ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ამომრჩეველთა მონაცემებმა ონლაინ სივრცეში გაჟონა

დაახლოებით 4.9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის (მათ შორის გარდაცვლილების) პირადმა მონაცემებმა 28 მარტს ჰაკერების ფორუმზე გაჟონა. ინფორმაციას ვებგვერდი – ZDNet ავრცელებს. გაჟონილი მონაცემები, გავრცელებული ინფორმაციით, მოიცავს რეგისტრირებული ქართველი ამომრჩევლების პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა „სრული სახელები, სახლის მისამართები, დაბადების თარიღები, პირადი ნომრები და მობილურის ნომრები“.

ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი პირველად მონაცემთა დარღვევის მონიტორინგისა და პრევენციის სამსახურმა Under the Breach-მა გამოავლინა, რომელმაც ამის შესახებ შემდეგ უკვე ZDNet-ს აცნობა. ამ უკანასკნელის ცნობით, მომხმარებელმა, რომელმაც მონაცემები გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ მონაცემები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური პორტალიდანაა. ცესკო-მ ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის სტატუსის შესამოწმებლად ცალკე ვებგვერდი შექმნა.

„გავრცელებული ბაზა ფორმატითაც და მონაცემებითაც რადიკალურად განსხვავდება იმ ბაზისგან, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს. მათ მითითებული აქვთ მოწმობის ნომერი, მამის სახელი – ეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ბაზაში არ არის“, – განუცხადა ცესკო-მ Civil.ge-ს.

„მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ექსპერტმა კიბერუსაფრთხოების საკითხებში გიორგი იაშვილმა, ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაკერებმა ინფორმაცია ცესკო-ს მონაცემთა ბაზიდან აიღეს. მსგავსმა მონაცემებმა წინა წლებშიც გაჟონა და იაშვილი მიიჩნევს, რომ ჰაკერებს, შესაძლოა, სწორედ მაშინ გაჟონილი მონაცემები აეტვირთათ. „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში მან იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ გაჟონილი მასალიდან საჯაროდ მხოლოდ ერთი „სქრინი“ იყო ხელმისაწვდომი. ამ მწირ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, იაშვილი მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, ეს მონაცემები სახელმწიფო მონაცემთა ბაზებიდანაა აღებული (რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ან შსს-ს დაქვემდებარებაშია)  და არა ცესკო-დან. „ამომრჩეველთა სიის გადამოწმების პორტალს წვდომა აქვს ბაზასთან, რომელშიც ძალიან შეზღუდული რაოდენობითაა პირადი ინფორმაცია და ტექნიკურად, თითქმის შეუძლებელია, რომ ეს მონაცემები ცესკო-დან იყოს აღებული“, – განაცხადა იაშვილმა.

„ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსური მონაცემებს, როგორიცაა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, დისტანციური ფინანსური მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მონაცემები… შესაბამისად, ინტერნეტში განთავსებული მონაცემები არ არის საკმარისი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად“, – განმარტა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, სებ-მა ასევე აღნიშნა, რომ თაღლითობის პრევენციის მიზნით ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მიმდინარე ფინანსურ ოპერაციებზე კონტროლს გაამკაცრებენ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. ცესკო-ს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს 3 528 658 დარეგისტრირებული ამომრჩეველი იყო.

ეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა თუ უწყებებზე კიბერშეტევის პირველი შემთხვევა არ არს. 2019 წლის 28 ოქტომბერს საჯარო და კერძო უწყებათა ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერების სამიზნე პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთო სასამართლოების, ბათუმის, ქუთაისისა და ქარელის მერიებისა და საკრებულოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების „მედიის განვითარების ფონდისა“ და „საზოგადოება და ბანკების“ და რამდენიმე მედიაგამოცემის საიტი გახდა. საჯარო განცხადებებში საქართველომ, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოში მომხდარ „ფართომასშტაბიან“ კიბერშეტევაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო დაადანაშაულეს. რუსეთმა ბრალდებები უარყო და მათ „უსაფუძვლო“ და „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button