ახალი ამბები

COVID-19: თბილისი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პანდემიის კუთხით „სახიფათო მდგომარეობის“ გამო შეშფოთებულია

მას შემდეგ, რაც გალის რაიონის მკვიდრს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებული „სახიფათო მდგომარეობის“ გამო შეშფოთება გამოხატა.

„ზოგადად, ორივე ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. წინა დღეების განმავლობაში ასობით ადამიანის შემოდინება ხდებოდა რუსეთის ფედერაციიდან. რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა [კოვიდ-19], ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზაობა, რომ „დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში“.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ გალის მკვიდრ დაინფიცირებულ ქალთან კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან. შვიდი პირი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაშია გადმოყვანილი. ციხელაშვილის თქმით, რუხის საავადმყოფო, რომელიც გამყოფი ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, სულ მალე გაიხსნება და აფხაზეთის მოსახლეობას ძირითად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას, ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ სიტუაცია რეგიონში „შემაშფოთებელია“, ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოებში კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომას უზღუდავს.

„აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია და ამაზე ვმუშაობთ კიდევ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ჰუმანიტარულ სიტუაციას ის ფაქტიც ამწვავებს, რომ ცხინვალმა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაწყვიტა კავშირი, გარდა წითელი ჯვრისა.

ციხელაშვილმა ცხინვალს და სოხუმს მოუწოდა, რომ გადაიდგას „ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს“.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა 27 მარტს რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 20 აპრილამდე იქნება ძალაში.  სოხუმმა უცხოეთის მოქალაქეებსს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აფხაზეთში შესვლა აუკრძალა, გარდა რუსი სამხედროებისა და FSB-ს თანამშრომლებისა. გალის რაიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აფხაზეთის ხელისუფლებამ კომენდანტის საათიც შემოიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ ღონისძიების მიზანი ადგილობრივებისთვის გამყოფი ხაზის გადაკვეთის აკრძალვა და ამ გზით, მათთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოხვედრის შეზღუდვაა.

საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირების და სამედიცინო მკურნალობის მზაობა არაერთხელ გამოხატა. სოხუმის „ხელისუფლებამ“ თბილისის შემოთავაზება უარყო და აღნიშნა, რომ აფხაზეთს არაფერი უთხოვია, ამიტომ „საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციები თავისთვის შეინახონ“. ანალოგიური პასუხი ჰქონდა ცხინვალსაც. ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური პიარითაა დაკავებული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button