ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 77/73 პროპორციის ნაცვლად, 120/30 ფორმულით ჩატარდება. ამასთან პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება. აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

9 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი სრულად პროპორციულ სისტემას არ უზრუნველყოფს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ხანგრძლივი მოთხოვნა იყო, მიღწეული შეთანხმება ცალსახად მისასალმებელია, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს უფრო მეტად პროპორციული შედეგის დადგომას, ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო სისტემა.

არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით კი, პარლამეტში წარმოდგენილი პარტიები გონივრულ ზომებს მიიღებენ და ძალისხმევას არ დაიშურებენ შეთანხმებული მოდელის კანონმდებლობაში ასახვისთვის მაქსიმალურად მოკლე ვადებში. მათივე შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს სტაბილური და კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას და შესაძლებლობას მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას დროულად დაგეგმოს და განახორციელოს წინასაარჩევნო კამპანია ჯანსაღ საარჩევნო გარემოში.

მიღწეული შეთანხმების მიმართ ცალკე განცხადებით მხარდაჭერა არასამთავორობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“ (საია) გამოხატა და განმარტა, რომ მაქსიმალურად პროპორციული მოდელი კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო მოდელის ქვაკუთხედია.

საია-ს განმარტებით, არსებული საარჩევნო სისტემა ახალისებს პოლარიზაციასა და ხელს უშლის ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას. ამიტომ მივესალმებით 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტაციით მიღწეულ შეთანხმებას და მას დემოკრატიულ წინსვლად ვაფასებთ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

იმავდროულად, ორგანიზაცია წუხილს გამოთქვამს, რომ შეთანხმების მიხედვით, „რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლის იქით გადაიწევს“. „მიუხედავად ამისა, მხარს ვუჭერთ შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მაჟორიტარული და პროპორციული მოდელების შერევით წარმოქმნილ სისტემურ ხარვეზებს და იძლევა შესაძლებლობას, არჩევნები ჩართული მხარეების მიერ აღიარებული თამაშის წესებით ჩატარდეს“, – განმარტავენ საია-ში.

საია იმედს გამოთქვამს, რომ „პროცესი საპარლამენტო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განწყობით გაგრძელდება, ზემოაღნიშნული შეთანხმება კი, საფუძვლად დაედება წინასაარჩევნო პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვას. ეს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, კენჭისყრის დღეს არჩევანი ესკალაციისა და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს, რაც სტაბილური განვითარების წინაპირობაა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button