ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. პრეზიდენტის მოხსენებას, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნასთან ზუსტად დღის 2 საათზე გამოჩნდა და დამსწრეებს დაახლოებით ნახევარსაათიანი სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის მოსმენამ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის ბოიკოტის ფონზე ჩაიარა. პრეზიდენტისთვის კითხვები არც უმრავლესობის წევრებს დაუსვამთ. 

ისტორიული მიმოხილვა და თანამედროვე გამოწვევები

პრეზიდენტმა მიმართვა საქართველოს უახლესი ისტორიული წარსულის მიმოხილვით დაიწყო და თქვა, რომ 70 წლიანი საბჭოთა იზოლაციისა და ჩაკეტილობის შემდეგ, საქართველო მსოფლიოს დამოუკიდებელ ქვეყნად დაუბრუნდა, რისთვისაც „ახალი გზა გაიარა“.

მანვე თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და და აღნიშნა, რომ „დღევანდელი გამოწვევები მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ ვლინდება და არც ერთი ქვეყნის საზღვრებით შემოიფარგლება“. აღნიშნულის მაგალითად ზურაბიშვილმა კორონავირუსი დაასახელა, რომელიც მისივე შეფასებით, „ჯანდაცვის ფარგლებს სცილდება და პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური შედეგებით იზომება“.

სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო მასშტაბით არსებულ უმუშევრობის პრობლემას, განსხვავებული აზრისა და რწმენის შიშსაც შეეხო და თქვა, რომ სწორედ ეს „კვებავს პოპულიზმს, რომელიც ხან საზღვრების ხელახლა გამკაცრებას ქადაგებს, ხან – კედლების აღმართვას, ხან სხვის სიძულვილს“.

პრეზიდენტმა „ბრექსიტის“ ფონზე, ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს უკანასკნელი „ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან, რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს“.

ამის შემდეგ, ზურაბიშვილმა საზოგადოებაში დაგროვილ „აგრესიასა“ და „სიძულვილზე“ გაამახვილა ყურადღება, რამაც მისივე შეფასებით „ქართულ ღირებულებათა სისტემა შეცვალა“ და „ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია“.

დასავლელი პარტნიორების კრიტიკა, ნატო და ევროკავშირი

პრეზიდენტი ბოლო პერიოდში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც მოლოდინიც მეტია“. ამის შემდეგ, ზურაბიშვილმა ქვეყნის მიერ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ უკვე „ვდგავართ ევროპის კართან, როგორც მოწინავე ასოცირებული წევრი“.

„ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდებოდა ისეთი მასშტაბის ნატოს წვრთნები, როგორიც უკვე ყოველწლიურად იმართება და ისეთი მნიშვნელობისა, როგორიც წელს იგეგმება. ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებდა არა მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, არამედ ამ მისიებში სამხედრო პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამორჩეული გახდებოდა“, – თქვა პრეზიდენტმა და იქვე აშშ-ის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გამოცხადებული დიდი ნდობის დასტურად, კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი წვლილი არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ახალი იდეებისა და ინიციატივების წარდგენითაც უნდა შევიტანოთ. „გაწევრიანებასთან ერთად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დღეს ნატოსა და ევროკავშირში უფრო აქტიურ მოთამაშედ ვიქცეთ“, – დასძინა მანვე და იქვე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ კონტექსტში „აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ კეთილდღეობისკენ“.

ოკუპაცია

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა საუბარი ქვეყნის წინაშე არსებული „უმძიმესი“ გამოწვევით – ოკუპაციის თემით განაგრძო და თქვა, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები [უკვე] გადავდგით, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის“. „უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება“, – დასძინა მანვე. 

პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა: „საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან და სუვერენობასთან კვლავინდებურად შეუგუებელია და მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის“.

მისივე თქმით, რუსეთი ოკუპაციას იმისთვის იყენებს, რომ საქართველოს „მიზანზე უარი ათქმევინოს“. თუმცა, მისივე შეფასებით, „ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული“.

„თუ მისი [რუსეთის] მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია. მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევნის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას. მოითხოვს დეოკუპაციას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა გვჭირდება და „ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მით უმეტეს – [არც] გარიგებას“.

პრეზიდენტი საოკუპაციო ზოლზე ახალი მავთულხლართების გავლების საკითხსაც შეეხო და თქვა: „როცა ვიცით, რომ მავთულხლართების ყოველი გადმოწევა და ყოველი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზზე მიზნად ისახავს ჩვენს გამოწვევას, არ შეიძლება, ოკუპაციის საკითხი გამოყენებული იყოს ვიწრო, შიდა პოლიტიკურ არენაზე. არ შეიძლება, ერთმანეთს ბრალს ვდებდეთ არასათანადო რეაგირებაში“. „დაუშვებელია, ოკუპაციის თემა გახდეს პოლიტიკური სპეკულირებისა და ნიშნის მოგების საგანი“, – მიმართა მან პოლიტიკოსებს. 

დემოკრატიის მნიშვნელობა და ქართული საზოგადოების ღირებულებითი გამოწვევები

ზურაბიშვილმა დემოკრატიის მნიშნველობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მას „გაფრთხილება“ და „ერთიანობა“ სჭირდება. მისივე შეფასებით, დღეს დემოკრატიის მთავარი მტერი პოლარიზაციაა, „რომელიც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს“. ამ კონტექსტში მან ოპოზიციაც გააკრიტიკა და თქვა, რომ იმის ნაცვლად, რომ „ახლახან შემოღებული საპარლამენტო სისტემის უპირატესობა გამოვიყენოთ და ეს ადგილი მნიშვნელოვანი დებატების ადგილად ვაქციოთ“, „დღეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია“.

პრეზიდენტმა „ტრადიციულ ღირებულებებზეც“ ისაუბრა, რაც მისივე თქმით, „უძველეს ქართულ კულტურაზე დგას“ და იქვე სინანული გამოთქვა, რომ ქართველმა ერმა თითქოს დაივიწყა „რა არის კულტურა სინამდვილეში“.

„ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას, შეთქმულების თეორიებს თუ სიძულვილის ენას, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უჩვეულო მოვლენას – ძალადობას ქალთა მიმართ“, – თქვა პრესიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ „რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობებიც“, სწორედ ასეთი გაუცხოების შედეგია.

სასამართლო სისტემა

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი სასამართლო სისტემის რეფორმასაც შეეხო და თქვა, რომ „პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად“, ამ მიმართლებით „პროგრესი უდავოა“.

„ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან მიმართვიანობა, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთადერთ თუ არა ერთ-ერთ ობიექტურ კრიტერიუმს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქართული ჯარი

პრეზიდენტმა საკუთარ სიტყვაში ქართულ ჯარზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ ეს უკანასკნელია „სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენი“. „საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ“.

საარჩევნო რეფორმა და პოლიტიკური დაპირისპირება

სიტყვის დასასრულს, პრეზიდენტი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ მიმდინარე კონსულტაციებსაც შეეხო და დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, – რათა არ შეწყდეს დიალოგი. თუ ამის საჭიროება დადგება, ეს წინადადება ძალაშია. დღეს იმედიანად ვარ, რამეთუ ბოლო დღეებში პოლიტიკური შეთანხმებისკენ ნაბიჯები იდგმება. თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“, – განმარტა მანვე.

ზურაბიშვილმა იქვე განმარტა, რომ „ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში“.

ზურაბიშვილის შეფასებით, „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვაობა“ და „მწვავე ოპონირება ბუნებრივი მოვლენაა“, თუმცა, მისივე განმარტებით, როდესაც „ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, მისი ტერიტორიის 20 %-ი კი ოკუპირებულია, მეტი სიფრთხილე გვმართებს“. „არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს კრიზისი ან დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პოლიტიკური შეფასებები და საპროტესტო აქცია

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დღეს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ ესწრებოდა, მათ ზურაბიშვილის მოხსენება წინასწარ ჟურნალისტებთან შეაფასეს და ბოიკოტის მიზეზები განმარტეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას თქმით, ზურაბიშვილს ოპოზიციაში „იმდენად ბუტაფორიულ ფიგურად“ აღიქვამენ, რომ დღეს პარლამენტში მისი მოსვლის გამო, საპროტესტო ღონისძიებაც კი არ დაგეგმეს. მანვე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს არჩევნებში არ გაუმარჯვია და მას „სკამი“ ბიძინა ივანიშვილმა უყიდა. „ასე რომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს“, – განმარტა ბოკუჩავამ.

ზურაბიშვილი რომ ოპოზიციისთვის საინტერესო არ არის, ეს ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმაც გაიმეორა. „[ჩვენ] მასთან არ გვაქვს სერიოზული შეკითხვები, იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივი ბუტაფორიაა. ეს ადგილი ივანიშვილმა უყიდა და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, – უთხრა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს.

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, იქამდე, ვიდრე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არ გადაწყდება ისინი, საპარლამენტო ცხოვრებაში არ მონაწილეობენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების ერთ-ერთი წევრის კობა ნარჩემაშვილის განმარტებით კი, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის ანგარიში „უკიდურესად ფორმალიზებული“ და „პოლიტიკურ შინაარსს მოკლებულია“, ფრაქციაში გადაწყდა, რომ ისინი პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებოდნენ.

„საზოგადოებაში და არა მარტო პოლიტიკოსებში, დაგროვილია ძალიან ბევრი კითხვა პრეზიდენტთან მიმართებით, განსაკუთრებით სკანდალურ შეწყალებასთან, მოქალაქეობის საკითხების მინიჭებასთან დაკავშირებით და ასეთ რეჟიმში ჩვენ უბრალოდ არ ვართ პოლიტიკური სამშვენისი, რომ დავამშვენოთ პარლამენტის სხდომათა დარბაზი და შევქმნათ იმის შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტს ერთგვარი საპროტესტო პერფორმანსით დახვდნენ სამოქალაქო მოძრაობა – გაბედეს, სირცხვილიასა და შეცვალეს აქტივისტები. მათ იმის საილუსტრაციოდ, რომ პრეზიდენტი რეალურად ანგარიშს არა ხალხს, არამედ ბიძინა ივანიშვილის აბარებს, ფრანგული ფილმიდან – „სათამაშო – კომპოზიცია გააჟღერეს და თქვეს, რომ ზურაბიშვილიც ფრანგული ფილმის პერსონაჟის მსგავსად, თოჯინაა, რომელიც ივანიშვილმა იყიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button