ახალი ამბები

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს კოვიდ-19-თან გასამკლავებლად ფინანსურად დაეხმარებიან

საერთაშორისო პარტნიორების ჯგუფმა, მათ შორის, ევროკავშირმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და სხვა ცნობილმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც კორონავირუსის პანდემიისა და თანმხლები ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკურ დახმარებას ჰპირდებიან.

ღია წერილი 9 აპრილს გამოქვეყნდა და მას ხელს აწერენ სელიმ შეკირი – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში; დიეგო კოლასი – საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; მაჩიე ჩურა – ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში; კატარინა ბიორლინ ჰანსენი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი; კარლ ჰარცელი – ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; ჰუბერტ ქნირში – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; სებასტიან მოლინუსი – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში; შეინ როზენტალი – აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში; სიუპი ტერავანინტორნი – აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი, გენერალური დირექტორი.

„საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო“, – ნათქვამია ღია წერილში. „საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ“, – ხაზგასმულია იქვე.

წერილის თანახმად, „დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება. ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე“.

თუმცა, კრიზისის „უპრეცედენტო ხასიათის“ გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მიიჩნევენ, რომ საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს“, – აცხადებენ პარტნიორები.

წერილის დასასრულს საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ „განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს ქართველი ხალხისთვის“.

8 აპრილს ევროკომისიამ განაცხადა, რომ კონორავირუსის გავრცელებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს, რომელიც გადაუდებელი საჭიროებების მოგვარებასა და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქებას მოხმარდება.

მანამდე, 6 აპრილს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან ბრძოლაში საქართველოსთან ითანამშრომლებს. EBRD-მა საგანგებო სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში, 38 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის დახმარებისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გამოყო.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button