Placeholder canvas
ახალი ამბები

თალაკვაძე მოუწოდებს უკრაინელ დეპუტატებს მხარი არ დაუჭირონ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თავის უკრაინელ კოლეგას დმიტრო რაზუმკოვს 24 აპრილს წერილი გაუგზავნა, სადაც იგი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

თალაკვაძემ წერილში ორ ქვეყანას შორის არსებულ „სტრატეგიულ პარტნიორობას“ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა „ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას“.

„ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე“, – ნათქვამია თალაკვაძის წერილში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა უკრაინელ დეპუტატებს, რომ სააკაშვილის კანდიდატურისთვის ხმის მიცემამდე ყველა ეს გარემოება გაითვალისწინონ.

უკრაინაში სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას მმართველი გუნდის სხვა წევრების შეშფოთებაც მოჰყვა.

„უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა: „საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“.

გახარიამ არ გამორიცხა, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინაში საქართველოს ელჩი მინიმუმ კონსულტაციებისთვის გამოიწვიონ.

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებიდან მალევე დატოვა. მას საქართველოში ბრალი რამდენიმე საქმეზე აქვს წარდგენილი, რომელთაც ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 2015 წელს, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების შემდეგ, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში კი – უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მას 2021 წლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. 2019 წელს, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა და ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button