ახალი ამბები

სასამართლომ ბესიკ თამლიანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პირს ბესიკ თამლიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მარტს აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა – გირაოთი შეუცვალა და 4 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. მას პატმრობიდან, სავარაუდოდ, დღესვე გაათავისუფლებენ.

გიგი უგულავასთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და გიორგი რურუასთან ერთად, ბესიკ თამლიანი ერთ-ერთი ის „პოლიტპატიმარია“, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ითხოვდა. ოპოზიციის განმარტებით, აღნიშნული, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. მათ 9 მარტს ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს და საქართველოს პრეზიდენტს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს მოუწოდეს, რომ „პოლიტპატიმრების“ დროულად გათავისუფლებისთვის, „მათ ხელთ არსებული [ყველა] ლეგიტიმური ინსტრუმენტი“ გამოიყენონ.

თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა მედიასთან საუბარში განმარტა, რომ თამლიანს წინასწარი პატიმრობის ვადა ისედაც 4 აპრილს ეწურებოდა და სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო. მისივე თქმით, სასამართლომ თამლიანს ქვეყნის დატოვება შეუზღუდა და პასპორტის საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება მოსთხოვა.

ლევან იოსელიანმა თამლიანისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს 13 მარტსაც მიმართა, თუმცა მაშინ მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მისი გადაწყვეტილება თამლიანის მიმალვის საფრთხის არსებობით დაასაბუთა.

მანამდე, 6 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ სამი პირი – კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სასჯელის სახედ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც, საპროცესო შეთანხმების გათვალისწინებით, 3-წლიანი გამოსაცდელი, პირობითი მსჯავრით შეეცვალათ. ამასთან, სასამართლომ სამივე მათგანს 2000-2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში თამლიანი ბრალს არ აღიარებდა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობდა.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში, სულ, 19 პირი მისცეს. მათ შორის, ოპოზიციური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია. ნიკა მელია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ირაკლი ოქრუაშვილი კი – დღემდე პატიმრობაში რჩება.

20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე, ჯამში, სულ სამი სამართალდამცველი იყო დაკავებული და ამ მომენტისთვის სამივე მათგანი თავისუფალია. სასამართლომ ისინი, სხვადასხვა პერიოდში, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button