Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

საბჭოთა რუსეთის პროპაგანდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ

გაზ. ერთობა, 1920 წლის 17 მარტი, N62

გ. ჩიჩერინის მესამე ნოტა

მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთის ჯარი დენიკინის არმიის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა და სამხრეთისაკენ მოწევა დაიწყო, საქართველოს მთავრობას ეს მესამე „ნოტა“ მოსდის გარეშე საქმეთა „ნარკომის“ ჩიჩერინისგან. იმ წერილს, რასაც ბ. ჩიჩერინი საქართველოს მთავრობას უგზავნის ვერ ეწოდება ნოტა. ეს არის საგარეო პოლიტიკაში მიღებული დიპლომატიური წერილი, რომელსაც მიზნათ აქვს გამორკვევა და  დამყარება ურთიერთობისა ორ სახელმწიფოს შუა. ჩვეულებრივ „ნოტების“ ეს მთავარი მიზანი ბ. ჩიჩერინის წერილებში სრულიად დაზარალებულია, ეტყობა, ავტორისათვის ამ მიზანს დიდი მნიშვნელობა ჰქონია, რომ მას სულ სხვა განზრახვით მოუწერია თავისი „ნოტა“ და ამ განზრახვის გამოაშკარავება ძნელი არ არის: პირველსავე „ნოტაში“ ნათქვამი იყო, რომ იგი მიმართულია ამიერ-კავკასიის მშრომელი ხალხების – მუშათა და გლეხთა მიმართ. საქართველოს მთავრობაც იყო მოხსენიებული, მაგრამ მხოლოდ უკანასკნელ ადგილას. შინაარსი სამივე „ნოტის“ არავითარ ეჭვს არ სტოვებს, რომ ავტორი სწერდა მათ არა საქართველოს მთავრობისათვის, არა დიპლომატიურ მოლაპარაკების მიზნით, არა საქმიანი განზრახვით, არამედ სწორეთ იმ მშრომელი ხალხის გასაგონათ, რომელიც პირველ „ნოტაში“ პირველ ადრესატათ იყო დასახელებული. ბ. ჩიჩერინი „ნოტის’ სახით სააგიტაციო ფურცლებს გზავნის საქართველოში, საქართველოს მთავრობის ხელითვე ავრცელებს მათ ჩვენს ხალხში,.  ეს ერთნაირი დიპლომატიური „ეშმაკობა“ იმდენათ გულუბრყვილოა, ეს შავი „ოსტატობა“ ისე თეთრი ძაფით არის დაბანდული, რომ კაცს სწორეთ ღიმილს მოჰგვრის. „ნოტების“ დამწერთ, უეჭველია, იმედი ჰქონიათ, რომ მათი ჭკუის ნაწარმოები აღმოუფხვრელს, ჩვენი მთავრობისათვის საბედისწერო და საბჭოთა რუსეთისათვის საბედნიერო გავლენას იქონიებს ჩვენს მუშებზე და გლეხებზე.

მაგრამ საბჭოთა რუსეთის „ნარკომის“ „ნოტების“ გონებრივი ავლა-დიდება ისე მცირეა, რომ სწორედ „კურდღელს აეკიდება“. ჭორები, ცილის-წამება, ფაქტების გადამახინჯება, უძლიერი გესლი და თავდაუჭერელი დემაგოგია – აი მთელი მათი შინაარსი.

ძნელი და უნაყოფო საქმე იქნებოდა, რომ  ჩიჩერინის ყველა ტყუილს სამარის კარამდის ჩავყოლოდით. ეს არც მიზან-შეწონილი იქნებოდა: თავად საბჭოთა რუსეთის ამით ვერ დავაჯერებდით, ჩვენს მშრომელ ხალხზე კი ეს ჭორები და ტყუილები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.

მართლაც რომელი შეგნებული მუშა ან რომელი თუნდაც საშუალო გლეხი დაიჯერებს, ვითომც ნოე ჟორდანიას მილოცვა გაეგზავნოს ჯაფაროვისთვის ოსმალთა ჯარების მიერ ბაქოს აღების გამო? ან ვის არ გააცინებს ის დემაგოგიური სიცრუე, ვითომ ჩვენი მთავრობა „დრაკონისებურ ზომებს ღებულობდა“ ტყიბულის მუშების წინააღმდეგ? ან ვის არ აღაშფოთებს ის ცილისწამება, ვითომ საქართველოს მთავრობის თანხმობით გაეცეს ვისმე ჩვენს რესპუბლიკაში შემოხიზნული „წ. არმიელები“?  სიცრუის და ჭორიკანობის დაუშრეტელ ზღვაა ბატონ ჩიჩერინის უკანასკნელი „ნოტა“ და მათი ამოშრეტა შეუძლებელია.

ჩვენი რესპუბლიკის სახელის გატეხვა ჰქონია განზრახვათ ბატონ ჩიჩერინს, ჩვენს მთავრობას უთხრის ორმოს თავის „ნოტის“ საშუალებით, მაგრამ, ამ ორმოში თვითონ ვარდება. „ნოტაში“ ბევრი იმისთანა ფაქტია მოხსენიებული და იმისთანა საგანზეა ლაპარაკი, რომელიც საბჭოთა რუსეთის მესვეურთ ერჩივნათ არ გაეხსენებინათ ჩვენი ხალხისთვის, რადგან ეს ფაქტები ჩვენი ხალხის გონებაში გააცხოველებენ იმ მწარე წამებას, რომლებიც  ბოლშევიკებმა მიაყენეს მას. უბრალო კეთილგონიერება მოითხოვდა მაგალითად, რომ ბ. ჩიჩერინს სიტყვა არ დაეძრა თავის ამხანაგების შავრაზმულ გამოლაშქრებაზე სოხუმის ოლქში იმ შავბნელ დროს, როდესაც ჩვენ დემოკრატიას თავს დაესხა ოსმალეთის კარი, როდესაც მთელი ჩვენი ხალხის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა და როდესაც ბოლშევიკურ დროშის ქვეშ გამოსულმა ოსმალთა აგენტებმა სოხუმში მოაწყვეს აჯანყება და ჩვენს ხალხს ზურგიდან ჩასცეს მახვილი. ამისთანა წამების გახსენებით არა გვგონია ბალშევიკებმა მოიგონ რამე. კეთილგონიერება მოითხოვდა აგრეთვე, რომ ბ. ჩიჩერინს დავიწყებისათვის მეიცა ისეთი სახელოვანი საზავო ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში დადო, რომელიც ამიერ-კავკასიის დემოკრატიის გაწირვას და გაყიდვას უდრის, რომლითაც ლენინის მთავრობამ ოსმალთა ფაშების ფეხქვეშ განართხო ჩვენი დემოკრატია, მთელი ჩვენი ერი, ყველა ის, რაც რევოლუციის გზით მოვიპოვეთ საზოგადოთ პოლიტიკურ გულუბრყვილობით ან-და საზღაპრო უტიფრობით უნდა ავხსნათ ის, რომ ბ-ნი ჩიჩერინი უკანასკნელ „ნოტაში“ რამდენჯერმე იხსენიებს ჩვენს ვითომდა „შეთანხმებას ოსმალ-ფაშებთან“. ასეთი ლაპარაკი „ოსმალ-ფაშების“ შესახებ ბატონ ჩიჩერინის მხრივ, სხვა რომ არა ვთქვათ რა, უზრდელობაა საბჭოთა რუსეთის დღევანდელი მოკავშირისადმი, რომლებთანაც ბალშევიკურ მთავრობას ნამდვილი ბლოკი აქვს შეკრული და რომლებთანაც ერთად აწარმოებს იგი მთელს თავის პოლიტიკას აღმოსავლეთში და ამიერ-კავკასიაში. გაბედოს ბ-ნმა ჩიჩერინმა ამ ფაქტის უარყოფა.

დიახ, ბ. ჩიჩერინის სააგიტაციო ფურცლები, რომლებიც მან „ეშმაკურად“ შემოგვაპარა „ნოტების“ სახით, ჩვენთვის არ არის საშიში. ყველა ეს სწორი, ცილისწამება, ფაქტის გადამახინჯება, რითაც „ნოტის“ ავტორი ცდილობს ჩვენს რესპუბლიკას სახელი გაუტეხოს ხალხის თვალში, ვერავის ვერ შეიყვანს შეცდომაში და ვერ მიახწევს, თავის მიზანს სამაგიეროთ, ის სიმართლე, ის ნამდვილი ამბები, ის „საქმენი საგმირონი“, რომლებსაც ჩვენი ხალხი გაიხსენებს ბ. ჩიჩერინის „ნოტის“ საშუალებით, ისე მომაკვდინებელია საბჭოთა რუსეთის სახელისათვის, რომ მათი გახსენება ჩვენთვის სრულიად ხელსაყრელია. ტყუილათ არ უთქვამთ: კაცს მთელი იმდენ ზიანს ვერ მიაყენებს, რასაც მას მიაყენებს საკუთარი უგუნურებაო.

მსგავსი/Related

Back to top button