Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაცია პირველად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვრდზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი – ახალი შემთხვევები ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ დაადასტურა.

ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი იტალიიდან ჩამოსული მეოთხე ინფიცირებულის ჯგუფიდანაა და მასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს უკავშირდება, ხოლო მეორე ინფიცირებული ქვეყანაში ესპანეთიდან შემოვიდა.

მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან, ამიტომ ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა უნდა ჩაითვალოს ესპანეთის თუ იტალიის შემთხვევად“, – აღნიშნა მანვე.

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე განმარტებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათზე დაკვირვება გრძელდება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფრენები შეჩერდა იტალიასთანაც და საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა.

ამასთან, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 9 მარტის რეკომენდაციით, „უკიდურესი აუცილებლობის გარდა“, სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლების საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით შეიზღუდა.

აგრეთვე, ვირუსის გამო საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და ის 16 მარტამდე გაგრძელდება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button