Placeholder canvas
ახალი ამბები

სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეში დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეში დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, „ამნისტიის შესახებ კანონით“, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და სასჯელის საბოლოო სახედ ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა განესაზღვრა, ასევე თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით და სამი თვით აეკრძალა.

რაც შეეხება ამავე საქმეში ბრალდებულ ადეიშვილის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს, საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მას 40 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრა და 2 წლისა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2004 წელს, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანიის სამუწყებლო ლიცენზიის ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს, „რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი“.

პროკურატურისვე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზნით, დანაშაულებრივი გეგმა შემუშავდა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილის გიორგი ლაცაბიძის მიერ განხორციელდა.

ზურაბ ადეიშვილმა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა და იგი ამ დრომდე უცხოეთში ცხოვრობს. მან უნგრეთის ხელისუფლებისგან თავშესაფარი მიიღო.

საქართველოს პროკურატურას 2013 წლიდან ზურაბ ადეიშვილზე, არაერთი ბრალდებით, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ამ დრომდე მის ექსტრადირებას ვერ მიაღწია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button