Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მაისს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა და მასთან ის „უპრეცედენტო გამოწვევა“ განიხილა, როგორიც COVID-19-ის პანდემიაა ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის.

მიესალმა რა საქართველოს ძალისხმევას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „საქართველოს თხოვნის შემდეგ“, ნატოს მოკავშირეებმა ქვეყანას მხარდაჭერა აღმოუჩინეს, მათ შორის, სამედიცინო აღჭურვილობით პოლონეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან, ასევე ფინანსებით და სამედიცინო ნივთებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

სტოლტენბერგის თქმით, „ნატოსთვის საქართველოს საჭიროებები კარგადა არის ცნობილი და პანდემიის კონტექსტში დამატებითი დახმარების აღმოსაჩენად, შემდგომი კოორდინაცია მიმდინარეობს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „კრიზისმა აჩვენა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც სამხედროები სამოქალაქო ძალისხმევის მხარდასაჭერად ასრულებენ, ასევე ნატოს მექანიზმების მნიშვნელობა ამ დახმარების კოორდინაციისთვის“.

მან ნატოსა და საქართველოს დიდი ხნის პარტნიორები უწოდა და კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამის შემდეგ, სტოლტენბერგმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს პარტნიორობა „მოიცავს პრაქტიკულ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებისთვის მომზადებაში დასახმარებლად, როდესაც ამის დრო მოვა“.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში კორონავირუსის პანდემიის გამო ნატოს ეგიდით დაგეგმილი სამხედრო წვრთნები გადაიდო, საქართველო შეძლებს, რომ წვრთნებს მომავალ წელს უმასპინძლოს.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად პანდემიისა, საქართველო აძლიერებს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ნატოსთან.

იგი მიესალმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობას ისეთი ორი სტრატეგიული მიმართულებით, როგორებიცაა – შავი ზღვის უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება.

4-5 მაისს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტელეფონით ასევე ესაუბრა ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის და რუმინეთის პრეზიდენტებს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. ამ უკანასკნელთან საუბრისას, პრეზიდენტმა „ევროპული სოლიდარობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button