რესპუბლიკის ამბები

დამფუძნებელი კრება: ქართველი ერი ევროპისაგან აზიისაკენ ვერ იბრუნებს პირს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 4 მაისი, N98

დამფუძნებელი კრების მოწოდება

საქართველოს შვილნო!

ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მტერი უახლოვდება.

უდიდესი განსაცდელის ჟამს სამშობლო თავდაცვისათვის მოუწოდებს ყოველ მოქალაქეს.

ჩვენს ქვეყანას მტრად ევლინება ბალშევიზმის სამოსელში გახვეული რუს-თათრული იმპერიალიზმი.

შინაური ბრძოლითა და უწესრიგობით განადგურებული რუსეთის, ამ პურის ქვეყნის დამშეული, გაბოროტებული ბრბოებს უკავშირდებიან არზრუმის ფაშებს, ჩვენს ისტორიულ მტრებს და ამაოდ ოცნებობენ დამარცხებული ოსმალეთის აღდგენას, განათლებული ევროპის შემუსრვას.

ქართველმა ხალხმა იცის, რომ ორი წლის დამოუკიდებელი არსებობის განმავლობაში საქართველოს არც ერთხელ არ მოუნდომებია სხვისი მიწა-წყლის წაგლეჯა, მეზობლების დაჩაგვრა, იმათზე ძალადობის გამოჩენა.

ჩვენს ირგვლივ, მოსაზღვრე ქვეყნებში, სისხლის რუები იღვრებოდა, საუკუნეობით შექმნილი სიმდიდრე იძარცვებოდა. ამ დროს ჩვენი ხალხი, საშინელი ომისაგან დაუძლურებული, თანდათან წელში სწორდებოდა, ინახავდა და იცავდა ძველ სიმდიდრეს, ჰქმნიდა ახალს.

ჩვენი პატარა ქვეყანა შეუდრეკელი ციხე იყო არა მარტო თავისი შვილებისათვის, აქ სხვა ხალხის დევნილი შვილებიც იფარავდნენ თავს.

ჩვენ მოგვაშურეს დენიკინელებისაგან დამარცხებულმა ბალშევიკებმა, ჩვენს კალთად ამოეფარნენ თვით დამარცხებული დენიკინელები; ჩვენსკენ გამორბოდნენ სომხეთიდან აწიოკებული თათრები; ჩვენს ქვეყანაში პოულობდნენ ბინას ადერბაიჯანში დევნილი სომხები.

მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში არც ერთ ჩვენ მეზობელ ხალხს არ უნახავს ლტოლვილი ქართველები.

ომისა და ანარქიის ჯოჯოხეთიდან შემოხიზნულები ჩვენი მშვიდობიანი ქვეყნის მიწას ჰკოცნიდნენ,, სამოთხეს უწოდებდენ საქართველოს.

დღეს რუს-თათართა ბრბოებს სურთ ააოხრონ, ჯოჯოხეთს დაამგვანონ ჩვენი ქვეყანა, სურთ ევროპასთან ომში ჩაითრიონ ჩვენი ხალხი.

ჩვენმა მეზობელმა ადერბეიჯანმა გასწყვიტა ჩვენთან კავშირი და ანარქიის უფსკრულისაკენ გაექანა:

ამას არ ჩაიდენს ქართველი ხალხი.

ის სამშობლოს, დემოკრატიას, თავისუფლებას – ვერ უღალატებს, ვერ გასცემს, ვერ გაჰყიდის; ევროპისაგან აზიისაკენ ვერ იბრუნებს პირს, განათლებას უმეცრებაზე ვერ გასცვლის, დემოკრატიზმის მაგიერ დესპოტიას ვერ დაუთმობს ადგილს; ანარქიის ტალღებში ვერ გადაეშვება.

დამფუძნებელი კრება ღრმად არის დარწმუნებული, რომ მთელი საქართველოს ხალხი, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა და მიმართულებისა, ქართველი ერი, საქართველოს დემოკრატია, მისი სახელოვანი, ბრძოლაში გამობრძმედილი შეიარაღებული ძალა – ჯარი და სახალხო გვარდია და მთელი ხალხი შემოკრბება დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის გარშემო, შემოურყევლად დაიცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს!

გაუმარჯოს თავდაცვას!

დამფუძნებელი კრება

მსგავსი/Related

Back to top button