Placeholder canvas
ევროპამათი თვალით

მოდა, ეპიდემია და დისტანცია

კორონავირუსის აფეთქებასთან ბრძოლაში „სოციალური დისტანცირება“ ერთ-ერთი იარაღად იქცა. ხელისუფალნი ხალხს ეუბნებიან, საკვების მომარაგებას და ჰოსპიტლებში სირბილს ის ჯობია, სხვებთან ფიზიკური დისტანცია დაიცვათ, ამით ეპიდემიის გავრცელების ტემპი მოიკლებს და ჯანდაცვის სისტემა უკეთ გაუმკლავდებაო.

ეინავ რაბინოვიჩ-ფოქსი, აშშ-ის თანამედროვე ისტორიის სპეციალისტია ქეის ვესტერნ უნივერსიტეტში. მისი კვლევის საკვანძო თემა გენდერული საკითხებია, მათ შორის, მოდის სოციალურ ისტორიის შესწავლაც.

სხვებისაგან ფიზიკური დისტანციის დასაცავად ადამიანები კარგა ხანია ტანსაცმელს იყენებენ. ჩვენს დროში, პირის დოლბანდი იქცა აქსესუარად, რომელიც გამვლელებს ეუბნება – ჩემგან თავი შორს დაიჭირეთო.

ჩაცმა და მოკაზმულობა წინა ეპიდემიების დროსაც შეცვლილა – მაგალითად, შავი ჭირის აფეთქების დროს ექიმები „ჩიტისნისკარტა“ ნიღბებს ატარებდნენ. ნისკარტის ერთ-ერთი მიზანი ავადმყოფებისაგან დისტანციის დაცვაც იყო. კეთროვანები ტანსაცმელზე გულის ნიშანს ატარებდნენ, ზოგან კი ზანზალაკებიც ეჭირათ ხელში, რომ ხალხი მორიდებოდათ.

თუმცაღა, პანდემიის შიში სულაც არ გვჭირდება იმისათვის, რომ ზოგიერთებისაგან თავის შორს დაჭერა მოვისურვოთ. ასე იყო ყოველთვის.

შესაბამისი დისტანციის დაცვა სქესთა, კლასთა და რასებს შორის სოციალური ურთერთობების მნიშვნლოვანი ნაწილი იყო. ხშირად ამის მიზეზი ეტიკეტი და კლასებს შორის ურთიერთობების ხასიათი უფრო იყო, ვიდრე – ავადმყოფობა. ჩაცმულობა მშვენიერი საშუალება იყო საზოგადოებრივად მიღებული ქცევის გასაკონტროლებლად.

თუნდაც „კრინოლინიანი“ კაბები ავიღოთ: უზარმაზარი ქვედაბოლოები მოდაში მე-19 საუკუნის შუა ხანებში შემოვიდა და მათი ერთ-ერთი პრაქტიკული დანიშნულება საზოგადოებაში მამაკაცებთან ურთიერთობისას პატივსაცემი დისტანციის დაცვის შენარჩუნება იყო.

ამგვარი კაბების პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ XV საუკუნეში, ესპანეთის სამეფო კარზე გაჩნდა, თუმცა ევროპის მასშტაბით მაღალი სოციალური კლასის კუთვნილებად მე-18 საუკუნეში იქცა. ცხადი იყო, რომ ასეთი ჩაცმულობით შინაურ საქმეებს ქალი ვერ მიხედავდა, ვერც მომცრო ბინაში მოიქნევდა კუდს და ვერც მარტო ჩაიცვამდა – კრინოლინის მოსარგებად მოახლის დახმარება იყო საჭირო. რაც უფრო დიდი იყო კაბის გარშემოწერილობა, მით უფრო მაღალი იყო ქალბატონის სოციალური სტატუსი.

XIX საუკუნის სატირული ჟურნალი მასხრად იგდებს კრინოლინს. წყარო: Wikimedia Commons

თუმცაღა, 1850-60-იანი წლებიდან კრინოლინიანი კაბების წარმოება ინგლისში მასობრივად დაიწყეს და მოდის სამყარო „კრინოლინომანიამ“ მოიცვა.

რეფორმატორები ხშირად კრინოლინს ქალების ჩაგვრის ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევდნენ, რადგანაც ის მათი გადაადგილებას და თავისუფლებას ზღუდავდა. თუმცაღა, კრინოლინის შთამბეჭდავი გარშემოწერილობა ქალების აბეზარა თაყვანისმცემლებისაგან დაცვასაც ემსახურებოდა – ასე გამოწყობილ ბანოვანს ვერც ზედმეტად ახლოს მიუდგებოდი და ვერც მაშინ ფრიად მოდურ დეკოლტეში ჩაუძვრებოდი თვალით.

მართალია, ამაზე მაშინ განგებ არავის უფიქრია, მაგრამ შესაძლოა კრინოლინმა ყვავილისა და ქოლერას გავრცელებისაგანაც დაიცვა ბანოვნები. თუმცაღა კრინოლინს თავისი საფრთხეებიც ახლდა: ცნობილია, რომ კრინოლინზე სანთლისაგან მოდებულმა ცეცხლმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1870-იან წლებში კრინოლინი ახალმა მოდამ შეცვალა, რომელიც მხოლოდ უკანა მხრიდან ავსებდა ქვედაბოლოს. ამით „დისტანცირების“ ფუნქცია დიდწილად დაიკარგა.

თუმცაღა ქალები კვლავაც აგრძელებდნენ მამაკაცთა არასასურველი ყურადღებისაგან თავის დასაცავად მოდის გამოყენებას. 1890 წლებიდან მოყოლებული კაბების გარშემოწერილობა კი შეიკვეცა, სამაგიეროდ უზარმაზარი შლიაპები შემოვიდა მოდაში. ეს ქუდები და – განსაკუთრებით – ქუდის თავზე დასამაგრებელი, წამახული მეტალის სარჭები კრინოლინზე ბევრად უფრო სერიოზულ იარაღს წარმოადგენდნენ.

ამასობაში, მოდას ბაქტერიებისა და ბაცილების შესახებ ცოდნაც წამოეწია. ჰიგიენის შესახებ უფრო მეცნიერული წარმოდგენა გაჩნდა და მოდაში პირბადეები შემოვიდა – ეს უკვე „ესპანური გრიპის“ ეპიდემიის დროს. შედარებით უფრო მომცრო შლაპები ახლა უკვე პირბადეების დასამაგრებლად გამოიყენებოდა.

ვინ იცის, ეგება კორონავირუსის ამჟამინდელმა კრიზისმაც მოიტანოს მოდის ახალი ტენდენციები, ანდა ძველი გააცოცხლოს. შემოქმედმა ხალხმა უკვე შემოგვთავაზა ეპიდემიისაგან თავის დასაცავი ტანსაცმლის მოდელები. ჯერ კიდევ გასარკვევია, როდის დადგება ახალი სამოსელის მოსინჯვის დრო, მანამდე კი ჯერჯერობით ყველანი პიჟამოების ამარა ვრჩებით…

The Conversation
Via
The Conversation
პირველწყარო
The fashionable history of social distancing

მსგავსი/Related

Back to top button