Placeholder canvas
ახალი ამბები

სტოლტენბერგი: „საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას გავაგრძელებთ“

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს მისი ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი „საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას გააგრძელებს“.

სტოლტენბერგმა ეს კომენტარი ქართველი ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელსაც აინტერესებდა იმოქმედებს თუ არა კორონავირუსის პანდემია ნატო-საქართველოს 2020 წლის გეგმებზე.

„ნატო მიესალმება და აფასებს მჭიდრო და ძლიერ პარტნიორობას საქართველოსთან. საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის საქართველოს ეხმარება, მას პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეხვედრები შეიძლება გაუქმდეს, ნატოს მოკავშირეები „კვლავაც მზად არიან [თანამშრომლობისთვის]. ნატო განაგრძობს მხარდაჭერის აღმოჩენას, მაგრამ, ალბათ, დაგეგმილზე ნაკლები შეხვედრებით და ვიზიტებით“.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას, კერძოდ უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალუმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო „ძალიან ღირებული პარტნიორია“, რომელსაც წვლილი შეაქვს ნატოს მისიებსა და ოპერაციებში და უკვე წლებია, რაც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს ავღანეთის მისიაში.

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ რაც შეეხება შეხვედრებს და ვიზიტებს, ეს საკითხი კორონავირუსის კრიზისის განვითარების შესაბამისად გადაწყდება.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 43-ს შეადგენს. მათგან ერთი პაციენტი უკვე სრულად გამოჯანმრთლებდა. ამასთან, 1 925 პირი 14 დღიან სავალდებულო საკარანტინო რეჟიმში, 271 კი – სამედიცინო დაწესებულებებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button