Placeholder canvas
ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები „გამყოფი ხაზების გასწვრივ მეტი თანამშრომლობისკენ“ მოუწოდებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ 31 მარტს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე „გამყოფი ხაზების გასწვრივ მეტი თანამშრომლობისკენ“ მოუწოდებენ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც 31 მარტს – 1 აპრილს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო.

მიესალმნენ რა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და სხვა პირების ძალისხმევას ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს დისკუსიების ყველა მონაწილეს, რომ უნდობლობა და შუღლი გვერდზე გადადონ, თავი შეიკავონ ანტაგონისტური რიტორიკისგან და ერთად იმუშაონ, რათა იმ ადამიანებს დაეხმარონ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს დისკუსიების მონაწილეებს, რომ ყველაფერი გააკეთონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, განსაკუთრებით იზოლაციაში მყოფი ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების დასაცავად. „ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ და მათ მეტი აღარ უნდა იტანჯონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

თანათავმჯდომარეები იმ ერთობლივ მიდგომებსაც მიესალმნენ, რომელთაც, მათი თქმით, უკვე ჰქონდა ადგილი. თუმცა, აღნიშნეს, რომ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი ან რომელ ენაზე საუბრობენ, ჯანდაცვაზე თანასწორი წვდომა ჰქონდეთ.

დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მხარეებს გვერდზე გადადონ უთანხმოებები და უზრუნველყონ, რომ ყველა პირს ჰქონდეს წვდომა ტესტირებასა და მკურნალობაზე.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button