რესპუბლიკის ამბები

აკაკი ჩხენკელის მიმართვა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 6 მაისი, N100

ბათომის მეჯლისი

აკაკი ჩხენკელის სიტყვა

„მე ბედნიერათ ვრაცხავ თავს, რომ შემთხვევა მომეცა აქ მოსვლის და შეძლება მაქვს პირადათ მიულოცო სამუსლიმანო საქართველოს უმაღლეს დაწესებულებას – მეჯლისს (ტაში) ვესალმები თავმჯდომარესაც, დიდათ პატივცემულს, ჩემს მეგობარს მემედ-ბეგ აბაშიძეს (ტაში).

სისხლით და ეროვნებით ძმებო!

ორი წელიწადია მას შემდეგ, რაც მე აქ არ ვყოფილვარ. ვიყავი ევროპაში ჩვენი საერთო საქმისათვის, სამუსლიმანო საქართველოს და საქრისტიანო საქართველოს საქმეთა მოსაგვარებლად. არ ვიცი რა მოხდა ჩემს აქ არ ყოფნის დროს, მაგრამ როგორც ირკვევა, დიდი ტანჯვა დამარცხება გამოგივლიათ.

მე დავბრუნდი მხოლოდ ამ უკანასკნელ თვეებში. სანეტარო იყო თქვენი ნახვა. გულის ფანცქალით მოველოდი თქვენს შეხვედრას. დედა ქალაქიდან გამოვემგზავრე აჭარაში ახალციხით, მიუხედავათ იმისა, რომ დიდი თოვლი იყო, დანისპარაულის მცხოვრებთა დახმარებით გადმოვედი ხულოში. ხალხი აღტაცებით მეგებებოდა. ხულოდან ქედაში, ქედიდან აჭარის წყალზე და ჩამოვედი აქ.

ვნახე ძმები, ვისაუბრე მათთან გაუზიარეთ ერთმანეთს ძველებურათ ჭირ-ვარამი. ვიგრძენი, რომ ძმებს დიდი დამცირება და გაჭირვება გაუვლიათ. ჩემი მათთან ლაპარაკი პირველი არ იყო. მე ვიყავი თქვენი „ვექილი“ ან დეპუტატი, დაკისრებულ მოვალეობას მთელის ძალ-ღონით ვასრულებდი და ვუმსუბუქებდი ძმებს მძიმე ტვირთის ტარებას (ტაში).

[მეოთხე სახელმწიფო სათათბიროში აკაკი ჩხენკელი არჩეული იქნა ბათუმისა და სოხუმის ოლქების კვოტით, ჩხენკელი აქტიურად იცავდა ქართველ მუსულმანების ინტერესებს პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც რუსეთის იმპერია აჭარლებს ღალატში უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა. ჩხენკელის ეფექტური საქმიანობით აჭარლები მძიმე სასჯელს გადაურჩნენ. – რესპუბლიკა 100-iს სარედაქციო შენიშვნა]

დიდათ პატივცემულო მეჯლისის წევრნო! დიდის ყურადღებით მოვისმინე მოხსენება მეჯლისის თავმჯდომარისა.

მან ყველაფერი სთქვა რაც სათქმელი იყო. შეეხო უმთავრეს მხარეებს ძმების ცხოვრებისას. სამუსლიმანო საქართველოს მცხოვრებლებმა ბევრი გაჭირვება და სიმწუხრე გადაიტანეს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

დროა ბოლო მოეღოს ამ მდგომარეობას. თქვენმა ძმებმა, ქართველმა ქრისტიანებმა დაამსხვრიეს ბორკილები. განთავისუფლდა და დღეს ბატონ-პატრონია თავისი. თავის ცხოვრებას თავის სურვილისამებრ აწყობს. ასე უნდა მოხდეს აქაც. თქვენ უნდა იქნათ თქვენი ბატონ-პატრონი (მქუხარე ტაში).

აქ კი გადამთიელნი მოსულან ბალშევიკების და დენიკინელების სახით და ისინი ბატონობენ.

აფარებს თავს ინგლისის მძლავ ფრთებში, თითქოს ისინი მოწვეულნი იყონ ბრიტანეთის მთავრობის მეირ თქვენზე გასაბატონებლად. მე გადაჭრით ვაცხადებ თქვენ წინაშე რომ ბრიტანეთის მთავრობა ლონდონში სრულიად არ იზიარებს მათ თარეშს (ტაში). ისინი ყალბათ ავრცელებენ ასეთს ხმებს უგუნურნი გადმობარგებულნი ცდილობენ ამით ნიადაგი მოიპოვონ აქ.

ამას ბოლო უნდა მოეღოს.

აქაურობის ბატონ-პატრონი თქვენა ხართ. ეს მხარე ადგილობრივ ხალხს უნდა გადაეცეთ, რომელიც დედა საქართველოს ავტონომიურათ შეუერთდება (მხურვალე ტაში).

თქვენ კარგად იცით, რომ საქართველო დამოუკიდებლად ცნობილია: ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის და სხვა… სულ 22 სახელმწიფოს მიერ საქართველოს შეუძლია მოუაროს თავს და ძმობა გაგიწიოთ თქვენ. (ხანგრძლივი ტაში).

საქართველო არაა განმარტოებული, იგი მოკავშირეა დიდი სახელმწიფოების: ძლიერ სახელმწიფოებთან ხელი-ხელ ჩამოკიდებული საქართველო შესძლებს სამუსლიმანო საქართველოს ფეხზე დაყენებას (ტაში).

ჩვენი მთავრობა თავის მოქმედებას უკავშირებს ხალხის სულისკვეთებას.

დამფუძნებელი კრება შეიმუშავებს კონსტიტუციას. თქვენს წარმომადგენლებთან ერთად სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის ძირითადი დებულებებიც იქნება შემუშავებული. (ტაში)

მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა ერთის მხრით, და დამფუძნებელი კრების 19 მარტის დადგენილება, მეორეს მხრით, გარანტიაა იმის, რომ თქვენ მიიღებთ ავტონომიას (ტაში). მთელი ჩვენი ხალხი უდიდესი პროტესტით შეხვდა იმ განზრახვას, რომლის ძალითაც ბათუმი ირგვლივ პატარა ზონით პორტო-ფრანკოთი გამოცხადდა (ტაში).

მთელი ხალხი განურჩევლათ მიმართულებისა და სარწმუნოებისა თქვენთან არის. თქვენთან ერთად იბრძოლებს თქვენთვის და თავისთვისაც. – ეს ფაქტები მტკიცდება.

ჩვენ ვიცით აგრეთვე რა ხდება სხვა ქვეყნებშიც. გვაქვს თვალები, სხვა ქვეყნებისაკენ ჩვენი წარმომადგენლების სახით და ვხედავთ თუ რა ხდება ქვეყნიერებაზე. როცა თავის მოჭრის დაგვიპირებენ, ჩვენ ზომებს მივიღებთ ბათუმის სამუსლიმანო საქართველოსაგან ჩამოცილება თავის მოჭრაა (ტაში). თქვენაც იცით მეზობელ სახელმწიფოების მოღვაწეობა. აზერბეიჯანი და სომხეთი ზღვაზე გასვლას ეძებენ. ამისათვის არაფერს ერიდებიან. მათი აგენტები თავგანწირულ მუშაობას აწარმოებენ აქ. ჩვენმა დამფუძნებელ კრებამ და მთავრობამ აუხსნეს ყველა საქმის ვითარება და ყოველგვარი ზომები მიიღო საქმის მორიგებით გათავებისა. ბათუმის საკითხი ჩვენ გაერთიანებულ საქართველოს საშინაო საკითხია (ტაში).

თქვენ გახსოვთ ძმებო ნიკოლოზის  მკაცრი რეჟიმი: მაშინ ის დრო იყო, როცა სახელმწიფო დუმაში ასარჩევ დეპუტატს ციხეში ისტუმრებდენ; და ისე ირჩევდენ; მაშინ ის დრო იყო, რომ ხალხი სახრჩობელაზე აყავდათ; მაშინ ის დრო იყო, რომ უბრალო სიტყვის გულისათვის ხვრეტდენ ხალხს, მაგრამ ქალაქის თვითმმართველობა მაინც იყო. დღეს ეს კი არაა. ეს დიდი უსამართლობაა, რომელსაც ბოლო უნდა მოედოს. არჩევნები ჩატარდა, გამარჯვება სამუსლიმანო საქართველოს იდეამ. დიდმა უმრავლესობამ სთქვა საქართველოს უნდა შევუერთდეთო. და მაინც ქალაქის თვითმმართველობა არ მოქმედებს. ეს დაუშვებელი ამბავია! (ტაში).

მე სავსებით უერთდები თავმჯდომარის განცხადებას. მთელი ადმინისტრაცია უცხოელების ხელშია. ეს თქვენი უნდა იყოს (ტაში).

გეცოდინებათ წუხანდელი ამბავი. უნდა ყოველგვარი ზომები იქნას მიღებული, რომ ბოლშევიკების გამოსვლას ადგილი არ ექნეს. მე წავიკითხე ჯემალ ქიქავას სიტყვა, რომელიც პროფესიონალურ კავშირთა კრებაზე იყო წარმოთქმული, სადაც აღნიშნულია, რომ გადამთიელნი, ბათუმში პირველათ მოსულნი, იკრიბებიან, ბათუმის ბედ-იღბალზე მსჯელობენ და რეზოლუცია გამოაქვთ რუსეთთან შეერთების შესახებ. და ამას ავრცელებენ, თითქოს ხალხის აზრი იყოს. განა ეს სამართლიანია, როცა თქვენი დადგენილება სისრულეში ჯერ არაა მოყვანილი და ვიღაც დროებით მოსულნი ხალხი რუსეთზე გადაცემას მოითხოვს. ჩვენთვის სულ ერთია ბალშევიკური იქნება იგი თუ დენიკინური. ჩვენ გადაჭრით ვთქვით უარი უცხო ხალხის ჩვენში შემოსულზე და დავიცვათ კიდევ ჩვენ თავს. (მხურვალე ტაში).

აქ რაც ხდება ან შეცდომის შედეგია ან ბოროტი განზრახვის. ამას მთელი ჩვენი ძალღონით უნდა შევებრძოლოთ. გადაჭრით უნდა მოვითხოვოთ საკითხის ჩვენდა სასარგებლოთ გადაწყვეტა, ბათომი და მისი ოლქის დედა საქართველოსთან ავტონომიურათ შეერთება.

დასასრულს გამოვთქვამ უდიდეს სიხარულს, რომ ყოველივე ამ საქმისთვის თქვენ აქ შეკრებილხართ. იბრძვით თქვენდა საკეთილდღეოდ. მთელი ჩვენი ხალხი, მათი ყური და თვალი აქეთკენაა. იმედია თქვენს მუშაობას ნაყოფიერათ დაამთავრებთ, ჩვენ ძმურ დახმარებას გაგიწევთ.  გამოვალ ევროპის წინ და აზიის წინ და დაგიცავთ თქვენ. თქვენ იცით, რომ მე ე. ი. თქვენი დეპუტატი ვიყავი გაგზავნილი ჯერ ტრაპიზონში, შემდეგ აქ ბათუმში ოსმალეთთან მოსალაპარაკებლათ და ვცდილობდი მორიგებით გამეთავებია საქმე. იგი ჩვენი მეზობელია და გვსურს მასთან მეზობლობა, მაგრამ ჩვენს მიწაზე არავის შემოვუშვებთ.

ორი წლის ჩვენმა მუშაობამ დაარწმუნა ევროპა, რომ ჩვენ ჩინებულად შეგვიძლია საკუთარი სახელმწიფოს მოვლა-პატრონობა და ამიტომაც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა (ტაში).

ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის მოვლა და მოვუვლით კიდეც.

გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს!

გაუმარჯოს სამუსლიმანო საქართველოს!

გაუმარჯოს ჩვენს ძმობას და მეგობრობას!

(ხანგრძლივი ტაში და ოვაციები).

მსგავსი/Related

Back to top button