Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თორმეტამდე გაიზარდა

ბოლო ორ დღეში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათი რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა (10) უკავშირდება „იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს“, ხოლო ორი კი – ირანს. მისივე თქმით, მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.

„პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის. უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა დროებით შეაჩერა. გუშინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ფრენები შეჩერდა იტალიასთანაც.

ამასთან, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და ის 16 მარტამდე გაგრძელდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button