რესპუბლიკის ამბები

1920: ქართული ჯარის ნაწილები ბათუმის ოლქში შევიდნენ

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 19 მარტი, N63

სამხედრო მინისტრის მადლობა

სამხედრო მინისტრმა შემდეგი ბრძანება (N66) დაუგზავნა რესპუბლიკის ჯარების ნაწილებს:

1918 წლის 1 აპრილს ქართველი ერის ულმობელ მტრებმა, ისარგებლეს რა ჩვენი ცხოვრების მაშინდელ კრიტიკულ მდგომარეობით, მოგვწყვიტეს სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ბათუმიანათ. მძიმე სატანჯველი იყო ჩვენთვის ეს დანაკლისი და სიმწარით ვადევნებდით თვალ-ყურს, თუ როგორ ინგრეოდა ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის საუკეთესო კუთხე და ძვირფასი ქალაქი, მაგრამ მდგომარეობის სასურველათ შეცვლა და საქმის გამოსწორება იმდენათ გართულებული იყო, რომ იძულებული ვიყოთ დროებით შევრიგებოდით ამ საშინელ მდგომარეობას და მშვიდობიანი გზით გადაგვეჭრა საკითხი. ქართველი ერის ასეთი სურვილით კვლავ ისარგებლეს ჩვენმა მტრებმა და ამ ბოლო დროს ბათუმის ოლქში გააჩაღეს რესპუბლიკის არსებობისა და მისი კეთილ-დღეობის საწინააღმდეგო მუშაობა.

ასეთმა მდგომარეობამ იძულებული გაგვხადა ამა წლის 29 თებერვალს გაგვეცა ბრძანება რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალების მიმართ საქართველოს უზენაეს ინტერესების დასაცავათ შევსულიყავით შავშეთსა და აჭარაში ადგილობრივ მცხოვრებთა სურვილით და იქ დაგვეჭირა ზოგიერთი პუნქტები. უმთავრესი მოქმედება ამ მხრით დაევალა ახალციხე-არტაანი-ოლთისის მიმართულებით მოქმედ მესამე ქვეითთა ბრიგადას გენერალ წულუკუძის მეთაურობით. აღნიშნულმა ბრიგადამ წარმატებით შეასრულა თავისი მოვალეობა: მისმა ნაწილებმა განუსაზღვრელი სიმამაცითა და თავდადებით მოახდინეს ისტორიული გადასვლები 3 არშინ თოვლისა და 30 გრადუს ყინვაში, დროზე სრული საომარი სამზადისით გადალახეს ხანიორის, იალაგუჭამის და კანლის (გოდერძის) უღელტეხილები; იმავე დროს მთელი ბრიგადის ცხოვრებაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა რაიმე საყვედურ-უკმაყოფილებისა, ან ადგილობრივი მცხოვრებთა შეწუხებისა, თუმცა უგზოობის გამო ჯარი ხშირათ ჩერდებოდა მცირე სურსათ სანოვაგით და სხვა სამხედრო მოწყობილობით.

ხსენებული ბრიგადის ასეთი ჩინებული მოქმედება აიხსნება მისი შემადგენლობის სრული პოლიტიკური და სამხედრო მომზადება-განვითარებით. სჩანს, რომ ბრიგადას სავსებით შეუგნია რესპუბლიკის ცხოვრების დღევანდელი მომენტი, მისი ინტერესების დაცვა და ქართველი ერის უზენაესი ნების-ყოფის სრული სიდიადე.

აღვნიშნავ რა მესამე ქვეითთა ბრიგადის ასეთ მოქმედებას, მოვალეთ ვსთვლი ჩემს თავს გამოვუცხადო სამსახურის პირით უღრმესი მადლობა მის შემადგენელ ოფიცრებსა და ჯარის კაცებს. ყოველივე ეს სრული თავდებია იმისა, რომ მუდმივი ჯარი საბოლოოთ განმტკიცდება, გაფოლადდება და ის მთელი თავისი ძალა-ენერგიით დაიცავს რესპუბლიკის არსებობას და ქართველი ერის მიერ დიდი მსხვერპლით მოპოვებულ უფლება-თავისუფლებას.

სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე

1920 წლის თებერვლის ბოლოს ანტანტის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბრიტანეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ ბათუმისათვის თავისუფალი პორტის სტატუსის მინიჭების შესახებ. გადაწყვეტილება ვრცელდებოდა მთლიანად ბათუმის ოლქზე. ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში და რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის. რესპუბლიკის მთავრობამ ბრიტანეთის მისიასთან შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება დაზემო აჭარასა და ქობულეთში სამხედრო ნაწილები გააგზავნა. ამ ფაქტმა ბრიტანეთის წარმომადგენლობასა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობები გაამწვავა . საბოლოოდ, ქართულმა მხარემ ოლქის ტერიტორიიდან სამხედრო ნაწილები გამოიყვანა – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა.

წაიკითხეთ ასევე:

მსგავსი/Related

Back to top button