Placeholder canvas
ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ოკუპირებული აფხაზეთის მეხუთე „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ხუთი წლის ვადით უფლებამოსილების შესრულებას 23 აპრილიდან მას შემდეგ შეუდგა, რაც 22 მარტის განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გაიმარჯვა. 22 მარტის განმეორებით არჩევნებს წინ ადგილობრივი სასამართლოს მიერ 12 იანვარს 2019 წლის სექტემბრის „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგების გაბათილება უძღოდა, რის შემდეგაც, აფხაზეთის აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა მალევე დატოვა.

თავის საინაუგურაციო სიტყვაში ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ინსტიტუტების გაძლიერების, ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის გაღრმავების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის დამარცხების საჭიროებისა და რუსეთთან ურთიერთობების განმტკიცების შესახებ ისაუბრა.

სოხუმში „საპრეზიდენტო რეზიდენციაში“ გამართულ შეკრებაზე, რომელსაც დაახლოებით 60 ადამიანი დაესწრო, ბჟანიამ თავისი 6-წუთიანი სიტყვა რუსულ ენაზე წარმოთქვა და ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთის მთავარი მიზანი „ძირითადი ინსტიტუტების“ ტრანსფორმაცია და გაძლიერებაა.

„მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი აფხაზეთის ხალხის შენარჩუნება და მდგრადი განვითარება“, – განაცხადა მან.

ბჟანიას თქმით, წინასაარჩევნო კამპანიამ მას იმედები გაუჩინა, რომ აფხაზეთში ახალი პოლიტიკური კულტურა იქმნება. მანვე აღნიშნა, პოლიტიკურ ექსტრემიზმთან და რეგიონის წინაშე არსებულ სხვა საფრთხეებთან ბრძოლაში მას ოპონენტებთან თანამშრომლობის იმედი აქვს.

ბჟანიამ ასევე განმარტა, რომ მისი, როგორც რეგიონის ახალი ლიდერის, მთავარი ამოცანაა „ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა“ და იქვე დასძინა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ პატიოსანი და გამჭირვალე მუშაობითაა შესაძლებელი. „ყველამ, ვისაც მოვიწვევთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამუშაოდ, უნდა აჩვენოს საზოგადოებას კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპების დაცვისადმი ერთგულება“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

აფხაზეთის ახალმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ იგი მოსახლეობას მათი ცხოვრების სწრაფ გაუმჯობესებას ვერ დაჰპირდება. მისივე თქმით, პრობლემის მოგვარების პირველი ეტაპი ისეთ რიგ საფრთხეებთან გამკლავებას მოითხოვს, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული და მისი შემადგენელი ნაწილი – კორუფცია.

ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მართლწესრიგის დამყარებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე, შეუძლებელია ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოსაზიდად პირობების შექმნა“.

ბჟანიამ რუსეთთან ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა და თქვა: „ჩვენ მთავარ მოკავშირესთან და სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთის ფედერაციასთან, ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება“.

„ჩვენ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ მოძმე რუსეთთან ორმხრივი, თანასწორი და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ყველა ასპექტზე“, – განაცხადა ბჟანიამ.

კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას, მან მადლობა გადაუხადა მედიცინის მუშაკებს, ასევე სხვა შესაბამისი სტრუქტურების თანამშრომლებს „კოორდინირებული ქმედებებისთვს“, რამაც „პრობლემის მასშტაბის ლოკალიზების შესაძლებლობა მოგვცა“.

საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

22 მარტის განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო“ არჩევნები „სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. არჩევნები „წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას“.

ასლან ბჟანია, საბჭოთა KGB-ის სკოლის კურსდამთავრებული, აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატად დიდი ხანია განიხილებოდა. იგი 2019 წლის არჩევნების დროს, აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატისა და იმჟამინდელი ლიდერის – რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა მძიმე ლითონებით მოწამვლის გამო, მან  „საპრეზიდენტო არჩევნებში“ კენჭი ვეღარ იყარა.

2020 წლის 2 მარტს ასლან ბჟანია საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მოსკოვიდან სოხუმისკენ მიმავალი, გზად სოჭში გაჩერდა, სადაც „თავი შეუძლოდ იგრძნო“. მოგვიანებით, იგი კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბჟანია კრასნოდარის რეგიონული საავადმყოფოდან 11 მარტს გაწერეს, სადაც იგი ფილტვების ორმხრივი ანთების დიაგნოზით, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button