ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებას მიესალმება

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას, რაც „გზას უხსნის საზოგადოების ფართო წრისათვის მისაღებ საარჩევნო სისტემას 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“.

„საქართველომ კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი გადადგა წარმატებული დემოკრატიული განვითარების პროცესში“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ 10 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

სამინისტრო განმარტავს, რომ „ცვლილებები, რომლებზეც პარტიები შეთანხმდნენ, შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი განვითარებისა და პოლიტიკურ სისტემაში სხვადასხვა იდეებისა და რწმენის წარმოდგენაში“.

გერმანიის საგარეო უწყება ასევე განმარტავს, რომ „ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ყველა მხარემ გამოიჩინა დათმობებზე წასვლის მზადყოფნა, იმედის მომცემია“.

სამინისტრო მოუწოდებს „ყველა მხარეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებაში და გაითვალისწინონ ეუთო/ ოდირის 2018 წლის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები“.

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, სხვა დიპლომატებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ქართულ ოცნებასა და ოპოზიცას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმის გარშემო დაწყებულ მოლაპარაკებებში. ქნირშმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული ოთხი არაფორმალური მოლაპარაკებიდან, ერთ-ერთსაც უმასპინძლა.

ქნირშმა მხარეებს შორის შეთანხმება „ქართული პოლიტიკური პარტიების უდიდეს მიღწევად შეაფასა“. 9 მარტს ელჩმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ „ამ შეთანხმებით საქართველო თავიდან აცილებს შთაბეჭდილებას, რომ თითქოს მან დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. საერთაშორისო პარტნიორები სწორედ ამას უჭერენ მხარს – ისინი მხარს უჭერენ არა რომელიმე პარტიას, არამედ საქართველოს – მისი დემოკრატიული და სოციალური განვითარების გზაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button