Placeholder canvas
ევროპამთავარი თემა

ორბანმა კორონა მოირგო

უნგრეთის მმართველმა პარტია “ფიდეშმა” (Fidesz) პარლამენტს 20 მარტს კანონპროექტი წარუდგინა, რომლის ძალითაც პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს საგანგებო ვითარების გახანგრძლივება და დეკრეტით მართვა უვადოდ შეეძლება. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შფოთავენ, რომ უნგრეთის თავნება მეთაური კორონავირუსის კრიზისს დიქტატურის დასამყარებლად იყენებს.

კანონპროექტის ძალით ორბანის მთავრობას უფლება ექნება “შეაჩეროს გაკრვეული კანონების მოქმედება, გადაუხვიოს იურიდიულ პროცედურებს და გაატაროს სხვა განსაკუთრებული ღონისძიებები მოქალაქეთა ცხოვრების, ჯანმრთელობის, პირადი და მატერიალური უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის დასაცავად”.

ამავე კანონით, საგანგებო მდგომარეობა უვადოდ გაგრძელდება და მისი მიმდინარეობისას, ყველას, ვისაც მთავრობა ყალბი ანდა დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულებს, რომელიც მას საჯარო ჯანმრთელობის “წარმატებულ დაცვაში” უშლის ხელს ანდა “დაბნეულობასა და არეულობას თესავს” შეიძლება სამი-ხუთი წლით ციხეში უკრან თავი.

კანონპროექტი სანქციებს უხვად აწესებს და მთავრობას უფლებებსაც მსუყედ გადასცემს, მაგრამ ამ უფლებების გამოყენების გარემოებები და ფარგლები ფრიად ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული. გასაკვირი არაა, რომ ორბანის მთავრობას, რომელიც აქამდე ჟურნალისტების, აკადემიური წრეებისა და ოპოზიციის შევიწროვებაში, პირადი ფინანსური ინტერესების სახელმწიფოს ხარჯზე გატარებაში იყო შემჩნეული, ბევრი ეჭვის თვალით უყურებს.

დამკვირვებლებს ისიც აშფოთებთ, რომ მთავრობას უფლება ექნება რვა წლამდე ვადით ციხეში გაუშვას ყველა “ვინც კარანტინის ანდა იზოლირების წესის განხორციელებას შეუშლის ხელს” – ამ მუხლით მთავრობას შეეძლება არასასურველი პოლიტიკოსები მოიშოროს, ანდა სულაც მოწინააღმდეგეები მასობრივად დააპატიმროსო.

კანონპროექტის ძალით, არჩევნები, მათ შორის ვადამდელი, და რეფერენდუმები საგანგებო ვითარების მოქმედების პერიოდში აიკრძალება. მთავრობას მხოლოდ პარლამენტის ინფორმირების ვალდებულება ექნება, ხოლო მის წინაშე ანგარიშვალდებულება – აღარ. თუკი პარლამენტის სესია დათხოვნილად გამოცხადდა, მის ფუნქციებს სპიკერი და საპარლამენტო ჯგუფების ლიდერები შეასრულებენ.

რაც კიდევ უფრო სავალალოა, მთავრობას საგანგებო ვითარების გაგრძელება თვითონ შეეძლება, განუსაზღვრელი ვადით. ახლა მას ამისათვის პარლამეტის თანხმობა სჭირდება.

კონსტიტუციური სასამართლო, რომელიც ორბანმა სულ ახლახანს საკუთარი მომხრეებით გამოტენა, მუშაობას გააგრძელებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მუშაობა უკვე შეჩერებულია – ოფიციალურად პანდემიის გამო.

უნგრელი იურისტები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ კანონი კონსტიტუციის ჩარჩოებს სცილდება და რომ საგანგებო ვითარების უვადოდ გამოცხადება კანონმდებლობის ფუძემდებლურ პრინციპებს არღვევს. ამავე დროს, მათი თქმით, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უვადოდ შეზღუდვა კანონის უზენაესობის ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ორბანის მთავრობამ უკვე დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობის მრავალი პრინციპი, რის გამოც უნგრეთის წინააღმდეგ ევროკავშირში დემოკრატიული პრინციპების დარღვევის შესწავლის პროცედურა ამოქმედდა.

კენჭისყრა მალე გაიმართება

ოპოზიცია და მმართველი პარტია კანონპროექტზე დღეს, 23 იანვარს ისაუბრებენ, თუმცა მედიის თქმით შეუძლებელია, რომ ოპოზიციამ მას მხარი დაუჭიროს.

უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მარტს, 15 დღით გამოცხადდა. თუკი კანონპროექტი ჩვეულებრივი პროცედურით განიხილეს, მასზე კენჭისყრა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მოხდება და მისაღებად დეპუტატების 4/5-ის მხარდაჭედა დასჭირდება. ორბანის პარტიას პარლამენტში ორი მესამედის უმრავლესობა აქვს.

თუმცა “ფიდეშის” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს უკვე უთქვამს, თუ ოპოზიცია მხარს არ დაგვიჭერს, კანონს კენჭს დაჩქარებული პროცედურით ვუყრითო, რისი გაკეთებაც რვა დღეში – საგანგებო ვითარების ვადის გასვლამდე – შეიძლება. ამ შემთხვევაში მხოლოდ დეპუტატების ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.

9.7 მილიონიან უნგრეთში აქამდე 4443 ადამიანი გამოიკვლიეს, 103 დაავადებული დაადგინეს, 6 ადამიანი კი ვირუსის გამო გარდაიცვალა.

მსგავსი/Related

Back to top button