ახალი ამბები

COVID-19: ოკუპირებულმა აფხაზეთმა 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა“, ვალერი ბგანბამ 27 მარტს რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 20 აპრილამდე იქნება ძალაში.

ბგანბამ განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება 28 მარტის 00:00 საათიდან 20 აპრილს 00:00 საათამდე. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, აფხაზეთის „პარლამენტმა“ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება უფლებამოსილი იქნება:

  • გააძლიეროს საზოგადოებრივი წესრიგის და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას საარსებო საშუალებებით უზრუნველყოფს;
  • შემოიღოს მოქალაქეების გასვლის და შემოსვლის განსაკუთრებული რეჟიმი;
  • აუკრძალოს კონკრეტულ მოქალაქეებს საცხოვრებლის დატოვება;
  • აკრძალოს შეხვედრები, აქციები, ქუჩის მსვლელობები და დემონსტრაციები, ასევე სპორტული და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება;
  • საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობისთვის სპეციალური რეჟიმი შემოიღოს;
  • საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები განსაკუთრებული გარემოებოებების შედეგების აღკვეთისა და ლიკვიდაციისთვის გამოიყენოს;
  • აკრძალოს გაფიცვების მოწყობა;
  • შემოიღოს კარანტინი და სხვა აუცილებელი სანიტარულ-ანტიეპიდემიოლოგიური ღონისძიებები განახორციელოს;
  • შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და განახორციელოს მათი შემოწმება;
  • შემოიღოს კომენდანტის საათი.
საქართველომ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე იქნება ძალაში. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიზანი COVID-19-ისგან „ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირებაა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button