Placeholder canvas
ახალი ამბები

სასამართლომ გიგი უგულავას აეროპორტის ინციდენტზე დაკისრებული გირაო და შეზღუდვა გაუუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, რომელიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება, გასული წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპროტში მომხდარი ინციდენტის გამო დაკისრებული 2 000 ლარიანი გირაო და საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება გაუუქმა.

ამით სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელმაც განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ უგულავასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მისთვის პასპორტის ჩამორთმევის აუცილებლობა აღარ არსებობს.

შემთხვევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის 11 დეკემბერს გამთენიისას მოხდა, როდესაც, როგორც თავად გიგი უგულავამ განმარტა, იგი თანაპარტიელ გოკა გაბაშვილთან ერთად, ლარნაკაში, რამდენიმე დღით გამგზავრებას აპირებდა, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთი „თავდამსხმელი“ ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი იყო. გამოძებამ უგულავას ბრალი სწორედ მისი ცემის ფაქტზე წაუყენა. მასთან ერთად მყოფი გოკა გაბაშვილი კი – დაზარალებულად ცნო.

უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასაჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, გიგი უგულავას საპატიმროდან გათავისუფლების საკითხი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ერთობლივი განცხადების ერთ-ერთი პირობაა. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ შეთანხმების დროს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა და განცხადებაში არსებული ჩანაწერი „არის უაღრესად ზოგადი ხასიათის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button