Placeholder canvas
ახალი ამბები

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. განახლებული ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის ინიცირებით შექმნილ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ინფექციის ახალი შემთხვევები ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემაც დაადასტურა. მან განმარტა, რომ რვა ახალი ინფიცირებულიდან ერთს იტალიიდან ჩამოსულ ერთ-ერთ (მეხუთე) პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, ხუთი კი – თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან. მათ იტალიაში აწ უკვე ინფექციურში მოთავსებულ ერთ-ერთ პაციენტთან ერთად იმოგზაურეს, თუმცა შემოწმების დროს, ვირუსის ნიშნები არ გამოუვლინდათ. რაც შეეხება კიდევ ორ ახალ ინფიცირებულს, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ მას წყაროს შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით ინფექციის გადაცემების რაოდენობა მხოლოდ 4-5-ია, რაც მინიმალური მაჩვენებელია. დანარჩენი პაციენტები ქვეყნის გარეთ დაინფიცირდნენ.

მანამდე, COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა 9 მარტს დაფიქსირდა, რითაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში 15-მდე გაიზარდა. მათგან ერთი იტალიიდან ჩამოსული მეოთხე ინფიცირებულის ჯგუფიდანაა და მასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს უკავშირდება, ხოლო მეორე ინფიცირებული ქვეყანაში ესპანეთიდან შემოვიდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფრენები შეჩერდა იტალიასთანაც და საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა.

ამასთან, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 9 მარტის რეკომენდაციით, „უკიდურესი აუცილებლობის გარდა“, სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლების საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით შეიზღუდა.

აგრეთვე, ვირუსის გამო საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და ის 16 მარტამდე გაგრძელდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button