Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

„საქართველო განსაცდელშია“ – ნოე ჟორდანიას მოწოდება ბოლშევიკური საფრთხის გამო

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 აპრილი, N95

მთავრობის თავმჯდომარის მოწოდება

საქართველოს ქალაქებს, ერობებს, თემებს, გვარდიის შტაბებს და აფხაზეთის კომისარიატს

ჩრდილოეთის საფრთხე საქართველოს ჭიშკარს მოადგა. ბაქოში უბრძოლველად შევიდა ბოლშევიკების ჯარი და იქ საბჭოთა მმართველობა გამოაცხადა. აზერბაიჯანმა კარი გაუღო მათ, რაც მოწმობს მოსკოვის და ერზრუმის (ქემალის) წინასწარ შეთანხმებას. საქართველო, საქართველოს დემოკრატია და მისი ამდენი ხნის შემოქმედებითი მუშაობა განსაცდელშია.

ჩვენ ქვეყანას მოელის ისეთივე განადგურება და სისხლიდან დაცლა, როგორც განადგურებულია და დაუსრულებელ ომებით სისხლიდან იცლება რუსეთი. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, ჩვენ მდგომარეობას ვიხსნით მხოლოდ ჩვენ, ჩვენი ერთსულოვნება და მომხთურთა წინაშე მედგრად დარაზმვა.

მთავრობას მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი დაიცვას ქვეყანა ამ უბედურებისაგან, ააცდინოს მშრომელ ხალხს ეს მწარე ფიალა, იხსნას ის დარბევისაგან და მოგვიწოდებს თქვენ და თქვენთან ერთად მთელ დემოკრატიას  ფეხზედ დააყენოთ მთელი თქვენი ძალა, შემოკრიბეთ მთავრობის და დამფუძნებლის გარშემო, დაუყონებლივ შეასრულოთ მთავრობის ბრძანებები, დაიცავით შიგნით სასტიკი წესრიგი, შთაბეროთ ერთგულად მხნეობა და ენერგია, სამაგიერო მიუძღვნათ ორგულთ და მოღალატეთ და მით გადაარჩინოთ სამშობლო აოხრებისაგან.

მთავრობამ უკვე გამოაცხადა მობილიზაცია, დანიშნა თავდაცვის საბჭო, აირჩია სარდალი, ჩააყენა აღმოსავლეთ საქართველოს ამხედრო წესებში, მიიღო ყველა წინასწარი ზომები.

დეე, თვითეული მოქალაქე, თვითეული თანამდებობის პირი იდგეს თავის პოსტზე და პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობა.

მთავრობისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე

ნოე ჟორდანია

მსგავსი/Related

Back to top button