ევროპამათი თვალით

კარანტინი სულიერ სიმშვიდეს არღვევს

ადამიანები იზოლაციას ცუდად იტანენ

კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში გამოკეტვას 33 წლის კლაუდია (სახელი შეცვლილია) მომზადებული ხვდება. ლონდონის ბინადარს ფსიქოლოგიური პრობლემების გამოცდილება აქვს – ის ადრე ალკოჰოლიზმისაგან იტანჯებოდა და რამდენჯენმე აღმოჩნდა გამოკეტილი რეაბილიტაციის კურსების გავლისას. მაშინ ის დღის მკაცრი განრიგის მიხედვით ცხოვრობდა, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა ესაუზმა, ესადილა და ევახშმა. ეს გამოცდილება ახლა გამოადგა, როცა ბრიტანეთი ბოლოსდაბოლოს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც მოსახლეობა სახლში გამოკეტეს ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად.

“როცა განსაკუთრებით მიჭირს, საკუთარ თავს ვაიძულებ ლოგინი ავალაგო, აბაზანა მივიღო და დროზე ვჭამო,” გვეუბნება კლაუდია. ყოველ დილას, ის ცდილობს ფურცელზე ჩამოწეროს ყველაფერი, რითაც დღეს კმაყოფილია: ალკოჰოლიზმის პრობლემა დაძლია; თავისი საკუთარი ბინა აქვს; მის დას სულ ახლახანს პატარა ეყოლა, რომელიც ჯანმრთელი და ბედნიერია, და რომელსაც ძალიან უყვარს თავისი დეიდა. კლაუდია ცდილობს სოციალურ მედიას არ მიეჯაჭვოს. ამისდა მიუხედავად, გვეუბნება კლაუდია, თუ ჩაკეტილობა თუ კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდა, შეიძლება კივილი დავიწყოო.

ცნობილია, რომ ტრავმატული მოვლენები – მაგალითად ბუნებრივი კატასტროფები და ომები, მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. კოვიდ-19-ის პანდემიაც ერთი ასეთი მოვლენაა. გვეშინია, ვირუსი არ შეგვხვდეს, ჩვენს ახლობლებზეც ვღელავთ. ვირუსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მომავლის შიში და გაურკვევლობა მოიტანა, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტს ეხება.

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ახლა სახლშია გამოკეტილი. იზოლაციას მარტოობის შეგრძნება, ღელვა და დეპრესია მოჰყვება.

კარანტინი და “სოციალური დისტანცირება” ის აუცილებელი ზომებია, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად გამოიყენება, მაგრამ ეს ზომები ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. პირადი კონტაქტი, შეხება, საზოგადოების ნაწილად ყოფნა ადამიანებისთვისაც ბუნებრივია და ყველა პრიმატისთვისაც: მაგალითად, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იმ მდედრ ბაბუინებს, ვისაც მეტი მეგობარი ჰქავთ სისხლში კორტიზოლის – სტრესთან დაკავშირებული ჰორმონის – ბევრად უფრო დაბალი დონე აღენიშნებათ.

ჯერ ერთი თვეც არ გასულა იტალიაში საერთო-ეროვნული კარანტინის გამოცხადების შემდეგ, არადა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები უკვე გამოჩნდა. იტალიაში 13,100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ეპიდემიის შედეგად, ორმა მედდამ, რომლებიც ავადმყოფებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უვლიდნენ, უკვე თავი მოიკლა.

იტალიის მედდების ეროვნული ფედერაციის ცნობით, ამ მედდებიდან ერთ-ერთი იმას განიცდიდა, რომ ავად იყო და თავის კოლეგებს ვერ ეხმარებოდა. მეორე ფიქრობდა, რომ ვირუსი თვითონ შეეყარა და დაავადება სხვა პაციენტებს გადასდო რაც, ექიმების თქმით, ასე არ იყო. გერმანიაში, სადაც შეზღუდვები იტალიის შემდეგ შემოიღეს, ერთ-ერთი ფედერალური მიწის, ჰესსეს ფინანსთა მინისტრმა მოიკლა თავი 28 მარტს, წინასწარი მონაცემებით ის იმას განიცდიდა, რომ პანდემიის ეკონომიკურ შედეგებს ვერ გაუმკლავდებოდა.

მთავრობები აცნობიერებენ დღევანდელი მდგომარეობის გავლენას ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე. ბრიტანეთის სახალხო ჯანმრთელობის სააგენტომ 29 მარტს გამოსცა ინსტრუქტიები “კორონავირუსის გავლენა მენტალურ კეთილდღეობაზე”. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, რომელიც იმავე კვირაში ჩატარდა, ბრიტანელების 62%-მა თქვა, რომ უჭირდათ იმედით შეეხედათ მომავლისათვის. ნიუ იორკის მერმა, ენდრიუ კუომომ (Andrew Cuomo) 21 მარტს თქვა, ადამიანებს ემოციურ პრობლემებთან გამკლავება ისევე უჭირთ, როგორც ეკონომიკურ სიდუხჭირესთანო და ოთხ დღეში შექმნა უფასო სატელეფონო მომსახურება იმ ადამიანებისათვის, ვისაც ეპიდემიით გამწვავებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავება უჭირთ.

ბუნებრივია, ყველა ერთნაირად არ განიცდის სტრესს. ჯანდაცვის სფეროში მომუშავენი ვირუსთან ბროძლის წინა ხაზზე არიან. ექიმებისათვის სტრესი სიახლე არაა და ამას ისინი, როგორც წესი კოლეგებთან სოლიდარობის სულისკვეთებით უმკლავდებიან. ოღონდ ახლა ბევრს თვითიზოლაციაში ყოფნა, ოჯახებისაგან მოწყვეტა უწევთ, რაც ჩვეულებრივზე უფრო სტრესულს ხდის მათ სამუშაოს.

ექიმებისათვის დაცვითი საშუალებების ნაკლებობა, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა უკვე შეეტაკა, ექიმების სტრესის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის. ნიკოლას ქრისტაკისი (Nicholas Christakis), რომელიც ახლა იელის უნივერსიტეტში ასწავლის, 1990-იან წლებში შიდსის ეპიდემიის დროს ექიმად მუშაობდა. ის გვიყვება, რომ მაშინ “ექიმებს შორის სერიოზული შიში არსებობდა, რომ შიდსით დაავადებული პაციენტის გვერდით ყოფნით ავადმყოფობა გადაგედებოდა”, თუმცა მაშინ დაცვითი საშუალებები პრობლემა არ იყო, რაც რისკის განცდას ამცირებდა. დღევანდელი ვითარება იმას ჰგავს, ამბობს ექიმი ქრისტაკისი, რომ მეხანძრე ალმოდებულ შენობაში შიშველი შეუშვაო.

სტრესის დონე მოსახლეობაშიც მაღალია. მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო – ეს არა მარტო ფინანსური შემოსავლის წყაროს დაკარგვას, არამედ საკუთარი იდენტობის, ყოველდღიური რუტინის, სამეგობრო წრეების დაკარგვას ნიშნავს, ამბობს ჟან ემანუილ დე ნევი (Jan-Emmanuel De Neve), ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის შესწავლის ცენრის ხელმძღვანელი.

მარტოხელა ადამიანები ეპიდემიამდე თუკი დღეებს მეგობრებთან ერთად ატარებდნენ, ანდა სხვებთან ერთად მისდევდნენ სპორტს ახლა მოულოდნელად მარტო აღმოჩნდნენ. 29 წლის ბრიტანელი მაიკი, რომელიც ახლა ბრიუსელში მუშაობს, ამბობს რომ საბედნიეროდ, დილას სარბენად გასვლას კვლავაც ახერხებს (თუმცა, თუკი სულის მოსათქმელად დაჯდომას დააპირებს, პოლიცია ურჩევს, მოძრაობა გააგრძელოს). რომ არა დილის გარბენები, თავს რობიზონ კრუზოსავით ვიგრძნობდი, ოღონდ ნეტფლიქსითო, ამბობს მაიკი. იზოლაცია იმათზეც მოქმედებს, ვინც ვირუსის რისკის ჯგუფში ნაკლებადაა – 18-34 წლის ბრიტანელების 67%-მა უპასუხა სოციოლოგებს, რომ ვერ ახერხებენ ოპტიმიზმი შეინარჩუნონ. საინტერესოა, რომ 55-75 წლის ასაკის რესპონდენტებს შორის ამგვარად მოპასუხეთა წილი უფრო დაბალი იყო – 54%.

თუკი იზოლაცია თვეების განმავლობაში გაგრძელდა, მოხუცებულებს განსაკუთრებით გაუჭრდებათ. კარანტინამდეც ბევრი მათგანი მარტოხელა იყო, ანდა სახლიდან იშვიათად გადიოდა. ევროპაში მოხუცი ქალები მამაკაცებზე უფრო ხშირად ცხოვრობენ მარტო. მათთვის ოჯახთან და მეგობრებთან კავშირების შენარჩუნება კარგი განწყობის შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იტალიის მცხორები ალფრედო როსსი 80 წლისაა და ვირუსით ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაზარალებულ მხარეში ცხოვრობს, შესაბამისად უკვე კარგა ხანია სახლშია გამოკეტილი. მისი თქმით, ძალიან ადარდებს, რომ სულ რაღაც 16 კილომეტრში, მდინარის გადაღმა მცხოვრებ თავის შვილიშვილებს ვეღარ ნახულობს.

კიდევ ერთ პრობლემაა, რომ შეზღუდულ სივრცეში ყოფნას ოჯახური ძალადობის შემთხვევების ზრდა მოსდევს, რაც იზოლაციის გარეშეც სერიოზული პრობლემაა. ფინანსებთან, მომავალთან, საკუთარ და ახლობლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შფოთვები ოჯახური ძალადობის პრობლემას ამწვავებსო, ამბობს გაეროს ქალთა სააგენტოს ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, ძალადობის შემთხევევბის რიცხვი შეიძლება ბევრგან ერთი მესამედით გაიზარდოს.

კარანტინის ზომები უპრეცედენტოა, თომცა ტრავმატული მოვლენების წარსული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. 14 მარტს, ბრიტანეთის ფრიად პატივცემულ სამედიცინო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნდა ამ თემაზე არსებული სამეცნიერო სტატიების მიმოხილვა. ზოგიერთი მკვლევარის თქმით, წარსულში კარანტინში მოხვედრილი ადამიანების ნაწილი პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობის (PSTD) ნიშნებს ამჟღავნებდა. ეს დაავადება ფსიქიატრიულ დიაგნოზად 1980 წლებში ჩამოყალიბდა, ვიეტნამის ომის ვეტერანებზე დაკვირვების შედეგად. მას აღგზნებადობა, ტრავმატული წარსულის აკვიატებული მოგონებები და ღამის კოშმარები ახასიათებს.

ერთ-ერთი კვლევა 2009 წელს განხორციელდა და პეკინის ჰოსპიტალის ის მოსამსახურეები გამოიკვლია, ვინც 2003 წელს სხვა კორონავირუსის, სარსის (SARS) აფეთქებას ებრძოდნენ. ავტორების თქმით, ის ექიმები და ექთნები, ვინც კარანტინში აღმოჩნდნენ, სარსის ეპიდემიიდან სამი წლის შემდეგ თავის კოლეგებზე უფრო ხშირად განიცდიდნენ პოსტ-ტრავმატული სტრესის სიმპტომებს. 2013 წელს ჩატარებული მეორეკვლევა იმ მშობლებსა და ბავშვებს ეხებოდა, ვინც 2003 წლის სარსის ანდა 2009 წლის ქათმის გრიპის (H1N1) აფეთქებით მოცულ დასახლებებში ცხოვრობნენ და ერთმანეთს ადარებდა კარანტინში მყოფ ადამიანებს და იმათ, ვისაც ეს ზომა არ შეეხო. კვლევის მიხედვით, კარანტინში აღმოჩენილ ბავშვებს შორის პოსტ-ტრავმატული სიმპტომები საშუალოდ ოთხჯერ უფრო მაღალი იყო. მშობლებს შორის, 28%-ის სიმპტომები იმდენად სერიოზული იყო, რომ სტრესული აშლილობის დიაგნოზის დასმის საშულებას იძლეოდა. მათ შორის, ვინც კარანტინში არ იყო, ამგვარი დიაგნოზი მხოლოდ 6%-ს ჰქონდა.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კარანტინი, მით უფრო სერიოზულ გავლენას მოახდენს ის მენტალურ სიჯანსაღეზე.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ათ დღეზე უფრო ხანგრძლივი ვადით კარანტინში მყოფნი ბევრად უფრო ხშირად ავლენდენ პოსტ-ტრავმატული აშლილობის სიმტომებს.

სინთია დირინი (Cynthia Dearin), ავსტრალიელი კონსულტანტია, რომელმაც 2006-2010 წლები ერაყში, სამხედრო ბაზებზე გაატარა . მისი გადაადგილების უფლება შეზღუდული იყო. სინთია ამბობს, რომ ერაყიდან დაბრუნებისთანავე შეიგრძნო დეპრესიის ნიშნები. ბუნებრივია, საომარ მდგომარეობაში ყოფნა სანიტარული კარანტინისაგან ბევრი რამით განსხვავდება, თუმცა არსებობს მსგავსებებიც. სინთიას თქმით, ერაყში ბევრი მისი კოლეგა ალკოჰოლში პოვებდა შვებას, რათა ყოველდღიურობასა და მოწყენილობას გაქცეოდა. როგორც ჩანს, მიმდინარე კარანტინშიც ასე ბევრი იქცევა: ბრიტანეთში 21 მარტის კვირაში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2/3-ით მეტი ალკოჰოლი გაიყიდაო, გვაცნობებს ბაზრის ტენდენციების კვლევის ერთ-ერთი კომპანია, ნილსენი.

არიან ადამიანები, ვინც საკუთარი ნებით ატარებენ დროს იზოლაციაში. მათი გამოცდილება შეიძლება იზოლირებით მოტანილი სტრესის მართვაში დაგვეხმაროს. მაგალითად კოსმონავტები, კოსმოსურ სადგურში ყოფნისას ხშირად განიცდიან მარტოობას, უჩივიან ძილის დარღვევას, გულის ამოვარდნას, შფოთვასა და უხასიათობას. ხშირია პიროვნული უსიამოვნებებიც კოლეგებთან, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულიც.

ვითარება ალბათ ნაცნობია იმ წყვილებისათვის, რომლებმაც თავი იძლებით კარანტინში ამოყვეს. ჩინეთიდან გვაცნობებენ, რომ მარტის დასაწყისში შემოღებული მკაცრი კარანტინის დასრულების შემდეგ იქ გაყრების რიცხვმა სერიოზულად იმატა. ყოფილი ასტრონავტი სკოტ კელი (Scott Kelly) გვირჩევს, რომ ყოველდღიური რუტინის შემოღება და დღიურის წარმოება სტრესთან წინააღმდეგ ბრძლის კარგი საშუალებაა. მისივე რჩევაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ გარეთ გასვლის შესაძლებლობები “შეზღუდულ სივრცეში ყოფნისას ყველაზე უფრო მენატრებოდა ბუნება – სიმწვანე, მიწის სუნი, თბილი მზის შეგრძნება სახეზე,” ამბობს კელი.

იმედს ის გვაძლევს, რომ ადამიანი ისეთი ცხოველია, რომელიც ყველაზე რთულ ვითარებასთან გამკლავებასაც ახერხებს. საზოგადოებასთან კავშირების ხარისხის გაუმჯობესება კი იზოლაციის დროსაც კია შესაძლებელი. ქალაქის ბევრმა მცხოვრებმა ახლა აღმოაჩინა, რომ მის ქუჩაზე სხვა ადამიანებიც ცხოვრობენო, ირონიით ამბობს ანთროპოლოგი რობინ დანბარი (Robin Dunbar), ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი. ქალაქში მეზობლები ხშირად გვაღიზიანებენ, მაგრამ კარანტინის დროს მათი ადამიანებად აღქმა და უკეთ დაფასებაც დავიწყეთ.

ბევრგან სპონტანურად შეიქმნა რთულ ვითარებაში მყოფი ადამიანების, მოხუცების დასახმარებელი სამეზობლო ჯგუფები. ეს ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის ფრიად მნიშვნელოვანიაო ამბობს ჯულიან ჰოლტ-ლუნსტადი (Julianne Holt-Lunstad), მკვლევარი, რომელიც მარტოობის ფენომენს სწავლობს ბრიგამ იუნგის უნივერსიტეტში (Brigham Young University). მისი თქმით, მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ ჩვენს სოციალურ წრეში გულისხმიერი ადამიანები თუ გვეგულება, სტრესს უკეთ ვუძლებთ, ჩვენი არტერიული წნევა ნაკლებად თამაშობს და პულსიც უფრო მდგრადია. ანუ, გულისხმიერი მეზობლის იმედი გული მართლაც უფრო მშვიდად გვაქვს.

დღის ფრაგმენტაცია მცირდება

აბიგეილი, ბრიუსელში მომუშავე 32 წლის აქტივისტი, ამბობს, რომ მუსიკის ხმამაღლა მოსმენით მისი სტუდენტი მეზობლები ადრე სულ აღიზიანებდნენ, ახლა კი, კარჩაკეტილობისას, უკეთ გაიცნო იინი და მუსიკასაც ერთად უსმენენ. ბელგიაში, ბრიტანეთში, იტალიასა და ნიდელანდებში ადამიანები ტაშს უკრავენ, ტაფებსა ქვაბების სახურავებს აბრახუნებენ ექიმების, მენაგვეების, მეხანძრეების და სხვა იმ ადამიანებისადმი მადლობის ნიშნად, ვინც ახლაც მუშაობს და თავის ჯანმრთელობას ჩვენი გულისთვის საფრთხეში აგდებს.

ბეგობრებთან და ოჯახთან ვიდეო საუბრებიც გვეხმარება – მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური სირთულეები ხშირად ნერვებს გვიშლის, ამ ტექნოლოგიების არსებობა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას ფრიად ეხმარება. ჯობია მეგობრის უხარისხო გამოსახულებას შეეგუო, ვიდრე საერთოდ დაკარგო კონტაქტიო გვეუბნება პროფესორი დანბარი. თუმცა მისივე თქმით, სრულფასოვანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ახლო მეგობრის თვალებს უნდა ვხედავდეთ და მათთან ფიზიკური შეხების საშუალების გვქონდეს. ჩვენი სტატიის დასაწყისში გაცნობილი კლაუდია ამბობს, რომ ჯერჯერობით თავის მეგობრებს ინტერნეტით ესაუბრება, მაგრამ მოვა დრო, როცა ფეხბურთის სათამაშოდ წავლენ – “მემგონი მშვენიერი თამაში გამოვა,” ამბობს კლაუდია. ■

პირველწყარო
Covid-19 will harm people’s mental health

მსგავსი/Related

Back to top button