ახალი ამბები

სოფელ მუშევანიდან კოვიდ-19-ით ინფიცირებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში გუშინ ადგილობრივებსა და სამედიცინო პერსონალს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტები დღეს, თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

მუშევანის მკვიდრებსა და ადგილზე ჩასულ სამედიცინო პერსონალს შორის დაპირისპირება გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:00 საათისთვის, მას შემდეგ მოხდა, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები სოფელში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოში გადასაყვანად ჩავიდნენ. ადგილობროვებმა კი მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის საშუალება არ მისცეს.

სამედიცინო პერსონალთან ერთად, გუშინ მუშევანში პოლიციისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის განმარტებით, ინციდენტის შედეგად დაზინებულია მერიის წარმომადგენლის კუთვნილი ავტომობილი, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.

„რადიო მარნეული“ სოფელ მუშევანის ერთ-ერთ მკვიდრზე დაყრდნობით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, წერს, რომ ადგილობრივების რწმენით, „სოფელში ვირუსი არ არსებობს და მედიკოსებს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის გაზრდის გამო სავადმყოფოში გაციებული ადამიანები გადაჰყავთ“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ და მათი უშუალო ჩართულობით, „საკითხი მოგვარებულია“.

„გუშინ სოფელში სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას შორის მცირედი გაუგებრობა მოხდა, ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ, ყველაფერი დროულად გაირკვა. სოფელში მყოფ მოსახლეობაზე კი მედიკოსები დაკვირვებას აწარმოებენ. მუშევანში ამ დროისთვის სტაბილური სიტუაციაა“, – განმარტავენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ სოფელ მუშევანში მომხდარი ინციდენტის დროს ფიზიკურად არავინ დაშავებულა. ამავე ინფორმაციით, მსუბუქად დაზიანდა ორი სატრანსპორტო საშუალება.

უწყებისვე განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს, მარნეულში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან გამართულ შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მუშევანში, „როგორც ჩანს, პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი“. შოთა რეხვიაშვილმა კი აღნიშნა, რომ გუშინდელი ინციდენტი „კრიმინალური უფრო იყო, ვიდრე, პოლიტიკური“ და ხაზი გაუსვა, რომ ადგილზე პროცესები მართვადია.

ამირან გამყრელიძემ დღევანდელ შეხვედრაზე ადგილობრივებისთვის ახალი კორონავირუსის შესახებ მათთვის გასაგებ ენაზე ზუსტი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

სოფელი მუშევანი ეპიდემიოლოგიური რისკისა და კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრს საკარანტინო ზონად გამოცხადაა.

მუშევანთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმავე მიზნით, ჩაკეტილია სოფლები: ხატისოფელი, ვანათი, რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი, ასევე ქალაქი ბოლნისი.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 53 690, სოფელ მუშევანში კი – 905 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მკვიდრების აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button