ახალი ამბები

ოთხი დიდი ქალაქი იკეტება. საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, 10 მაისამდე გაგრძელდება

აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს მთავრობამ ოთხი დიდი ქალაქის – თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის დაკეტვის, ასევე საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვებისა, რომლის მიხედვითაც სამზე მეტი პირის თავყრილობა იკრძალება, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას ჩვეული ფორმით გეგმავენ, რომელიც ღამის დაახლოებით 22:00 საათისთვის დაიწყება.

ქვეყანაში ასევე მოქმედებს კომენდანტის საათიც, რომლის თანახმადაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს გადაადგილება ეკრძალებათ. სააღდგომო ლიტურგიის ჩვეული ფორმით ჩატარების შემთხვევაში, მართლმადიდებლური ეკლესია ორივე ამ წესს დაარღვევს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ დღეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ახალი ინფიცირებული“ და „ზუსტად ვერავინ გვეუბნება კრიზისის და გავრცელების პიკი როდის გვექნება“.

შესაბამისად, მისი განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 15 აპრილის 21:00 საათიდან დასახელებულ ქალაქებში 10 დღის ვადით შესვლა და გასვლა აიკრძალება. „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილობის დოზა კიდევ უფრო ქვემოთ დავწიოთ“, – თქვა პრემიერმა. 

„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ 10 მაისამდე“, – აღნიშნა გახარიამ და იქვე დასძინა: „ეს არის ის აუცელებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისევე სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ“.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 296 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, 3 პაციენტი ქვეყნის გარეთ დაინფიცირდა და სამკურნალოდ საქართველოში გადმოიყვანეს. ამასთან 69 იფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა. აგრეთვე, 4 856 მოქალაქე 14 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 458 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას ისიც განუმარტა, რომ რაც უფრო ზედმიწევინით შევასრულებთ შეზღუდვებს, მით უფრო მალე შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკასთან და ბიზნესთან მიმართებით მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს.

„ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ, [საჭიროა] იმისთვის, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ნელ-ნელა დავიწყოთ ამ შეზღდვების ეტაპობრივად მოხსნა“, – განმარტა გახარიამ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ზღუდვების დამსახურებაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მცირე რაოდენობა გვყავს ინფიცირებულების.

მანამდე მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრი საკარანტინო ზომები კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაწესდა.

პრემიერმა ბრიფინგის დროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ქვეყანაში ეკონომიკის სტიმულირებისთვის მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ „საქართველო იქნება პირველი ქვეყანა“, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებით 447 აშშ მლნ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისგან წლის ბოლომდე, საქართველოს ეკონომიკაში „დამატებითი ინექციის სახით შემოვა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი“.

„ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც მიმართული იქნება როგორც საბიუჯეტო დახმარებების ასევე კონკრეტული პროექტების მიმართულებით“, – განმარტა მთავრობის მეთაურმა და იქვე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს კერძო საფინანსო სექტორისთვის 1.5 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზების შესახებ მიღწეულ შეთანხმებასაც გაუსვა ხაზი. „იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭირო იქნება, ჩვენს ბიზენსს ამ თანხის ათვისება შეეძლება“, – თქვა გახარიამ.

„ეს არის ის ძირითადი საბაზისო პორტფელი კრიზისული დახმარების, რომელზეც პირველადი შეთანხმება შეიძლება ჩაითვალოს მიღწეულად“, – განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის წევრებსა და საპატრიარქოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ „კანონი არ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ერთნი ვართ“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს“ და რომ „ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა“.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც, სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ნაწილში, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობის, კანონის დარღვევის მნიშვნელობისა და ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში“, – თქვა გახარიამ.

მანვე აღნიშნულ კონტექსტში მოქალაქეების პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „იდეალური იქნებოდა, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არავინ დაარღვიოს“. პრემიერი დარწმუნებულია, რომ „ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ“. „მე პირადად იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების გონიერების და სიბრძნის“, – დასძინა გახარიამ.

„ისევე, როგორც მეც ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს და აქ ჩემი და ჩვენი ძირითადი მოკავშირე არის მოქალაქე, მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და რომელმაც იცის, რომ თავის თავზე პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს და თავის ჯანმრთელობის პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს ყველა სხვას“, – თქვა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერმა აღდგომის დღესასწაულის კონტექსტში, სასაფლაოებზე გასვლის ტრადიციაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ამ მხრივ ხელისუფლება შეზღუდვების დაწესების საკითხს „სერიოზულად განიხილავს“, განსაკუთრებით კი – დიდ ქალაქებში. „სამწუხაროდ შეიძლება გავხდეთ იძულებულები და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული იმ დინამიკასთან ვირუსი გავრცელების, რომელიც იქნება“, – ხაზი გაუსვა გახარიამ.

პრემიერმა იმ მოქალაქეებზეც ისაუბრა, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახურები დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მან ამ კონტექსში კერძო სექტორის პასუხისმგებლობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ კრიზისის დასრულების შემდეგ, მთავრობა იმ კომპანიებს მიაკითხავს, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს.

„ყველას თავისი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ახსოვდეს. ადამიანს რომ კრიზისის გამო სამსახურიდან უშვებ, მას [კომპანიას] აქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, რომ ამ ადამიანს რამდენიმე თვის განმავლობაში შესაბამისი თანხა გადაუხადოს“, – ხაზი გაუსვა გახარიამ.

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის იკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button