ახალი ამბები

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს გიგი უგულავას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

11 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ერთობლივი განცხადებით მიმართავს, რომლითაც მოუწოდებს მას, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა შეიწყალოს.

თებერვალში უზენაესმა სასამართლომ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფულების აღკვეთა მიუსაჯა.

„საქართველოს ბევრმა მეგობარმა და მგზნებარე მხარდამჭერმა გამოხატა შეშფოთება [თქვენს ქვეყანაში], განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში გაზრდილი პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო“, – თქვეს ევროპარლამენტარებმა და დასძინეს, რომ „ამ სამწუხარო პროცესის ერთ-ერთ გამომწვევი მიზეზი ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება იყო“.

წერილს, რომელიც ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გამოაქვეყნა (პოლონეთი, კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი), ხელს აწერენ: ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი (პოლონეთი, კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი), იაცეკ სარიუშ-ვოლსკი (პოლონეთი, კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი), მასალი აგილარი (ესპანეთი, კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი), რასა იუკნევუჩიენე (ლიეტუვა, სახალხო პარტია), მიხაელ გახლერი (გერმანია, სახალხო პარტია), ნაჩო სანჩეს ამორი (ესპანეთი, სოციალ-დემოკრატები), იუოზას ოლეკასი (ლიეტუვა, სოციალ-დემოკრატები), მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთის რესპუბლიკა, მწვანეები), რამონა სტრუგარიუ (რუმინეთი, ევროპული განახლების ჯგუფი).

ევროპარლამენტარებმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრეს, თქვეს, რომ „ეს დადებითი სიახლე წაახალისებს საქართველოს, განაგრძოს პროგრესი საკუთარი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე“. ევროპარლამენტარებმა ასევე აღნიშნეს, რომ „ამ მნიშვნელოვან საარჩევნო წელს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებისთვის შეთანხმების სრული განხორციელება გადამწყვეტი იქნება“.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ამ და სხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც გაგრძელდება, [ამიტომ] მოგმართავთ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, გადახედოთ ბატონი უგულავას საქმეს, რომლის გათავისუფლებაც [მნიშვნელოვანი] გამოცდა იქნება ერთობლივი შეთანხმების განხორციელების გზაზე“, – განმარტეს ევროპარლამენტარებმა.

„გვწამს, რომ ეს ქმედება [პოლიტიკური ვითარების] სრული ნორმალიზაციისაკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება, რასაც საქართველოს [სხვა] მეგობრები, ისევე როგორც ჩვენც, მოუთმონლად ველოდებით“, – აღნიშნეს ევროპარლამენტარებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button