ახალი ამბები

პანდემიისას ივანიშვილის TikTok-ზე გამოჩენის კრიტიკას „ოცნება“ ოფიციალური განცხადებით პასუხობს

ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებიდან თითქმის ორი თვის თავზე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე პირველად 21 აპრილს, გასართობ სოციალურ პლატფორმა – TikTok-ზე საკუთარ ვაჟთან ბერა ივანიშვილთან ერთად ჩაწერილ ვიდეოში გამოჩნდა. ივანიშვილის გამოჩენას ოპოზიციისა და მოქალაქეთა ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, რასაც თავის მხრივ, 22 აპრილის საღამოს მმართველმა პარტიამ განცხადებით უპასუხა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამ ფორმატში გამოჩენით უკმაყოფილო მოქალაქეთა ნაწილი და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ მაშინ როდესაც ივანიშვილი პანდემიის მიმდინარეობისას საზოგადოებაში არ გამოჩენილა და მოსახლეობასთან კრიზისის დაძლევაზე, ასევე მათთვის დახმარების გაწევის ალტერნატიულ გზებზე არ უსაუბრია, მსგავსი ვიდეოს გავრცელება საზოგადოების შეურაცხყოფაა.

საპირისპიროს ფიქრობენ მმართველი პარტიის წევრები. „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ გაცხადებაში ნათქვამია, რომ „ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს“ ქართული ოცნების აგრესიული ოპონენტების მხრიდან მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა მოჰყვა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებლის კადრებაში“.

„ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევთ – მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა“, –  წერს მმართველი პარტია და დასძენს, რომ „ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რადგან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა.“

აღნიშნული შეხედულების გასაბათილებლად მმართველი გუნდი ამბობს, რომ გუშინ, აღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნებამდე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან რამდენიმე თათბირი ჩაატარა, სადაც ყველა ის „საჭირბოროტო“ საკითხი განიხილეს, რომელიც ხალხს და ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლისას აწუხებს.

„ამ რეჟიმში მუშაობს ბიძინა ივანიშვილი და ასე მუშაობდა ყოველთვის, რაც პოლიტიკაში დაბრუნდა. უბრალოდ, ახლა, შექმნილ ვითარებაში, გაცილებით მეტი მუშაობა უწევს და კიდევ უფრო ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება გუნდთან. ამ ტიპის თათბირები და შეხვედრები პარტიაში ყოველდღიურად იმართება და ბიძინა ივანიშვილი, მუდმივ კონტაქტშია ანტიკრიზისულ საბჭოსთან და პოლიტიკური გუნდის ლიდერებთან“, – ვკითხულობთ მმართველი პარტიის განცხადებაში.

„ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან და მათი ლიდერებისგან განსხვავებით, არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე, პიარზე და პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე, არამედ საქმის კეთებაზე და მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული“.

„ქართული ოცნება“ თქმით, იმ პირობებში, როცა მიმდინარე კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების მუშაობის შედეგები თვალნათელია და მას „დადებითად აფასებს საქართველოს მოსახლეობაც და მთელი მსოფლიოც, აბსოლუტურად მიუღებელია ის კრიტიკა, შეურაცხყოფა და სახალისო ვიდეორგოლის უხამსობად შერაცხვის მცდელობა, იმ მარაზმის ავტორებისგან, ვინც თავის დროზე ქვეყანაში რუსულ ჯარს შემოუძღვნენ“ და „26 მაისს, სისხლით მორწყულ რუსთაველზე საზეიმო აღლუმი მოაწყვეს და ამით ხარობდნენ“.

„ამ ხალხს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, პანდემიის გაჩენასაც ბიძინა ივანიშვილს დააბრალებდნენ, რადგან მისგან განსხვავებით, მათ არ უხარიათ საკუთარი ქვეყნის წარმატება, ისინი ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტიანი ხელისუფლება და ვერ ეგუებიან, რომ ქართველი ხალხიც და მსოფლიოც ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს მომავლისადმი“, – აღნიშნავს მმართველი პარტია და განმარტავს, რომ „სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button