Placeholder canvas
ახალი ამბები

„TI საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებს აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TIG) 28 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა, რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, მუნიციპალიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) შექმნის უფლება ეძლევათ.

არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, მუნიციპალიტეტებისათვის სსიპ-ების შექმნის უფლებამოსილების მინიჭება მხოლოდ სსიპ-ების მარეგულირებელი კანონმდებლობის ფუნდამენტური ცვლილების კონტექსტში უნდა განხორციელდეს. ორგანიზაციისვე განმარტებით, სსიპ-ების ერთიანი რეესტრის შექმნის გარეშე, მუნიციპალიტეტებისათვის სსიპ-ების შექმნის უფლებამოსილების მინიჭება მიზანშეუწონელია.

კანონპროექტის თანახმად, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს ენიჭება უფლებამოსილება დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და რიგი უფლებამოსილებები გადასცეს სსიპ-ებს, მათ შორის, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება; ტერიტორიის კეთილმოწყობა; მუნიციპალური ნარჩენების მართვა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; სამშენებლო ნებართვების გაცემა; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა; უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და სხვ.

მთავრობის განმარტებით, მოცემული ცვლილება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით მექანიზმს უზრუნველყოფს, რათა ეფექტიანად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები და ხელი შეუწყონ მუნიციპალიტეტების განვითარებას.

არსებული მდგომარეობით, სსიპ-ების ჩამოყალიბებისა და მართვის უფლებამოსილება მხოლოთ თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონმდებლობის რეფორმის გარეშე მუნიციპალიტეტებისთვის სსიპ-ების შექმნის უფლების მინიჭება მიზანშეუწონელია. იგი რამდენიმე ხარვეზაც გამოყოფს და განმარტავს, რომ ცვლილების მიღებამდე მათი მოგვარებაა საჭირო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ კანონპროექტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტებისთვის სსიპ-ების შექმნის უფლების მინიჭება და რატომ ვერ შეასრულებს იმავე ფუნქციას თავად მუნიციპალიტეტი.

ორგანიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ რამდენად თანხვედრაშია შემოთავაზებული ცვლილებები დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან.

„არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ უფლებამოსილების 10 წლით არსებობა. რამდენად მიზანშეწონილია მუნიციპალური სსიპ-ების შექმნა მაშინ, როდესაც რეფორმას საჭიროებს თავად სსიპ-ების არსებული კანონმდებლობა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ „სსიპ-ების მარეგულირებელი კანონმდებლობა ბევრ თეთრ ლაქას შეიცავს“ და განმარტავს, რომ არ მომხდარა სსიპ-ების კატეგორიზაცია, ბუნდოვანია სსიპ-ების დაარსების წინაპირობები და უფლებამოსილების ფარგლები და სხვ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ასევე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტები უკვე ქმნიან მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს, რომლებსაც ასევე გადასცემენ საკუთარი უფლებამოსილებების ნაწილს.

ორგანიზაციისვე თქმით, მთავრობა აცხადებს, რომ ა(ა)იპ-ებს კანონპროექტით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება არ შეუძლიათ და რომ მხოლოდ სსიპ-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე ორგანოს შეუძლია სანქციების დაწესება და აღსრულება.

„არგუმენტი არასწორია, რადგან მაგალითად, თბილისის პარკირების რეგულაციების აღსრულება წლების განმავლობაში დელეგირებული იყო კერძო შპს-ზე და დელეგირების კანონიერება არასდროს ეჭვის ქვეშ არ დამდგარა“, – განმარტავენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თქმით, ამ მომენტისთვის, მუნიციპალიტეტებში არსებობენ ა(ა)იპ-ები და შპს-ები, რომლებსაც დელეგირებული აქვთ კომუნალური სერვისები, ტურიზმი და ძეგლთა დაცვა, სპორტი და კულტურა, სკოლამდელი აღზრდა და ა.შ.

მეორე მხრივ, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „კანონპროექტის მიზანი მუნიციპალური ა(ი)იპ-ების სსიპ-ებად გარდაქმნა რომ ყოფილიყო, ეს დადებითი განზრახვა იქნებოდა, რადგან სსიპ-ები საჯარო სამსახურის ნაწილია, მათი მართვა გაცილებით მკაცრადაა რეგლამენტირებული და შესაბამისად, მათი გამჭვირვალობის და საჯაროობის ხარისხი, ა(ა)იპ-ებთან შედარებით, გაცილებით მაღალია“.

ორგანიზაციის განცხადებით, კრიტიკას ვერ უძლებს ა(ა)იპ-ებში არსებული გამჭვირვალობის ხარისხი, ხოლო წინასაარჩევნოდ, აქტიურად ხდება ა(ა)იპ-ების ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამადე რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) ჩატარდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button