სახელის სხვადასხვა ვარიაციით. წყარო: Facebook

DFRLab-ის მიერ შესწავლილი „ეsპერსონას“ სახელით მოქმედი რვა გვერდიდან შვიდი მართავდა სხვადასხვა ჯგუფს, რომელიც შემდგომ Facebook-მა „ყალბ ჯგუფებად“ გამოაცხადა.

გვერდები, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვათა დისკრედიტაციას ან პერსონაციას

წაშლილი ქსელის სხვა გვერდები ქმნიდნენ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა ჯგუფი აზიარებდა; ეს გვერდები პოლიტიკური ოპოზიციისა და აქტივისტების დისკრედიტაციისათვის გამოიყენებოდა.

ქართული გვერდები, რომლებზეც ხდებოდა ოპოზიციისა და აქტივისტების დისკრედიტაცია წყარო: Facebook

ზოგიერთი აწ უკვე წაშლილი გვერდი დუბლიკატებს წარმოადგენდა – ისინი მხოლოდ ოდნავ შეცვლილ URL ბმულს იყენებდნენ. მაგალითად, გვერდი „იყავი და გაგეკეთებინა“, რომელიც 2018 წლის 2 მარტს შეიქმნა, დაკავშირებული იყო იმავე სახელის მეორე გვერდთან „იყავი და გაგეკეთებინა”, რომელიც 2019 წლის 30 ივლისს შეიქმნა. გვერდების სახელები იდენტური იყო, მცირე განსხვავება კი იყო გვერდების მისამართებში:

https://www.facebook.com/Ikavidagageketebina/ https://www.facebook.com/ikavidagageketebinaaa/, ერთადერთი განსხვავება არის URL- ის ბოლოს არსებული „ა“ ასოს რაოდენობა.

თავდაპირველი გვერდები, როგორც ჩანს, 2018 წელს შეიქმნა, ხოლო მათი დუბლიკატები კი – 2019 წლის 29 ან 30 ივლისს.

ოპოზიციისა და აქტივისტების მადისკრედიტირებელი ე.წ. გაორებული გვერდები 2018 და 2019 წლებში შეიქმნა. გვერდები ვარდისფერი ოთხკუთხედებით 2018 წელსაა შექმნილი, მწვანე ოთხკუთხედებით მონიშნული გვერდები კი 2019 წელსაა გახსნილი. წყარო: Facebook

2018 წელს შექმნილი გვერდების მიმდევართა რაოდენობა 11 000-დან 40 000-მდე მერყეობდა, ხოლო 2019 წელს მათი დუბლიკატის მიმდევართა რაოდენობა წაშლის დროს 300-600 მომხმარებელს აღწევდა.

ამ ქსელში ასევე შედიოდა გვერდები, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებად და ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლებად ასაღებდა თავს. აღნიშნული განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს COVID-19 პანდემიით გამოწვეული დაძაბული ვითარებისას. ეს იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამ პანდემიის პერიოდში დიდი ნდობა გამოუცხადა იმ რამდენიმე ექიმსა და ვირუსოლოგს, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებდნენ განცხადებებს ქვეყანაში COVID-19-ის  ეპიდსიტუაციაზე. ეს გვერდები ამ ადამიანების განსახიარებით ცდილობდნენ მოეგროვებინათ დიდი აუდიტორია, რომელსაც, სავარაუდოდ, შემდგომში დეზინფორმაციის უფრო ფართო გავრცელებისათვის გამოიყენებდნენ. ერთ–ერთი წაშლილი ანგარიში ლევან რატიანად ასაღებდა თავს – რატიანი [კორონავირუსის პანდემიისას] ქართული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ გამოჩენილი ადამიანია. მის გვერდზე ქვეყნდებოდა სიახლეები საქართველოში COVID-19-ის ამბების შესახებ.

წაშლილი გვერდები, რომელთა უკან მდგარი პირებიც რომელბიც ვანო მერაბიშვილის პერსონად (მარცხნივ) და ექიმ ლევან რატიანად (მარჯვნივ) ასაღებდნენ თავს. წყარო: Facebook

წაშლილი გვერდებიდან ერთ-ერთი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ვანო მერაბიშვილად ასაღებდა თავს. გვერდზე მაგალითად იწერებოდა, რომ მერაბიშვილი შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ამ განცხადების მიზანი სავარაუდოდ ის იყო, როგორმე მერაბიშვილი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების სურვილისგან გადაერწმუნებინა, ანაც მისი მომხრეები დარწმუნებინა, რომ უარი ეთქვათ გამარჯვების ოცნებაზე. ეს გვერდი მომხმარებლებს ასევე Twitter-ზე „მისი“ ანგარიშის გამოწერისაკენ მოუწოდებდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემული ბმული ტვიტერზე არცერთ პროფილს არ აჩვენებდა.

ყალბი გვერდები და ახალი ამბების სააგენტოები

DFRLab–მა გააანალიზა პლატფორმიდან აღებული 269 გვერდი. ქსელის ზოგიერთი გვერდი ეკუთვნოდა მარგინალურ მედია-პორტალებს. DFRLab–მა შეისწავლა 14 ასეთი საინფორმაციო პორტალი, რომელთა ოფიციალური გვერდებიც Facebook-ზე უკვე წაშლილია. ამ 14 გვერდის მიმდევრების საერთო რაოდენობა 8400-ზე ოდნავ მეტი იყო – ყველაზე მცირე გვერდს 67 მიმდევარი ჰყავდა, ყველაზე მრავალრიცხოვანს კი 5900-მდე. აღნიშული საინფორმაციო პორტალები ძირითადად პრო-სამთავრობო მესიჯებს აქვეყნებდნენ, რომელთა შინაარსიც, ძირითადად, ოპოზიციური პარტიებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი. ამ მარგინალურ მედია საშუალებათა მასალებს Facebook-ის მიერ წაშლილ არაერთ ჯგუფში ავრცელებდნენ.

წაშლილი გვერდების მიერ გამოქვეყნებული სტატიები. ზედა რიგში მოცემული სტატიებში ოპოზიციისადმი დაუსაბუთებელ ბრალდებები წერია, ქვემოთ ხაზზე მოცეული სტატიები კი მმართველი პარტიისა და მთავრობის საქებარი სტატიებია. ფოტო: Facebook

DFRLab-მა ასევე გადაამოწმა ამ მედია-გვერდების შექმნის თარიღები. აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა ერთსა და იმავე დღეს – 2019 წლის 27 მაისს – შეიქმნა. დანარჩენი გვერდები ცოტა მოგვიანებით, 2019 წლის ივნისში ჩაეშვა. DFRLab-მა ასევე შეამოწმა ამ საინფორმაციო პორტალების ვებ–გვერდების დომენის მონაცემები და დაადგინა, რომ მათთან დაკავშირებული ვებ–გვერდების უმეტესი ნაწილიც ერთ დღეს – 2019 წლის 12 მაისს – შეიქმნა.

ახალი ამბების სააგენტოთა ფეისბუკ-გვერდები, ისევე როგორც მათივე ვებგვერდები ერთსა და იმავე დღესაა შექმნილი. (წყარო: GGigitashvili_/DFRLab via Facebook და Whois.com)

ზოგიერთ მარგინალურ პორტალს ვებგვერდის მსგავსი შიდა დიზაინი ჰქონდა. მსგავსი იყო „ჩვენ შესახებ“ სექციაში მოცემული აღწერებიც. თუ გავითვალისწინებთ Facebook გვერდებისა და ვებ-გვერდების შექმნის თარიღების დამთხვევებს, ისევე როგორც, მათი ინტერფეისების მსგავსებას, დიდია ალბათობა, რომ აღნიშნული ანგარიშები ერთი და იმავე ადამიანების მიერ ერთი ქსელიდან იმართებოდა.

ყალბ მარგინალურ მედია სააგენტოთა ვებგვერდებს ძალზე მსგავსი ინტერფეისები (ზედა რიგში) ჰქონდათ. ამასთან, ფეისბუქზე მათი გვერდების „ჩვენ შესახებ“ სექციები (ქვედა რიგში) საეჭოდ ჰგავდა ერთმანეთს. (წყარო: ikitxe.com/არქივი, ზემოთ მარცხნივ; 7dge.com/არქივი, ზემოთ მარჯვნივ; Facebook, ქვემოთ მარცხნივ და მარჯვნივ)

DFRLab–მა აგრეთვე გადაამოწმა Facebook-ზე არსებული 90–მდე გვერდი, რომლებიც მართალია, საკუთარ მასალებს არ აქვეყნებდნენ, მაგრამ აქტიურად აზიარებდნენ სხვადასხვა მასალას მათ მიერვე მართულ ჯგუფებში. Facebook იძლევა საშუალებას, ჯგუფის ადმინისტრატორი გახდეს როგორც უშუალოდ გვერდი, ასევე მისი მომხმარებელიც. აქედან, რამდენიმე გვერდი ზემოხსენებული საინფორმაციო პორტალების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს სხვადასხვა ჯგუფში ავრცელებდა. სავარაუდოდ, ცრუ გვერდების ამ კოლექციის მეპატრონეებმა ჯგუფების გვერდის საშუალებით (და არა ანგარიშის საშუალებით) მართვის შესაძლებლობა იმისთვის გამოიყენეს, რომ თავიანთი ვინაობა დაემალათ.

მხოლოდდამხოლოდ ჯგუფების სამართავად შექმნილ-გამოყენებული გვერდები 2019 წლის ბოლოს გამოჩნდა. მათ სახელწოდებაში გვხვდება ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „News” ან „Nius”. Facebook-მა ამ გვერდების მიერ მართული ჯგუფებიც წაშალა.

ჯგუფების სამართავად შექმნილი გვერდები. წითელ, მწვანე და ლურჯ მართკუთხედებში მოცემულია ის ჯგუფები, რომლებსაც ეს გვერდები ერთობლივად მართავდნენ. წყარო: Facebook

ყალბი გვერდების ქსელი ასევე მოიცავდა ათობით შედარებით ნაკლებად პოლიტიკურ გვერდს, რომლებიც, სხვათა შორის,  ფილმების, ფეხბურთის, გართობისა და სასიყვარულო თემატიკას ეძღვნებოდა. ალბათ სწორედ მათი ნაკლებად პოლიტიკური შინაარსის გამო, ამ ქსელს სხვა გვერდებთან შედარებით დიდი აუდიტორია ჰყავდა. როგორც სხვა შემთხვევაშიც გამოჩნდა,  ეს გვერდებიც, შესაძლოა, აუდიტორიის ფორმირების პროცესში იმყოფებოდა და მომავალში უფრო მეტად პოლიტიკური შინაარსის მასალის განთავსებამდე ცდილობდა ამ გზით მიმდევართა დიდი რაოდენობის მოზიდვას.

ნაკლებად პოლიტიკური შინაარსის გვერდები, რომლებიც ბუნებაზე, სილამაზესა და ხუმრობებზე ათავსებდნენ პოსტებს. წყარო: Facebook

ყალბი ჯგუფები

Facebook-მა ასევე წაშალა ყალბი ქსელის მიერ მართული 99 ჯგუფი. ამ ჯგუფებში განთავსებულ მასალათა შინაარსი მრავალფეროვანი გახლდათ – ახალი ამბებით დაწყებული, რელიგიით დამთავრებული. DFRLab– მა დააფიქსირა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე შინაარსს რამდენიმე ჯგუფში ერთდროულად ათავსებდნენ.

ზოგიერთ ჯგუფს რამდენიმე ადმინისტრატორი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ რეალური ადამიანებიც, ყალბი ანგარიშებიცა და გვერდებიც. ამ ჯგუფებში ხშირად ვრცელდებოდა „ეsპერსონასა“ და ზემოხსენებული საინფორმაციო პორტალების მიერ განთავსებული პრო-სამთავრობო და ანტი-ოპოზიციური მასალები.

ფეისბუკის მიერ წაშლილ ჯგუფებში განთავსებული სტატიები. ზედა ხაზში ნაჩვენებია პრო-სამთავრობო სტატიები, ქვედა ხაზში კი მოცემულია სტატიები, რომლებიც ოპოზიციას აგრესიულ ძალად წარმოაჩენს. მწვანე მართკუთხედით მონიშნულია აწ უკვე წაშლილი პროფილი იმ ჟურნალისტისა, რომელიც წარსულში ესპერსონაზე მუშაობდა, ამჟამად კი მთავარი ამბების, მარგინალური მედია-სააგენტოს, რედაქტორია. წყარო: Facebook

Facebook-მა ასევე წაშალა პირადი ანგარიშებიც იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც ასოცირებულნი იყვნენ ესპერსონასთან თუ მარგინალურ მედია-საშუალებებთან და რომლებიც თავიანთ მასალებს ამ ჯგუფებში ათავსებდნენ.

DFRLab-მა ასევე დაადგინა, რომ ზოგიერთ წაშლილ ჯგუფში არსებული შინაარსი რეგულარულად ქვეყნდებოდა რუსული დომენის მქონე ორ საინფორმაციო პორტალზე – Geoposts1.ru და Informaciebia.ru. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი ამ საიტებზე არსებული სტატიების ბმულებზე დაწკაპუნებით ავტომატურად გადადის რუსული ამბების სხვა საიტებზე – Debatnews.ru და Todaynewss.ru. ორივე ეს საიტი ქართულ ენაზე სენსაციურ, ყურადღების მიმპყრობ სათაურებს აქვეყნებს. ამასთან, ორივე საიტზე გვხვდება რეკლამა, რომელიც მომხმარებელს ფინანსების გაზრდასა და ფულის შოვნას სთავაზობს. ფინანსების გაზრდასთან დაკავშირებულ სარეკლამო მასალებთან ერთად, ვებ-გვერდები აქვეყნებენ „ქართული ოცნების“ მთავრობისათვის სასარგებლო გზავნილებსაც.

ზოგიერთი აწ უკვე გაუქმებული გვერდი აწ უკვე წაშლილ ჯგუფებში ათავსებდა Geopost1.ru და informaciebia.ru-ს სტატიებს. წყარო: Facebook

DFRLab–მა Google Analytics ID–ით გადაამოწმა Geoposts1.ru-ზე მონაცემები. Google Analytics ID უნიკალური ანგარიშის ნომერია, რომელიც ვებ-გვერდებს საშუალებას აძლევს ფასიანი რეკლამა განათავსონ და 10 შვილობილი ვებგვერდიც დააარსონ. აღნიშნული ვებგვერდები იყენებენ ერთსა და იმავე Google Analytics ID-ს და მათი დომენის მისამართები მსგავსია.

DFRLab- მა ასევე შეისწავლა Google Analytics- ის იდენტიფიკატორი Informaciebia.ru- ს შესახებ, მაგრამ მასთან დაკავშირებული ვებგვერდები არ იძებნება.

საზიარო Google Analytics ID ჰქონდა 11 ვებგვერდს, მათ შორის Geoposts1.ru-საც. წყარო: @GGigitashvili_/DFRLab via DNSlytics.com

ამ ვებგვერდების დიზაინი და ინტერფეისი თითქმის იდენტურია, მათი შინაარსი კი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. რამდენიმე ერთიმეორის მსგავსი გვერდის ქონის ნამდვილი მიზანი გაურკვეველია, მაგრამ შემოსული მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა ჩვეულებრივი ტაქტიკაა ხოლმე, რომელსაც რეკლამების ნახვითა და მათზე დაწკაპუნების გზით ფულის გამომუშავებისათვის იყენებენ ხოლმე.

„ქართული ოცნებისადმი“ კეთილგანწყობილი ანგარიშები ინსტაგრამზე

Facebook-მა ასევე დახურა ყალბ ქსელთან დაკავშირებული სულ მცირე 43 ანგარიში ინსტაგრამზე. წაშლილ ანგარიშთა შორისაა არააქტიური ანგარიშები, პირადი ანგარიშები, ასევე ანგარიშები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდასაჭერ ფოტომასალებს აქვეყნებდნენ. ამასთან, ისინი ავრცელებდნენ ცხობის, მაკიაჟის გაკეთების თუ მრავალ სხვა თემაზე ფოტომასალას.

წაშლილი ანგარიშები ინსტაგრამზე, რომელთაგან ზოგიერთზე არაფერი ყოფილა განთავსებული (მარცხნივ), პირადი ანგარიშები (შუაში), და ანგარიშები, რომლებიც რამდენიმე განსხვავებულ თემაზე ამახვილებდა ყურადღებას (მარჯვნივ). (წყარო: Instagram)

შეჯამება

გვერდების დახურვის ამბავმა ქართული პოლიტიკისთვის განსაკუთრებით ცხელ სეზონს – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდს – მოუსწრო. ცნობადობისა და ინსტიტუციური ნდობის მეშვეობით საზოგადოების თვალში სანდო რეპუტაციის შესაქმნელად, ზოგიერთი მათგანი ახალი ამბების სააგენტოდ შეინიღბა, სხვები კი თავს ოპოზიციის ლიდერებად და ჯანდაცვის მესვეურებად ასაღებდნენ. აღნიშნული მოაზრებული იყო ინტერნეტის სივრცეში ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტზე გავლენის მოსახდენად, რადგანაც მრავალი ამ ანგარიშთაგანი ანტი-ოპოზიციური, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგის გატანას ისახავდა მიზნად.


ავტორები:

ეთო ბუზიაშვილი – „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი

გივი გიგიტაშვილი – „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარ-ასისტენტი 

Via
Medium.com / DFRLab
პირველწყარო
Inauthentic Facebook network shut down in Georgia
Back to top button