Placeholder canvas
ახალი ამბები

ალექსანდრე ანქვაბი ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრად“ დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ რეგიონის 12-წევრიანი „მინისტრთა კაბინეტის“ მეთაურად ალექსანდრე ანქვაბი დანიშნა.

ასლან ბჟანიამ, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 23 აპრილიდან შეუდგა, ვალერი ბგანბას „მთავრობის“ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც გარდაცვლილი „პრეზიდენტის“ სერგეი ბაღაფშის ახლო მოკავშირე იყო, რეგიონის მთავრობის მეთაურად 2005 წლის თებერვლიდან 2010 წლის თებერვლის ჩათვლით უკვე მსახურობდა.

ალექსანდრე ანქვაბის ბიოგრაფია

ალექსანდრე ანქვანი 2011-2014 წლებში აფხაზეთის მესამე „პრეზიდენტი“ იყო. მან პოსტი 2014 წლის ივნისში დატოვა მას შემდეგ, რაც ხუთი დღით ადრე ოპოზიცია ბჟანიას წინამორბედის, რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტის რეზიდენციაში“ შეიჭრა.

რეგიონში პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, ექვსი წლის განმავლობაში, 1990 წლამდე, ანქვაბი თბილისში საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მსახურობდა. 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, იგი აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ომის შემდეგ, მან აფხაზეთი დატოვა და თითქმის ათი წელი, 2004 წლამდე, მოსკოვში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.

აფხაზურ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, იგი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეეცადა, თუმცა იმის გამო, რომ აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარებაზე უარი თქვა, კანდიდატად არ დაარეგისტრირეს. მან საბოლოოდ არჩევნებში სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი და მას შემდეგ, რაც ბაღაფში პრეზიდენტი გახდა რაულ ხაჯიმბასთან სადავო არჩევნების შედეგად, ანქვაბი რეგიონის „პრემიერ–მინისტრად“ დაინიშნა.

2012 წლის თებერვალში ანქვაბი მორიგ თავდასხმას გადაურჩა. 2005 წლის შემდეგ, მას თავს დაახლოებით ექვსჯერ დაესხნენ. თუმცა, არცერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და მასზე თავდასხმისთვის არც არავინ დაუკავებიათ.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად ანქვაბის ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს. იმ დროს ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა, ანქვაბი, რომელიც მაშინ „პრემიერ-მინისტრი“ იყო, მისი მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

2005 წლის აპრილში ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ ცეცხლი გაუხსნეს. მაშინ, ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში სოხუმსა და გუდაუთას შორის მდებარე გზაზე დისტანციური მართვის ნაღმი „ფუგასი“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში აცხადებდნენ, რომ ნაღმის სამიზნეს, რომელიც იმ ტრასაზე იყო დამონტაჟებული, სადაც ანქვაბის კორტეჟი რეგულარულად მოძრაობდა, სწორედ ანქვაბი იყო.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით, გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

2010 წლის სექტემბერში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ანქვაბი, რომელიც მაშინ „ვიცე–პრეზიდენტი“ იყო, ხელისა და ფეხის არეში დაიჭრა.

თავად ანქვაბი თავდასხმებს „შიდა“ აფხაზურ ძალებს აბრალებდა, თუმცა დეტალებზე მას საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button