რესპუბლიკის ამბები

მთავრობა გორში მიწისძვრის გამძლე საჩვენებელ სახლს ააშენებს

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 9 მარტი, N55

გორელებს!

მოქალაქენო!

თქვენ დიდი უბედურება დაგატყდათ თავსა. სახლები დაგენგრათ, ქონება დაგეღუპათ და უსახლ კაროდ დარჩით.

მარტო თქვენ არ განიცდით მიწის ძვრის საზარელ შედეგებს. არის ადგილები, სადაც მიწის ძვრა უფრო ძლიერია ხოლმე, ვიდრე გორში იყო (მაგალითად: ვერნი ანდიჟინი – შუაგულ აზიაში). ამ ადგილების მცხოვრებნი თქვენსავით არა ერთხელ გაუბედურებულან. მაგრამ ინჟინრებმა გამოიგონეს ისეთი სახლები, რომლებიც მიწის ძვრისაგან აღარ ინგრევა, და ეხლა ამ ადგილების მცხოვრებნი დამშვიდებული არიან, მიწის ძვრისა აღარ ეშინიანთ.

ჩვენი ინჟინრები ამ ჟამად უკვე შეუდგნენ ამ საკითხის გამორკვევას. მათ შეადგინეს გეგმა ისეთ სახლისა, რომელიც მიწის ძვრისაგან აღარ დაინგრევა. ერთი თვის შემდეგ ერთ-ერთს დანგრეულ სოფელში აშენდება ასეთი სახლი, რათა თვითოეულს თქვენგანს საშუალება ჰქონდეს თავისი თვალითა ნახოს იგი, ააშენოს იმის მსგავსი სახლი. მალე შემუშავდება გეგმა ქალაქური სახლისაც. იმ დრომდე კი, სანამ ჩვენი ინჟინრები ამ საქმეს დაასრულებენ, არავინ არ უნდა ააშენოს სახლი და არც შეკეთებას შეუდგეს. ეს ტყუილი შრომა იქნება, რადგანაც, თუ მიწა კიდევ იძრა, ჩვეულებრივად აშენებული სახლები ისევ დაინგრევა.

მოქალაქენო! თავი შეიკავეთ, ჯერ ნურაფერს ააშენებთ. ამას მოითხოვოს თქვენი და თქვენი ჩამომავლობის სასიცოცხლო ინტერესები. მცოდნე ხალხი გაჩვენებენ, როგორი სახლები უნდა ააშენოთ, მთავრობა და თქვენი დემოკრატიული ორგანიზაციები ყოველნაირ დახმარებას აღმოგიჩენენ, და ძალიან მალე დანგრეული სოფლების ადგილას აღმოცენდება, გაიზრდება ახალი სოფლები, სადაც დამშვიდებული იცხოვრებთ და ისარგებლებთ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც იძლევა სატეხნიკო მეცნიერება.

მსგავსი/Related

Back to top button