რესპუბლიკის ამბები

ევგენი გეგეჭკორი ოლივერ უორდროპს ბათუმზე საპროტესტო ნოტას უგზავნის

ერთობა, 1920 წლის 23 მარტი, N66

ევ. გეგეჭკორის ნოტა ოლ. უორდროპს

მის აღმატებულებას დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს. თქვენო აღმატებულებავ, თქვენს წერილში, 29 თებერვლის თარიღით, თქვენ მაცნობეთ, რომ უმაღლესი საბჭოს დადგენილებით  გადაწყვეტილ იქნა ქალაქ ბათუმის ჯერჯერობით დაჭერა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის ჯარებით.

იტალიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი გაბბა თავის წერილში 9 მარტიდან იტყობინება, რომ ლონდონის კონფერენციამ გადასწყვიტა გადააქციოს ბათუმი პორტო-ფრანკოდ, მცირე ტერიტორიალური ზონით, ერთა ლიგის მფარველობის ქვეშ. როგორც გარანტია საფრანგეთი, იტალია და ინგლისი გაგზავნიან იქ ქვეითთა ჯარის თითო ბათალიონს.

საფრანგეთის სამხედრო მისიის უფროსი 16 მარტს გვაცნობებს, რომ თანახმად უმაღლესი საბჭოს დადგენილებისა ბათუმის ნავთსადგური გამოცხადებულია თავისუფალ პორტად, ქალაქი და მისი გარშემო მცირე ზონა შეადგენს პატარა სახელმწიფოს ერთა ლიგის მფარველობის ქვეშ და დაჭერილ იქნება ინტერნაციონალური რაზმით, რომელიც  შედგება სამი ბათალიონისაგან: ინგლისისა, საფრანგეთისა და იტალიისა.

მიუხედავად ამ სამ ცნობათა აზრთა წინააღმდეგობისა, ცხადათ სჩანს, რომ ამ გადაწყვეტილებით ბათუმი უნდა გამოეყოს საქართველოს. ბევრჯერ გვქონია ჩვენ შემთხვევა განგვემარტა თქვენი აღმატებულებისათვის ქალაქ ბათუმის მნიშვნელობა საქართველოსთვის.

ყველა ეჭვ გარეშეა, რომ ბათუმი სავსებით ქართული ქალაქია, რომ მას არ შეუძლია უსაქართველოდ არსებობა და ეს გამოყოფა იქნება წინააღმდეგ ნებისყოფისა საქართველოს ერისა და ბათუმის მცხოვრებთა, რომელთაც მრავალი მიტინგებით სხვადასხვა დროს, მეჯლისის გადაწყვეტილებით და უკანასკნელ მუნიციპალურ არჩევნებით თებერვალში, რომელიც მოხდა ქართველებისათვის ნაკლებად ხელშემწყობ პირობებში, გამოსთქვეს თავიანთი ერთგულება დედა-სამშობლო საქართველოსადმი და შეურყეველი სურვილი მისდამი შეერთებისა.

ვიღებთ რა მხედველობაში მას, რომ ზემოხსენებულ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ძირს გამოუთხრის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს, და ვაცხადებ რა ენერგიულ პროტესტს ბათუმის ბედის ასეთი გადაწყვეტის წინააღმდეგ, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ არც ქართველი ერი და არც ბათუმის მცხოვრებნი არ შეურიგდებიან ქალაქ ბათუმის საქართველოსგან ჩამოშორებას. მიიღეთ თქვენო აღმატებულებავ და სხვა.

საგარეო საქმეთა მინისტრი

ევგენი გეგეჭკორი

მსგავსი/Related

Back to top button