რესპუბლიკის ამბები

„ერთობა“: სამღვდელოების შავი ლაშქარი დემოკრატიას ესხმის თავს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 11 დეკემბერი, N283

სამღვდელოება საომრათ

საქართველოს სამღვდელოება საომრათ გამოსულა. ბატონ კათალიკოზის ლეონიდეს მეთაურობით შემდგარი შავი ლაშქარი, საქართველოს დემოკრატიის ნდობით აღჭურვილ მთავრობას უპირებს თავდასხმას.

მერე რისთვის?

რით გავანაწყენეთ ეს „ღვთისმოსავნი“?

გაზეთ „საქართველომ“ დათვური სამსახური გაუწია ამ საკითხის გადასაჭრელად ბატონ კათალიკოზს. მან გამოაქვეყნა ბატონ ლეონიდეს წერილი მთავრობის თავმჯდომარისადმი, საიდანაც სჩანს, რომ უკანასკნელს თავის განკარგულებით, რომლის ძალით გელათში დაცული ისტორიული საუნჯე ბაზარში გაყიდვას იქნა გადარჩენილი და, როგორც ერის ქონება, ერის სალაროში [ეროვნულ მუზეუმში] შენახული, თურმე „შარა გზაზე სვამს ქართული ეკლესიის ყოფნა არ ყოფნის საკითხს“. ე. ი. ლუკმა პურს ართმევს მღვდლებსა და ბერ მონაზონებს. აქედან ცხადია, რა გულის წადილი ამოქმედებს  ამ ღვთის მოსავთა კრებულს. ეს საიქიოს მოციქულები  ღვთის სახელით და სასოების გრძნობით სარგებლობენ თავის სააქაო, ხორციელ საქმეების მოწყობათ. მათ ეკლესიაში დაცული განძეულობა, მონასტრებში შენახული ისტორიული სიმდიდრე ქართველი ხალხისა, თავის საკუთრებათ მიაჩნიათ. აი მოისმინეთ: „თუ გელათის მონასტერს არ დაუბრუნეთ მისი საკუთრება“ იმუქრება კათალიკოზი, ვერც მე შემეძლება გაჩუმება და იმ შემთხვევისათვის ვიტოვებ მოქმედების თავისუფლებას“ .

„გელათის მონასტერს დაუბრუნეთ მისი საკუთრება“. სჩანს თამარ დედოფლის ქოშები გელათის მონასტრის ყოფილა ან უკეთ იმ ბერების და ეპისკოპოსების, რომელნიც ამ მონასტერს განაგებენ და არაა ქართველი ერის. ალბათ თამარ მეფე – გელათის მონასტრის მეფე თუ გონიათ ამ „ღვთისნიერ“  ხალხს, მაგრამ რომელი საბუთით?

ეკლესია ძველათ სახელმწიფოს ერთი განუყრელი ნაწილი იყო, ხოლო ეკლესიის მეთაურნი  – ყმების მფლობელნი, მემამულენი და უმეტესათ მეფის გვარეულობიდან გამოსულან. აქ სახელმწიფო ფლობდა ხალხის სიმდიდრეს ღვთის სახელით. ზეცის შიში იყო საშუალება ხალხის დამორჩილების. ამიტომ სიმდიდრე ერის მრავლდებოდა მონასტრებში, რომ ხალხისაგან ხელშეუხებელი ყოფილიყო, ხოლო თვით ეს მფლობელნი და გამგებელნი ეკლესიისა კი, როგორც მესაკუთრენი, თავისუფლათ სარგებლობდენ ამ ხალხის ოფლით მონაგარ ქონებას.

და დღეს, როცა ხალხმა მონობისაგან თავი იხსნა – ეს ზეცის შემყურენი კვლავ სააშკარაოზე გამოვიდენ და ქვეყანას ძველი, ფეოდალური საზომით და არშინათ მოევლინენ. ძვირფასი განძეულობა გელათის მონასტრის საკუთრებაა, ხოლო მონასტერი ჩვენი, სამღვდელოების, მაშასადამე ჩვენ გვაქვს უფლება იმით ვისარგებლოთ, რაც იქ ერს დაუგროვებია. და თუ მთავრობას, წარმომადგენელი მთელი ხალხის, ამ ხალხის სახელით ბედავს მის დაცვას მღვდლების და ბერების გაფლანგვისაგან, თუ იგი ხალხს უბრუნებს მის უდაო განძეულობას, ეს თურმე „შარა გზაზე დასმაა ეკლესიის ყოფნა  არ ყოფნის საკითხის“, ეს თურმე შელახვაა ერის უფლების.

ჩვენ დავიცავით ეს განძეულობა ისტორიის განმავლობაშიო, გაიძახიან სამღვდელონი და იმეორებს ამასვე ჩვენი კლერიკალურ ბურჟუაზიის სპეკულიანტური ორგანო „საქართველო“.  ვინ თქვენ დაიცავით? მღვდლებმა და ბერებმა? თუ ერმა დაიცვა თავის თავი და თავის დიდება? თქვენ იხსენით საქართველო, თუ ხალხის გენიამ იხსნა, თქვენ კი მობარებული ხალხისაგან დღეს გინდათ მიისაკუთროთ და დაცული მისი სისხლით თქვენი ანაფორის ძალას მიაწეროთ?

მაგრამ რომელი ლოღიკით?

ვინ დაგიჯერებთ ამას?

ძველი ფეოდალებიც ასე ტრაბახობდენ: ჩვენ დავიცავით ქვეყანა მტერთაგან წარსულში და ჩვენ გვეკუთვნის მთელი საქართველო ადგილ-მამული და ხოდაბუნებიო.

მაგრამ მათი ტრაბახი რომის ცნობილ ბატების ტრაბახს მოგვაგონებდა.  და ასეც შეფასდა. ჩვენს სამღვდელოებასაც ბატონ ლეონიდის მეთაურობით, სჩანს მათი „დაფნის გვირგვინები“ არ აძლევს მოსვენებას.

„მოქმედებათა თავისუფლებას“ ვიტოვებო, გაიძახის ბატონი კათალიკოზი, „გამომჟღავნება ხალხში თქვენის განკარგულებისა ნავთის ტბაში ანთებული ასანთის გადასროლა იქნებაო“ გვაშენებს ბატონი ლეონიდე.

„გელათში დანთებულია თქვენგან ისეთი ცეცხლი, რომელიც თუ ეხლავე თქვენი ხელითვე არ ჩააქვრეთ, სულ ჩქარა ცაში ავარდნილი გრანდიოზული ჭიაკოკონა წითლად შეღებავს მთელი საქართველოს არემარეს“. ერთი სიტყვით აჯანყების ალმურით გვემუქრება ასე ანაზდეულად გარევოლიუციუნერებულ ბერ მონაზონი.

და წარმოიდგინეთ მისი კადნიერება, მუსულმან ქართველებსაც კი იშველიებს მთავრობის წინააღმდეგ.

ახლად მოვლენილო რევოლიუციონერებო, სცადეთ ჭიაკოკონის დანთება, სცადეთ! ჩვენში ბავშვები ირთობენ ხოლმე თავს ვნების კვირაში ჭიაკოკონებით!

საქართველოს მთავრობა და ხალხი კი, რომელთაც რევოლუციის ქარცეცხლში გაუკაჟებიათ თავის გულ მკერდი, ასე მუქარით არ შედრკება და არც შეფიქრიანდება. ჩვენ ვამბობთ: ეკლესია-მონასტრებში დაცული ისტორიული განძეულება და სიმდიდრე ეკუთვნის მთელ ქართველ ხალხს და არა სამღვდელოებას, და მით უმეტეს არა გელათს ან რომელიმე მონასტერს.

საერო ქონების დაცვა და პატრონობა უნდა იკისროს ერის წარმომადგენლობამ, ერის ორგანიზმმა – სახელმწიფომ, შეკავშირებულმა ხალხმა. ეკლესია დღემდი გამოუყოფელი, დღეს უკვე განცალკევების წინაშე დგას და ცხადია ეს ქონება მას ვერ გადაეცემა, ვერც დასაცავათ და ვერც მით უმეტეს საკუთრებათ. მათ წარსულშიაც და ამ უკანასკნელ ხანებშიაც ერის ბევრი დაუფასებელი განძი დაჰკარგეს თუ გაფლანგეს, რაც გასული წლის ზაფხულზეც აღმოაჩინა მთავრობის გაგზავნილმა კომისიამ.

ამ გარდამავალ ხანში კი, როცა ეკლესია ასეთ ოპოზიციაში უდგება მთელ ხალხს და მის ქონების მითვისებას ცდილობს, სახელმწიფო როგორც დარაჯი ერისა, ვალდებულია მიიღოს ზომები, რომ ერს შეუნახოს ის, რაც ერს ეკუთვნის.

მსგავსი/Related

Back to top button